ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკებსა და პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას ამიერიდან კომპანია „აუტოტესტ გეორგიაში“ შეძლებენ.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „აუტოტესტ გეორგიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა და კომპანიის დირექტორმა დავით მესხიშვილმა მოაწერეს ხელი.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა განაცხადა, მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ერთობლივი სტაჟირების პროგრამების ამოქმედებას, რაც შესაძლებელს გახდის ახალგაზრდების ეფექტიანად დახელოვნებას და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

თამარ წერეთლის განცხადებით, თანამშრომლობით დაინტერესება ორმხრივია, შესაბამისად, მხარეები ერთობლივად იზრუნებენ სტუდენტთა კარიერული განვითარების, სამეცნიერო, პედაგოგიური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების შემუშავების მიმართულებით. ვიცე-რექტორის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას.

„ამ მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვანი ფაქტორია აკადემიური საზოგადოებისა და ავტოინდუსტრიის სფეროს მჭიდრო პარტნიორობისთვის. „აუტოტესტ გეორგია“, რომელიც საქართველოში გერმანული ინვესტიციით განხორციელებული ერთ-ერთი პირველი პროექტია, ყველა კატეგორიის ავტომობილს გერმანული MAHA-ს დანადგარების საშუალებით უტარებს ტექნიკურ ინსპექტირებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიის გენერალური დირექტორი, დავით მესხიშვილი ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

კომპანიასთან თანამშრომლობით ჩვენს სტუდენტებს ექმნებათ კარგი შესაძლებლობა, გამოიყენონ უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში. ეს პარტნიორობა არა მხოლოდ განავითარებს ახალგაზრდების უნარ-ჩვევებს, არამედ ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ კარიერულ განვითარებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, კომპანიასთან პარტნიორობით განახორციელოს ერთობლივი სტაჟირების პროგრამები, სპეციალიზებული ტრენინგები და კვლევითი ინიციატივები, რომლებიც როგორც სტუდენტებისთვის, ისე მთლიანად საავტომობილო სექტორისთვის, სარგებლის მომტანი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება აქტუალურია საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ამ დარგის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, მსგავსი მემორანდუმებით ჩამოვაყალიბებთ მყარ სამეცნიერო, პედაგოგიურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას, რაც უზრუნველყოფს, არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ჩვენი სტუდენტების მომზადებას დარგში მომავალი ლიდერობისთვის, ასევე, ხელს შევუწყობთ საავტომობილო დარგის განვითარებას სტანდარტების ამაღლებითა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.

„აუტოტესტ გეორგიას“ დირექტორის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, რომელიც განათლების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა, აქვს მაღალი საერთაშორისო რეპუტაცია და ინტელექტუალური რესურსი, შესაბამისად, მასთან თანამშრომლობა ახალი კონცეფციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, საავტომობილო ინდუსტრიაში მომუშავე ორგანიზაციებისა და ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

როგორც დავით მესხიშვილმა აღნიშნა, ბიზნესი აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს უნივერსიტეტთან, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობის მომზადების მიმართულებით.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები, კომპეტენციისა და საერთო ინტერესების ფარგლებში, ასევე, იზრუნებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის განვითარების, საწარმოო ბაზის სრულყოფის და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განვითარების კუთხით.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია „აუტოტესტ გეორგიას“ დამფუძნებლები დავით ჩიქოვანი და რევაზ კლდიაშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.„რუსეთმა მასიურად გაზარდა თავისი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობები. ეს ინვესტიცია აძლიერებს მის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამზადებს მას ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

დავით მათიკაშვილი: რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს

რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკისადმი გამკაცრებულ მიდგომებზე და ამ საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას.„ოპოზიციას არაფერი მოსწონს, რაც საზოგადოებისთვის არის კარგი. რადიკალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს. თუკი ისინი არ არიან ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია საქართველო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა.FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს კომპანიას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა.

თეთრი სახლი – ტრამპმა და პუტინმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე, – ამის შესახებ აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადების მიხედვით, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში.„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

“უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, იმედებს არ გავუცრუებთ”

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ… ასევე ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე,” - განაცხადა შოლცმა. სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გერმანიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა “შეიძლება იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი”, მაგრამ “შემდეგი ნაბიჯი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად”.

ბოლო სიახლეები