ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ დაარსების დღე აღინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ გახსნა.

როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 64 წლის წინ დაფუძნდა. ჩამოყალიბების პროცესში, ინსტიტუტში გაერთიანდნენ ქართველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები – მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ბიოლოგები, ქიმიკოსები, მედიკოსები – რომელთაც შესამჩნევი წვლილი შეიტანეს ინსტიტუტის მძლავრ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „ტალღას“, ზაზა სოფრომაძის თქმით, ის 42 წლის წინ დაფუძნდა და მრავალმხრივ სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს. ინსტიტუტის ძირითად მიმართულებებად განიხილება: პარამაგნიტურ მდგომარეობაში მყოფი ძლიერად ანიზოტროპული მასალის მაგნიტური რელაქსაციის კვლევა, ნულოვანი და სუსტი გარეშე მაგნიტური მუდმივი ველის პირობებში; ასევე, ზოგიერთი შენადნობის – სხვადასხვა ნივთიერებებით ლეგირებული მასალების – ფიზიკო, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა და ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე უკვე მესამედ აღინიშნება. წელიწადში ერთხელ მეცნიერები გვიზიარებენ კვლევების შედეგებს, წარმატებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციას. ამ ორ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, დაარსებიდან დღემდე, მრავალი პერსპექტიული მეცნიერი აღიზარდა. სასიხარულოა, რომ, დღეს, ვლადიმერ ჭავჭანიძისა და სხვა სახელოვან მეცნიერთა მიერ გაკვალულ გზას ღირსეულად აგრძელებენ მათი აღზრდილი მეცნიერები, რომლებიც, თავის მხრივ, ახალგაზრდა მკვლევრებს ზრდიან. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ინსტიტუტებმა მიიზიდონ მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და უნივერსიტეტს ასახელებენ. წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში ზაზა სოფრომაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერმა და სტუმრებმა დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები, რომლებიც ერთ სივრცეშია განთავსებული.

ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორმა, პროფესორმა მედეა ბურჯანაძემ და ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა თამაზ სულაბერიძემ, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ზურაბ ქადაგიძე რუსეთში ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელ ქართულ ბიზნესზე: რა განსხვავებაა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი, ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით,...

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის განმახორციელებელი იმ ქართული კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც პარალელურად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, სოციალურ ქსელში აფასებს და მათ "80-იანი წლების სპეკულანტებს" უწოდებს. ქადაგიძის თქმით, ე.წ. მეამბოხე ბიზნესსა და ელენე ხოშტარიას შორის განსხვავება არ არსებობს, ვინაიდან, ისინი ერთი მხრივ წარმოაჩენენ, თითქოს, ყველაფერ რუსულს ებრძვიან, მეორე მხრივ კი, "კისრამდე არიან ჩაფლული რუბლებში." "80-იანი წლების "სპეკულანტები" არიან, არაფერი აქვთ საერთო, პატიოსან ბიზნესთან. ამათაც ისე არ ეცოდინებათ, საკუთარი პროდუქცია, როგორ მოხვდა რუსულ ბაზარზე, როგორც ჭყონიას. რუსულ ბაზარზე, რომ პროდუქცია შეიტანო, მინიმუმ ორი(განსაკუთრებული) აუცილებელი დოკუმენტია საჭირო : 1• წარმომავლობის დამადასტურებელი. 2 • ხარისხის დამადასტურებელი. ორივე დოკუმენტს ადგილზე, საწარმო გასცემს. ანუ - როგორც ჩვენებურმა ელტონ ჯონმა არ იცის, საიდან მოხვდა ქართული "კოკა-კოლა" რუსულ ბაზარზე, ისე არ იციან სხვა დანარჩენებმაც! რა განსხვავებაა ლяკა ხოშტარიასა და ე.წ. მეამბოხე ბიზნესმენებს შორის? არანაირი - ერთი ხელით ვითომ ყველაფერ რუსულს ებრძვიან და მეორით, კისრამდე არიან ჩაფლულები რუბლებში. მოკლედ, ვანო მერაბიშვილის თქმისა არ იყოს, ფულს სუნი არ უდისო, მაგრამ სინდისი, როცა გიყროლდება, იმას არაფერი შველის!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტი დროებით დაიხურა

მოსკოვში და მახლობლად 5 აეროპორტი დაიხურა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო (როსავიაცია) ავრცელებს. განცხადების თანახმად, "ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" მოსკოვსა და მახლობლად მდებარე 5 აეროპორტში დროებით არ ხდება რეისების გაფრენა და მიღება. შეზღუდვები შეეხო: შერემეტიევოს აეროპორტს, დომოდედოვოს აეროპორტს, ვნუკოვოს აეროპორტს, ჟუკოვსკის აეროპორტსა და კალუგას აეროპორტს. "სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დროებითი შეზღუდვებია შემოღებული შერემეტიევოს, დომოდედოვოს, ვნუკოვოს, ჟუკოვსკისა და კალუგას აეროპორტების მუშაობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველი გიორგი ლელაშვილი საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი 42 წლის გიორგი ლელაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს პატივი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მიაგეს. დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრნენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა. იგი მეხანძრე-მაშველად 12 წელი მუშაობდა და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.    

სუს: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ევრონიუსის“ ცნობით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა. წყაროს ცნობით, რაკეტა გაუშვეს გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს. ის აფეთქდა თვითმფრინავის მახლობლად და ნამსხვრევები ლაინერს მოხვდა. „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ ლაინერს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნებართვა არ მისცეს მიუხედავად იმისა, რომ მფრინავები ავარიული დაშვების ნებართვას ითხოვდნენ. ეკიპაჟი კასპიის ზღვის გაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გადაამისამართეს. არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო. ამასთან, აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, რაკეტა „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს. რუსული წყაროების თანახმად, ჩეჩნეთის ტერიტორიის თავზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ლაინერის ფრენის დროს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდნენ.

ბოლო სიახლეები