საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარდგება მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, პიანისტ სტუპელის მუსიკალური შესრულება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე (მე-3 სართული) გაიმართება.
სტუპელი წარმოადგენს ფრანგულ-გერმანულ პროგრამას რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებებით, კონცერტის დასასრულს კი, როგორც ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი და კონგრესის მონაწილე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრებს.
სტუ-ის ინფორმაციით, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს. მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა. ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ.
ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის მონაწილე, პროფესორი სტუპელი, რომელიც ბერლინში (გერმანია) დაფუძნებული ფრანგი პიანისტია, მუშაობს არა მხოლოდ ფრანგულ კულტურულ ინსტიტუციებთან მთელ მსოფლიოში, არამედ გერმანიის წარმომადგენლობებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ნუაკშოტში, მავრიტანიაში. მისი სურვილია, შექმნას კულტურული კავშირები და ამით წვლილი შეიტანოს კულტურულ დიპლომატიაში.
ვლადიმირ სტუპელი არის მკვეთრი ინდივიდუალიზმით, მდიდარი ტონალური და ემოციური პალიტრით გამორჩეული სოლისტი. მისი შესრულება ტექნიკურად სრულყოფილი, მომაჯადოებელი და დაუვიწყარია (გამოცემები: Washington Post, Der Tagesspiegel Berlin, Frankfurter Allgemeine Zeitung). აღსანიშნავია მისი როგორც მიწვეული სოლისტის თანამშრომლობა მსოფლიოს განთქმულ ორკესტრებთან, მათ შორის: Berlin Philharmonic Orchestra, the Konzerthaus Orchestra Berlin, the Gewandhaus Orchestra Leipzig, the Symphony Orchestra of the Bavarian Radio, the German Symphony Orchestra and the Radio Symphony Orchestra Berlin, the Staatskapelle Weimar, the Staatskapelle Mainz, and the Staatsphilharmonie Kassel; ამერიკის შეერთებულ შტატებში: Wheeling Symphony, Lancaster Symphony და Lake Placid Sinfonietta. სტუპელი თანამშრომლობს ცნობილ დირიჟორებთან, მათ შორის არიან: კრისტიან ტილემანი, მიხაილ იუროვსკი, ლეოპოლდ ჰაგერი, მარეკ იანოვსკი, სტეფან მალზეუ, პატრიკ რინგბორგი და სხვები. ბოლო წლებში სტუპელმა სახელი გაითქვა როგორც დირიჟორმა.
სტუპელი 2022 წელს დაჯილდოვდა ფრანგული ორდენით – Chevalier des Arts et des Lettres. ის ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორი და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეული პროფესორია; აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა ლუბეკის მუსიკის აკადემიაში (გერმანია), მოცარტის აკადემიაში (ფილადელფია), ნამურის კონსერვატორიაში (საფრანგეთი); სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრესტიჟული საერთაშორისო პრემია; არის მუსიკის არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსისა და ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.