საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა, დოქტორანტებისთვის, პოსტდოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა.
როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და სამომავლოდაც შეიტანს „ჰორიზონტი ევროპის“ განვითარებაში და ამ პროცესისგან თავადაც დიდ სარგებელს მიიღებს.
„ისეთი მნიშვნელოვანი ფონდი, როგორიც „ჰორიზონტი ევროპაა“ მორიგ შეხვედრას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ატარებს, რომელიც ნამდვილად არის ინსტიტუცია, სადაც სერიოზული სამეცნიერო პროდუქცია იქმნება და მნიშვნელოვანი წვლილი მეცნიერების განვითარებაში შეაქვს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში პარტნიორების მოძიება არ უჭირს, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მეცნიერ-მკვლევრები საინტერესო, მნიშვნელოვან და ღირებულ კვლევებს ატარებენ ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებთან კოლაბორაციაში. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ჩინეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტებთან. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თავმოყრილია ინოვაციური იდეების, გამოგონებების დიდი რაოდენობა, რასაც რეალიზაცია, ინოვაციური პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა სჭირდება. შესაბამისად, „ჰორიზონტ ევროპა“ და ზოგადად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოლაბორაცია, ამ მიმართულებით განვითარების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და „ჰორიზონტი ევროპა“ არაერთ საინტერესო საგრანტო კონკურსს გვთავაზობს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრებს დააინტერესებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სწორად და ზუსტად ახორციელებს სამეცნიერო პოლიტიკას უნივერსიტეტში, იმ საუნივერსიტეტო დიპლომატიას, რომელსაც ეფუძნება „ჰორიზონტი ევროპის“ პოლიტიკა და ფილოსოფია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომელთაც უნივერსიტეტი განვითარების ყველა შესაძლებლობას აძლევს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ქეთევან ქოქრაშვილი, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ლევან ხეცურიანი, „ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ ეროვნული საკონტაქტო პირი, ეკატერინე სანაია, „მარია სკლოდოვსკა კიურის (MSCA) შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ პროგრამების ეროვნული საკონტაქტო პირი, თეონა მაისურაძე, „ერა ფელოუშიფი (ERA Fellowships) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის“ გაფართოების ეროვნული საკონტაქტო პირი, ნინო როდონაია, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის ეროვნული კორესპონდენტი საქართველოში, ნანა გაბიტაშვილი.