საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტის კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მითივე ცნობით, ექსპოზიციაში პირველკურსელი სტუდენტის 50-ზე მეტი ნამუშევარი – ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატიურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო წარმოდგენილი.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ნინო იმნაძე აღნიშნავს, კონსტანტინე კაკაშვილის პერსონალური გამოფენა უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირისა და ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.
„ორიგინალური ნახატები ხალასი, ნათელი ფერებით და ინდივიდუალური შესრულების ტექნიკით, – ასე შეიძლება შევაფასოთ კონსტანტინე კაკაშვილის შემოქმედება. ნამუშევრები გამოირჩევა იდეების მრავალფეროვანი გადაწყვეტით, კომპოზიციური ფორმით, რომლებიც მკვეთრად ორიგინალური, ინდივიდუალური და მხატვრული პროფესიული უნარ-ჩვევებითაა შესრულებული. იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სტუდენტის შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. ტექნოლოგიებმა, ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა ჩაახშოს ჩვენი შემოქმედებითი აზროვნება. სწორედ ამ ნიშნითაა კონსტანტინეს შემოქმედება განსაკუთრებული – ის აზროვნებს, ხატავს ხელით და გვთავაზობს საინტერესო თემატიკას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტს”, – აცხადებს ნინო იმნაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, კონსტანტინე კაკაშვილის ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს ფაკულტეტის დეკანმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა – ცნობილმა მხატვრებმა და გალერისტებმა.