პარასკევი, მარტი 21, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და პროგრესის პერსპექტივებს სამეცნიერო ფორუმი მიეძღვნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიების გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“ გაიმართა, რომლის მუშაობა ორი დღის განმავლობაში ორ პანელად წარიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ს ცნობით, სამეცნიერო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევითმა ლაბორატორიულმა კომპლექსმა უმასპინძლა, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა.

ვიცე-რექტორი სამეცნიერო ღონისძიების მონაწილე მეცნიერ-მკვლევრებსა და სტუდენტებს მიესალმა და ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარ ლომინაძის განცხადებით, მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები იკვეთება, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება.

„დიდი პატივია გავხსნა სამეცნიერო ფორუმი – „ტექნოლოგიური გამოწვევები და პროგრესის პერსპექტივები – 2025“, რომლის მონაწილენი არიან ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, ახალგაზრდა მკვლევრები, რომლებიც განაპირობებენ მომავლის ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. მივესალმები სტუდენტებს – სამომავლოდ, ისინი წარმატებით დასაქმდებიან და გააგრძელებენ კვლევებს აღნიშნულ სფეროში. ჩვენი შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან განვიხილავთ ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მომავალს ჩვენს ქვეყანაში და ამასთან ერთად, ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას.

ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვდგავართ გზაჯვარედინზე, სადაც ინოვაციებს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. გამოწვევები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, არა მხოლოდ მეცნიერ-მკვლევართა ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენას მოითხოვს, არამედ ეთიკურ მიდგომასაც. სწორედ მსგავს ფორუმებზე აკადემიური თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური პროგრესის უსაზღვრო შესაძლებლობები ნათლად იკვეთება, აღმოჩენებისთვის, მდგრადი გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური განვითარებისათვის კი ნიადაგი მზადდება. ეს ღონისძიება არა აკადემიური და სამეცნიერო დისკუსიის პლატფორმაა, არამედ ეს ჩვენი ერთობლივი სწრაფვაა კვლევითი კოლაბორაციის განვითარებისთვის. კვლევები კი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ციფრული სამყაროს უკეთ შემეცნებას, არამედ, დარწმუნებული ვართ, გავლენას მოახდენს ინდუსტრიებსა და საზოგადოებაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ფორუმის მონაწილე მეცნიერებს, ღონისძიების ორგანიზატორს – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მხარდამჭერებს – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტს, კომპანიებს – Tbilisi AI LAB-ს, Cyber Trust-ს, Impel-ს, Helio.Ai-ს – ღონისძიების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო ფორუმს და მის მონაწილეებს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ექსპერტი ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკითხებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, ბრანდერბურგის ვილდაუს უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხაილ მიულერი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.

როგორც დეკანმა აღნიშნა, ფორუმის ორდღიანი პროგრამა ორ მნიშვნელოვან პანელს მოიცავს, სადაც სიღრმისეული განხილვები გაიმართება, ისეთ აქტუალურ ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პერსპექტივებზე, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება და კიბერუსაფრთხოება.

„ტექნოლოგიების ხანაში, სადაც მონაცემები და ციფრული გადაწყვეტები ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო მმართველობის მთავარი საფუძველია, მსგავსი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება საუნივერსიტეტო სივრცეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ორი დღის განმავლობაში სამეცნიერო ღონისძიება გააერთიანებს მეცნიერებს, ახალგაზრდა მკვლევრებს, ექსპერტებს, სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს. გაიმართება საინტერესო მოხსენებები და პრეზენტაციები, ვიმსჯელებთ თეორიულ მიღწევებსა და ამ მიღწევების პრაქტიკულ გამოყენებაზე, სტუდენტებთან ერთად, ჩავერთვებით დინამიკურ საუბრებში, რომლებიც გაამდიდრებს ჩვენს ხედვებს და ბიძგს მისცემს ახალი მიმართულებების განვითარებას. ჩვენი სტუდენტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეები კი წარადგენენ თავიანთ პროექტებს და ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა თალიკო ჟვანიამ.

სტუ-ს ინფორმაციით, სამეცნიერო ფორუმის პირველ დღეს, პირველი პანელის ფარგლებში, მოხსენებით წარდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია – თემით: „ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამოწვევები“; პროფესორი მიხაილ მიულერი – თემით: „ციფრული ტრანსფორმაცია და ინდუსტრიის გამოწვევები გერმანიის მაგალითზე“; სტუ-ს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი – თემით: „მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი“; ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი, სტუ-ს დოქტორანტი გიორგი იაშვილი – თემით: „კრიპტოგრაფია კრიზისში: უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვანტურ სამყაროში“; სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარიამ ჩხაიძე – თემით: „ხელოვნური ინტელექტის როლი კიბერუსაფრთხოებასა და ციფრულ განათლებაში“; კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და მკვლევარი, სტუ-ს ასისტენტ-პროფესორი, დოქტორი ავთანდილ ბიჩნიგაური – თემით: „კიბერუსაფრთხოების ტენდენციები საქართველოში“.

