პარასკევი, თებერვალი 21, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში, „გაყიდვების ლაბორატორია“ ამოქმედდება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, Erasmus+ საგრანტო პროექტის – „LISS24 – ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, ე.წ. გაყიდვების ლაბორატორია (Sales Lab) ამოქმედდება. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ლაბორატორიის გახსნამდე, მოსამზადებელ პერიოდში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ ვიენერ ნოირშტადტის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია) „გაყიდვების ლაბორატორიის“ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და მუშაობის პრინციპის გაცნობის მიზნით ჩატარებულ სასწავლო ტურიში მიიღო მონაწილეობა.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, სასწავლო ვიზიტის მიზანს პროექტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული „გაყიდვების ლაბორატორიის” მუშაობის, პრინციპებისა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენების გაცნობა წარმოადგენდა.

„აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უკვე შეძენელია თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობები. ამჟამად კი, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პირველ სასწავლო კორპუსში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს ლაბორატორიის სამუშაო სივრცის სარემონტო სამუშაოები. ლაბორატორია ხელს შეუწყობს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისთვის, პროდუქციის, ე.წ. „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას, B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებით. LISS24 პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგებისა და სწავლების სხვა მეთოდებით შესაბამისი აკადემიური პერსონალის გადამზადება, სერვისებისა და პროცესების განვითარება, სასწავლო კურსების დანერგვა და განათლებაზე ორიენტირებული „გაყიდვების ლაბორატორიის“ – Sales Lab-ის ჩართვა რეალურ სწავლებაში. კერძოდ, იგეგმება ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური გაყიდვების გამოცდილების ჩართვა სწავლებაში, როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ გაყიდვების გზით. გარდა ამისა, ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩატარდება ე.წ. „გაყიდვების სტუდენტური შეჯიბრება“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. საბოლო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს ბენეფიციარ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო და ინოვაციური კომპეტენციების განვითარებისთვის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას“, – ამბობს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ინფორმაციით, მსგავსი ლაბორატორია საქართველოში პირველია და სტუდენტების ჩართულობით, ის ხელს შეუწყობს ბიზნესსექტორისა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. ლაბორატორია იძლევა შესაძლებლობას, ბიზნესსექტორს შესთავაზოს სხვადასხვა კვლევები მათი გაყიდვების შესაძლებლობების სტიმულირებისა და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად.

ცნობისათვის, „LISS24 – ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (Learn – Innovate – Sell – Succeed) დაფინანსებულია ევროკავშირის „ერაზმუს+“ პროგრამის KA102 აქტივობის ფარგლებში და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისი, ხოლო პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება და პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებები ხორციელდება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, რაც სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთათვის პროფესიული ზრდის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. პროექტი 2026 წელს დასრულდება. პროექტის კოორდინატორია ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ფინეთი). პროექტის კონსორციუმის წევრები არიან: უნივერსიტეტები და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან სომხეთიდან და საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროექტის ეროვნული კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი კი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

გთხოვთ გავავრცელოთ, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

ბათუმში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,ეძებენ ახალგაზრდას, იაკობი ჰქვია. სავარაუდოდ, ისეა ჩაცმული, როგორც ფოტოზე. 20 საათზე მეტია, რაც სახლიდან გავიდა, გათიშული აქვს ნომერი, ვერავინ უკავშირდება, ვერც ოჯახის წევრები. არ მისულა არც მშობლის სახლში და არც დასთან. არ გამოცხადებულა გამოცდაზე. ბოლოს იყო ვარკეთილის ტერიტორიაზე. გთხოვთ, თუ სადმე შენიშნეთ, დარეკეთ: 568771848“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს, მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებას. 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამფუძნებელი აქტი, რომელმაც დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საფუძველი შექმნა. გილოცავთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეს! ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ერთობას და წინსვლას“, – წერს ყაველაშვილი.  

ბოლო სიახლეები