შაბათი, დეკემბერი 21, 2024

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, ქართველი მეცნიერ-ინჟინრები მომავლის ციკლური კოლაიდერის ფიზიკური პროგრამის განხორციელებაში ჩაერთვებიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი, უმნიშვნელოვანესი მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორმა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორმა ემანუელ თესმელისმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთგაგების მემორანდუმი #1 CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობის გაგრძელებას ეხება, მემორანდუმი #2 კი, CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

დავით გურგენიძის განცხადებით, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან ურთიერთგაგების ახალი მემორანდუმების ხელმოწერის საფუძველზე, CERN-ის სამომავლო სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მისი მკვლევრებისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტებისთვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, CERN-თან სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავება საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობას მიიღებენ ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება და CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის – FCC-ის რეალიზების სამუშაოებში მონაწილეობა. მეორე დოკუმენტს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „საუკუნის მემორანდუმი“, რომელიც რეგიონში პირველად, სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფორმდება. დოკუმენტი ითვალისწინებს მომავლის, 100 კილომეტრი სიგრძის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სამუშაოები, მათ შორის, FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა; FCC-თვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ამაჩქარებლის და უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ყველა ამ სამუშაოში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი, ამ ინსტიტუტის დირექტორის, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, პროფესორ ზვიად წამალაიძის ხელმძღვანელობით. ისინი ამ ეტაპზე FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ.

მეორე მემორანდუმის თანახმად, CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი მათგანის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ.

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ჩვენი მეცნიერებისთვის. სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის არსებული სამეცნიერო კოლაბორაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება. დღეს, სწორედ ამ მიზნით, ჩვენს უნივერსიტეტში იმყოფებიან ფიზიკოსები, მსოფლიოში სიცოცხლის შემეცნების ერთ-ერთი უმსხვილესი კოლაბორაციიდან – ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან. ამასთან ერთად, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, საქართველოში მე-5 დღეა მიმდინარეობს ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. ამ დიდებულ სამეცნიერო ფორუმში მსოფლიოს თვალსაჩინო მეცნიერები მონაწილეობენ და ახალგაზრდებს ფილოსოფიაში წამყვან იდეებს უზიარებენ. როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, მთელი კაცობრიობის არსი და შემეცნება ფიზიკა და ფილოსოფიაა. ამიტომ, გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მეცნიერების ზეიმია.

მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიმართულებით ქმედითი მხარდაჭერისთვის. და ბოლოს, ყველა მსგავსი დოკუმენტის ამოქმედება ახალგაზრდა თაობის მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

CERN-თან ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის უფროსი მრჩეველი, პროფესორი ქრისტოფ შაფერი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტს შეადგენს. 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 90 მძიმედ და 80-ზე მეტი მსუბუქად დაშავდა. 20 დეკემბერს საღამოს, საქსონია-ანჰალტის დედაქალაქის საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა. დანაშაულის მოტივი უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდასხმა განხორციელდა მარტოხელა თავდამსხმელის მიერ. 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს საქსონია-ანჰალტში ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა

კახა კახიშვილი: საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი, ამ ფონზე, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება გაუგებარი და აუხსნელია

საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია, - წერს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში. როგორც ის აღნიშნავს, არსებობს კითხვა, ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს, გარდა ამისა, ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის, შესაბამისი ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას. "წლებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ისა და პროკურატურის ხელშეწყობით ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს, საქართველოში კონტრტერორისტული საქმიანობისა და სხვადასხვა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ბევრი წარმატებული ღონისძიება აქვთ განხორციელებული. საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია. იბადება სამართლიანი კითხვა - ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს ?! ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას?! იმედს ვიტოვებ, რომ ნერვებსა და ემოციებს აყოლილი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიან ბაიდენის ადმინისტრაციის წაგებასა და ტრამპის მოსვლას, მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას პირად კეთილდღეობაზე წინ დააყენებენ. ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროპის პოლიტიკა რომ ყოფილიყო თანმიმდევრული, მეტად გასაგები იქნებოდა მათი მხრიდან, თუნდაც ასეთი არასამართლიანი რეაგირება. მაშინ, როდესაც წლების მანძილზე ვერ იმჩნევდნენ აბსოლუტურად ვერც ერთ დანაშაულს, მათ შორის ახალგაზრდების ჩაცხრილვას, საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას, არაფერს ვამბობ აქციებზე ხალხის დარბევასა და მკვლელობაზე, დღეს ყველაფერზე ასეთი გაუგებარი, მწვავე რეაქციები იწვევს უსამართლობის განცდას და უფრო მეტად არწმუნებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ჩამოსაშლელად და ხელისუფლების შესაცვლელად, უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ღიად ჩართულები." - წერს კახა კახიშვილი.

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ აშშ-ის დამარცხებული ადმინისტრაცია ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და ხელისუფლებას

სამწუხაროა, რომ აშშ-ის დამარცხებული ადმინისტრაცია ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-ის სანქციები არასწორ დამოკიდებულებას აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ. „უპირველეს ყოვლისა, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციისა ქართველ ხალხზე. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს, რათა თავს დაესხას ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას. ეს არის მძიმე ლაქა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც შეეხებოდა უსაფრთხოების სისტემას, მათ შორის საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ განსაკუთრებული შექება საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემისა. ვის აქებენ იქ?! იქ აქებენ შსს-ს და მის მინისტრს. იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს. იქ აქებენ პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათ ეხებათ, მათი დამსახურებაა, რომ აშშ-ის უწყებები მადლობას გვიხდიან, რომ საქართველოში არცერთი ფაქტი არათუ ტერორიზმის არ დაფიქსირებულა, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა რეკრუტირებისა საქართველოს მოქალაქეებისა ტერორისტულ ორგანიზაციებთან თქვენ გახსოვთ, რა პრობლემები ჰქონდა წლების წინ საქართველოში ამ მიმართულებით და ზუსტად ამ ადამიანების, ვახტანგ გომელაურის და სხვების დამსახურებაა, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემო არის, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელი დიპლომატებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის სტუმარია. ამის ფონზე, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს, იმ გვერდში დგომას, რაც ქართველმა ხალხმა დავანახეთ აშშ-ს, ამერიკელ ხალხს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის ინტერესს. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ადმინისტრაცია, რომელსაც მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა ამერიკელმა ხალხმა, ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართველ ხალხთან ურთიერთობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები ქართველ ხალხს ვერ დააზიანებს. „ეს გახლავთ სრულად აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება. ჩვენ ამაზე გავლენა არ გვაქვს. ვხედავთ, რომ ეს არის კიდევ ერთხელ თვითნებური გადაწყვეტილება ადმინისტრაციის, რაც აზიანებს ამ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანია, რომ იყო მათ შორის ეს რაღაც სავიზო შეზღუდვების, თუ სანქციების საკითხიც. ვხედავდით ჩვენ, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შიგნით, თუ გარეთ. ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა. საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის და რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს. ერთადერთი რასაც აზიანებს ასეთი გადაწყვეტილებები, ეს არის იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაცია, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები დამკვირვებლებად შეეგზავნათ, რაზეც 37 ორგანიზაცია ვამხილეთ

ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა, თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო დამკვირვებლებად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე, რაზეც, როგორც გახსოვთ, ჩვენი კვლევაც მიუთითებდა, რომლითაც რადიკალურ ოპოზიციასთან პირდაპირ დაკავშირებული 37 სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვამხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის თითქმის ორთვიანი ისტერიის ფონზე, ეუთო/ოდირის ანგარიშის მთავარი დამსახურება მაინც ის არის, რომ მან საბოლოოდ ამხილა ოპოზიციის ცრუ ბრალდებები, რომლითაც ისინი უკვე ორი თვეა, არჩევნების შედგების გაყალბებულად გამოცხადებას ცდილობდნენ. „სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა, შეგახენებთ, რომ უცხოელებთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე, მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო/ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს და ამით საბოლოო წერტილი დაუსვა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ვითომდა შეზღუდვის შესახებ სპეკულაციას. ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300 000 ხმის გაყალბების შესახებ, რომელიც მათი ვერსიით არსაიდან გაჩნდა და „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა. არც პირდაპირ და არც ირიბად ამ ანგარიშში რაიმე მსგავსი არც წერია და არც გამომდინარეობს. ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ ან ხმის მიცემისას, ან ხმის დათვლისას, ან ოქმის შედგენისას რაიმე გაყალბებას, მანიპულაციას თუ ე.წ. საარჩევნო კარუსელს ჰქონდა ადგილი. ამავე კონტექსტში, გაბათილდა კიდევ ერთი ყალბი ნარატივი, როდესაც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მოსახლეობის რაოდენობის და ცესკო-ს მიერ დადგენილი ამომრჩევლების რაოდენობის ურთიერთ დადარებით ცდილობდნენ ემტკიცებინათ, რომ მოხდა არარსებული ამომრჩევლის ბიულეტენების ჩაყრა და ამ მითიური 300 000 ხმის მიწერა. ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ ამომრჩევლების სიის სიზუსტესთან დაკავშირებით რაიმე კითხვები არ არსებობს. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეოების“ და სალომე ზურაბიშვილის ყალბი ბრალდება თითქოსდა რეგისტრაციის აპარატებში სიების დუბლირების და „ერთი პირადობის მოწმობით 17-ჯერ ხმის მიცემის“ შესახებ. სიების დუბლირება გამოირიცხა ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითაც და ეუთო/ოდირის ანგარიშითაც. განადგურდა კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ პარტიებთან და ზოგიერთ მათ მოკავშირე უცხოელ აქტორთან ერთად ავრცელებდა არჩევნებში თითქოსდა რუსეთის ჩარევის შესახებ. ეუთო/ოდირმა არათუ დაადგინა, მას ეჭვის დონეზეც კი არ აქვს გამოთქმული რაიმე ვარაუდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. ბოლო ხავსი, რომელსაც რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და სალომე ზურაბიშვილი არჩევნებიდან მეხუთე დღეს ჩაეჭიდნენ: საარჩევნო ბიულეტენზე მარკირების მეორე მხარეს გაჟონვა. შეგახსენებთ, რომ ამ საბაბით ისინი უბნების 90%-ის ბათილად ცნობას და ამით ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების ჩაშლას ცდილობდნენ. ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვებების 94% მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მათ მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა, მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა; ხაზს ვუსვამ, რომელსაც მხოლოდ „პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა“ და არა „რომლითაც ფარულობა დაირღვა“. ამასთან, ეუთო/ოდირი ფარულობის დარღვევის რისკის შემცველ მთავარ გარემოებებად აბსოლუტურად სხვა საკითხებს ასახელებს. ესენია: თავად ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის არასწორად განთავსება, უბანზე ხალხის დიდი რაოდენობა, უბნის შიდა პერიმეტრის მოწყობა და ა.შ. ასე, რომ მითი ბიულეტენის მონიშვნის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ერთი ანგარიშით დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, „ენჯეობის“, სალომე ზურაბიშვილის და მათი უცხოელი შემგულიანებლების ხუთი მთავარი ტყუილი, რომლითაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და მილიონზე მეტი ამომრჩევლისთვის ხმის წართმევას ცდილობდნენ. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ არაფერი ახალი ამ ხალხის ხელწერაში არ არის. 2012 წლის შემდეგ ეს უკვე მერვე არჩევნებია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საუბრობენ უპრეცედენტო გაყალბებებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციას საარჩევნო უბნებზე ჯამში 24 000 კომისიის წევრი ჰყავდა და ამდენივე წარმომადგენელი, საიდანაც მხოლოდ ცხრამ დააფიქსირა განსხვავებული აზრი საარჩევნო უბნის ოქმის შედგენისას. საუბრობენ უპრეცედნტო დარღვევებზე, ოღონდ იმ ფონზე, როდესაც საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობის – 25 000 – ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი იყო, შედეგად კი სულ 1200 საჩივარი დაიწერა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებისას საჩივრების რაოდენობა 2000-ზე მეტი იყო. საუბრობენ უპრეცედენტო ძალადობა, ოღონდ იმ ფონზე, როცა 3111 უბანზე ორ მილიონზე მეტი ამომრჩევლის პირობებში სახალხო დამცველის ანგარიშში სულ ძალადობის 13 ინციდენტი აღიწერა და ეუთო/ოდირმა ამას იზოლირებული შემთხვევები დაარქვა. სწორედ ამიტომ არის, რომ, როგორც წინა შვიდ შემთხვევაში, ახლაც რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოო ჯამში, მოუწევს ქართველი ხალხის ნების აღიარება და დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნება. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ამასობაში გადის ძვირფასი დრო და ფუჭად იხარჯება ჩვენი ხალხის ენერგია და ემოციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლას უნდა მოხმარდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ილონ მასკი გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება – შოლცი ახლავე უნდა გადადგეს, არაკომპეტენტური სულელი

ილონ მასკი სოციალური ქსელით გერმანიაში, მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. „შოლცი ახლავე უნდა გადადგეს, არაკომპეტენტური სულელი“, – წერს ილონ მასკი „იქსზე“. ცნობისთვის, გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი, ხოლო 80-მდე პირი დაშავდა.  

ბოლო სიახლეები