მათივე ცნობით, სამეცნიერო ღონისძიების მეორე დღეს, მეორე პანელის ფარგლებში, მოხსენებები გააკეთეს Helio.Ai-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა ნათია ქუხილავამ – თემაზე: „რეკრუტინგი AI-ის ეპოქაში – როგორ იცვლება კანდიდატების შერჩევა“; Impel-ის ღრმა სწავლების უფროსმა მკვლევარმა რაფაელ კალანდაძემ – თემაზე: “ქართული ხელოვნური ინტელექტი: მცირე რესურსიანი ენის გამოწვევები და მოქმედების გეგმა”; კვლევითი ორგანიზაცია Tbilisi AI Lab-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა თათია წმინდაშვილმა – თემაზე: „LLM-ების გამოყენება ასისტენტებად – პრობლემები, გადაწყვეტები და მიდგომები“; ბლოკჩეინ უსაფრთხოების მკვლევარმა გიორგი მუშკუდიანმა – თემაზე: „ბლოკჩეინის უსაფრთხოება“; სტუ-ს დოქტორანტმა და მოწვეულმა პედაგოგმა გიორგი ფაცაციამ – თემაზე: „ბლოკჩეინის გამოყენება ღვინის ინდუსტრიაში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“სასწაულები ხდება…” – მარიამს, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია

ეს გოგონა მთელმა საქართველომ გაიცნო სოციალურ ქსელში ცნობილი ქველმოქმედის, დანტესი ფოტოგრაფის მეშვეობით. დანტესი და ექიმი მედეა იობაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ 16 წლის მარიამ კოხრეიძისთვის, რომელიც ხუთშვილიანი ოჯახიდანაა, მამა გარდაცვლილი ჰყავს და გარდა იმისა, რომ საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობს, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაც ჰქონდა. საზოგადოების დახმარებით, თანხა შეგროვდა, მარიამი თურქეთში წაიყვანეს.როგორც დღეს დანტესი და მედეა იობაშვილი იუწყებიან, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება.აღსანიშნავია ისიც, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას."სასწაულები ხდება, მეგობრებო. დღეს ყველანი ერთად გავხდით ამ სასწაულის მომსწრე... სრული ტრანსფორმაცია... შოკში ვართ ყველა... უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ვინც გვერდით გვედექით ამ რთულ პერიოდში..." - ამბობს დანტესი.

დონალდ ტრამპი – ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე ხელს მოაწერს შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ.„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ძალიან მალე ხელს მოვაწერთ შეთანხმებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ, რომლებსაც უზარმაზარი ღირებულება აქვს. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – განაცხადა ტრამპმა.ამერიკის პრეზიდენტმა ოპტიმიზმი გამოხატა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებითაც.„როგორც იცით, გუშინ ვესაუბრეთ პრეზიდენტ პუტინს და პრეზიდენტ ზელენსკის. გვსურს ამ კონფლიქტის დასრულების ხილვა. ვფიქრობ, ამ მხრივ საკმაოდ კარგად მივდივართ. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ. ვნახოთ, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე ერევანში საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.მატჩს, პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები დაესწრნენ.პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მატჩის შემდეგ, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა.საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის მეორე შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

თეთრი სახლის პრესმდივანი – დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა.ლივიტის თქმით, ტრამპი „სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და „ცაჰალს“, ასევე ქმედებებს, რომლებიც მათ ბოლო დღეებში განახორციელეს“.„პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ განუმარტა „ჰამასს“, რომ თუ ისინი არ გაათავისუფლებდნენ ყველა მძევალს, ამისთვის მოუწევდათ საფასურის გადახდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის „ჰამასის“ ბრალი 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის გამო.ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ისრაელმა ღაზაზე დარტყმები განაახლა, რითაც 19 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმეა დაირღვა.

ვილი სანიოლის პირველი კომენტარი სომხეთთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან დამაჯერებლად მოგებული (3:0) მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა და განაცხადა, რომ საპასუხო მატჩამდე არაფერია გარკვეული.„რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილის ტრავმას, როგორც ვიცი, სერიოზული და მძიმე დაზიანება არ არის. თუმცა, არა მგონია, საპასუხო მატჩში მონაწილეობა მიიღოს. ლუკა ბოლო დროს იტალიაში კარგად თამაშობს და დღესაც კმაყოფილი ვარ მისი გამოსვლით. ჩვენ მომავალშიც მისი დიდი იმედი გვაქვს.გავაანალიზეთ სომხეთის თამაში და მივხვდით, რომ მიქაუტაძეს შეტევებისთვის დიდი სივრცეები ექნებოდა. სასიხარულოა, რომ გიორგიმ შანსებით ისარგებლა და წარმატებული თამაში ჩაატარა.დღეს აქცენტი იმაზე გავაკეთეთ, რომ უშეცდომოდ გვეთამაშა და საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა, ეს ჩვენს გუნდს თავდაჯერებას მატებს.იქიდან გამომდინარე, რომ კაშია დისკვალიფიცირებული იყო, შემადგენლობის უნდა გადაგვეხალისებინა. დაცვით კმაყოფილი ვარ, ლოჩოშვილმა და გოგლიჩიძემ დამაჯერებლად ითამაშეს“.საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირების გამარჯვებული უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში ითამაშებს. 23 მარტს საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები