ორშაბათი, მარტი 30, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტ ReINNOVA-ს ფარგლებში, საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში შემუშავებული ფინალური კონფერენცია ჩატარდა და საპილოტე სტუდენტური პროექტების პრეზენტაციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

კონფერენცია სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის იდეისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ ჩართვით მიესალმა პროექტის პარტნიორი კილის უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მეწარმეობის დირექტორი კოლინ რიგბი, რომელიც, ამავდროულად, პროექტ ReINNOVA-ს ექსპერტია. მან პროექტის მნიშვნელობასა და მსგავსი პროექტების მართვაში კილის უნივერსიტეტის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საუკეთესო ბრიტანული პრაქტიკის აპრობირებით, შესაძლებელი გახდეს ბიზნესთან თანამშრომლობის გააქტიურება და ინოვაციური პლატფორმის გამოყენებით, ბიზნესებთან თანამშრომლობის პრაქტიკა სტიმულირდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ამ მეთოდიკის ინსტიტუციონალიზაცია მდგრადი მიზნებისთვის“, – აღნიშნა კოლინ რიგბიმ.

კონფერენცია სტუდენტების მიერ ReINNOVA-ს კონცეფციის გათვალისწინებით მომზადებული საპილოტე პროექტების პრეზენტაციებით გაგრძელდა. საპილოტე პროექტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიზნესორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავდა.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ბორის გითოლენდიამ აღნიშნა, ReINNOVA-ს ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტი-ივნისის პერიოდში, „ინოვაციების მრჩევლების“ მენტორობით, ექვსმა სტუდენტურმა გუნდმა ბიზნესკომპანიების მიერ დასმული ამოცანების ინოვაციურ გადაწყვეტაზე იმუშავა და შედეგად, საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად, ექვს სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ექვსი განსხვავებული პროექტი მოამზადა.

სტუ-ის სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „მშენებელი 80“-ის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი – „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის რეზერვუარების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება“, რომელიც კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი თურმანიძისა და მენტორის, ნინო ბახტაძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა გიორგი შვანგირაძემ და დავით ყავრელაშვილმა განახორციელეს. როგორც პროექტის მენტორი აღნიშნავს, პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასმელი წყლის რეზერვუარების მზიდი რკინაბეტონის კონსტრუქციების დათვალიერება, დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული კონსტრუქციებისა და ზონების დაფიქსირება, შესაბამისი დასკვნა კი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მომზადდება.

სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპილოტე პროექტის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა კომპანია „ავტობანი“, თემით: “ადამიანური რესურსების მოზიდვის პრობლემატიკა”, რომლებშიც, მენტორის – თამარ ქამხაძისა და კომპანიის წარმომადგენლის – თეა მორბედაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ სტუდენტები სოფიო ამაღლობელი, მარიამ გუგულაშვილი და ნანა ნინიკაშვილი. როგორც თამარ ქამხაძე აღნიშნავს, სტუდენტები კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ, ასევე, გამოკითხვის ფორმით, კვლევა ჩაატარეს და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადეს.

მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა ლაშა დემეტრაშვილმა და კომპანია „Progress Project”-მა წარმოადგინეს პროექტი – „შენობა-ნაგებობათა კონსტრუქციული გადაწყვეტა, გეოლოგიური დასკვნის გაკეთება“. საპილოტე პროექტი ანა ტაბატაძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ჯონი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. სტუდენტს დაევალა კონსტრუქციული თვალსაზრისით გადაწყვეტილი შენობის, როგორც ჩარჩოსებრ-კავშირებიანი კარკასული მონოლითური რკინაბეტონის სისტემის გეოლოგიური დასკვნის გაკეთება, ასევე კონსტრუქციული ნაწილის დამუშავება, რომელიც მოიცავდა სტრუქტურულ გაანგარიშებას სპეციფიკური კომპიუტერული საანგარიშო პროგრამებით.

მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამამ და კომპანია „ფორსმა“ თემით – „სამშენებლო პროექტის ხარჯთაღრიცხვის მომზადება – პრაქტიკული მაგალითი“ სტრუქტურულად რთული ფორმის მრავალსართულიანი სასტუმროს ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინეს. პროექტის განხორციელებაში სტუდენტ ქეთევან თოდუას მარიამ ვარდიაშვილი და კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე წაქაძე ხელმძღვანელობდნენ.

ლოგისტიკის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „Lion Trans“-ის საპილოტე პროექტის – „ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის ლოგისტიკური პროცესების დაგეგმარება“ – განხორციელებაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ლია გოცირიძე, ანა ოდიშელიძე და გიგი პატარიძე. მათ მენტორობას უწევდა თამარ რუხაძე და კომპანიის წარმომადგენელი ქეთევან გელაშვილი. პროექტის მიზანი ავტოდილერის მომზადების ტრენინგკურსის დაგეგმვა და აკადემიურ გარემოში მისი ადაპტაცია იყო.

ReINNOVA-ს ფარგლებში, მეეექვსე საპილოტე პროექტი ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამისა და კომპანია „გრინვეი საქართველოს“ თანამშრომლობით განხორციელდა. თემაზე – „ავტომობილების ტექინსპექტირება – სფეროში შესაბამისი ადამიანური კაპიტალის პრობლემასთან დაკავშირებული კვლევა“ – ვალერი ჯაჯანიძის მენტორობით და კომპანიის წარმომადგენლის, ზაქარია გაბეცაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტები ავთანდილ ახალკაცი, გელა ჟღენტი და ალექსანდრე ცქიფურიშვილი მუშაობდნენ.

ბორის გითოლენდიას განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა – ReINNOVA უნიკალურ ბრიტანულ გამოცდილებას ეფუძნება, მიზანი კი სტუდენტების პრაქტიკული უნარებისა და ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობაა.

„პროგრამა ფოკუსირებულია იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებზე, რომლებიც ახალი პროდუქტის ან სერვისის შემუშავებაზე ფიქრობენ ან შექმნის პროცესში არიან. ბიზნესკომპანიები, რომლებიც პროექტში ერთვებიან, უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმის განახლება-გაფორმების შემდეგ, წარმოადგენენ რეალური პრობლემის მოკლე აღწერილობას. ბიზნესქეისებზე სამუშაოდ, შიდა საუნივერსიტეტო მექანიზმების გამოყენებით, შეირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელიც ერთვება პროექტში და საპილოტე სასწავლო პროგრამის შესაბამის სტუდენტურ გუნდებთან ერთად, 3 თვის ვადაში რეალური ბიზნესპროექტის საკუთარ ვერსიას წარმოადგენენ. შეფასების მთავარი კრიტერიუმი ინოვაციურობა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაა”, – აღნიშნავს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი.

სტუ-ის ინფორმაციით, პროექტ ReINNOVA-ს მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნესინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება, სწავლა-სწავლების პროცესში დამსაქმებლების მაღალი ჩართულობა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობაა. ReINNOVA საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტების ექვს საგანმანათლებლო პროგრამაში პროექტის პილოტირებასა და საწარმოო პრაქტიკის სასწავლო მოდულის გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტის განვითარების, ტრენინგ-სემინარების, ერთობლივი კვლევითი აქტივობებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების საშუალებით ხორციელდება.

საგრანტო პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). პროექტ ReINNOVA-ს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ფარულავა – ბოლოდროინდელ საერთაშორისო შეფასებებს თუ გადავხედავთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი დადებითი შეფასების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს

ბოლოდროინდელ საერთაშორისო შეფასებებს თუ გადავხედავთ, „ქართულ ოცნებას“ არანაირი დადებითი შეფასების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს იმ რეპრესიულ ქმედებებზე, რასაც განსაკუთრებით ბოლო წლებია, ვხედავთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.„ევროსაბჭოს ანგარიში არაფრით განსხვავებული არ იქნება იმ ნეგატიური პოზიციებისგან, რაც თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთდა როგორც პარტნიორიორებისგან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“,- განაცხადა ფარულავამ.

გურამ მაჭარაშვილი – როდის აქეთაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ეკლესიაზე ინტერესდება, მათ აინტერესებთ, როგორმე, საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ

ქართველმა ხალხმა თავისი პრიორიტეტი 17-21 მარტის დღეებში აჩვენა და ამიტომ არიან გამწარებულები, აღშფოთებულები, გონებაარეულები უცხოეთიდან დაწყებული აქაური უცხოური აგენტებით დამთავრებული, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ახლა პატრიარქის მოსაყდრეს, ეკლესიას ებრძვიან და ცდილობენ, რომ განხეთქილება შეიტანონ.„როდის აქეთაა, რომ გვარამია და „ნაცმოძრაობა“ ეკლესიაზე ინტერესდებიან? როცა აქციაზე საუბრობს ადამიანი, რომ პატრიარქი ბნელი ძალების წარმომადგენელია და სასულიერო პირები ძველი ძალების წვეროსანი წარმომადგენლები, როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს აინტერესებს, რა ხდება საპატრიარქოში და როგორ აირჩევენ წმინდა სინოდის წევრები პატრიარქს? – მათ ის აინტერესებთ, როგორმე, საპატრიარქოს და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ეს არ გამოსდით, მაგრამ ეს მათი ინტერესის სფეროა. სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები გამიჯნულია, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ეკლესიის მრევლის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.რაც შეეხება კანდიდატებს, ბუნებრივია, სინოდის წევრებს აქვთ უფლება, რომ თვითონ განაცხადონ ან არ განაცხადონ კანდიდატებზე, ვის დაასახელებენ და ვის არ დაასახელებენ. ეს მართვა-გამგეობის დებულებაშიც კია მითითებული, რომ უფლება აქვს სინოდის წევრს, რომ თავისი კანდიდატურა დაასახელოს“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დონალდ ტრამპი – გასულ კვირას ბელარუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, უდიდესი მადლობა ალექსანდრ ლუკაშენკოს ამის გაკეთებისთვის

გასულ კვირას ბელარუსში კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა, უდიდესი მადლობა ალექსანდრ ლუკაშენკოს ამის გაკეთებისთვის, – ამსი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ტრამპი წერს, მოუთმელანდ ელოდება ლუკაშენკოსთან შეხვედრას „მშვიდობის საბჭოს“ მორიგ შეხვედრაზე.„გასულ კვირას ბელარუსში ჩემი ელჩის, ჯონ კოულის, უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, კიდევ 250 პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა. ამით გასული წლის მაისიდან მოყოლებული პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ გათავისუფლებულ პატიმართა საერთო რაოდენობა 500-ს აჭარბებს. მინდა, პრეზიდენტს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამის გაკეთებისთვის. მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად ყოფნას „მშვიდობის საბჭოს“ შემდეგ შეხვედრაზე“, – წერს დონალდ ტრამპი.ცნობითვის, ბელარუსის ხელისუფლებამ 2026 წლის დასაწყისში დაახლოებით 250 პატიმარი გაათავისუფლა. მათ შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, მარფა რაბკოვა და ნასტა ლოიკა. ამასთან, 2025 წლის დეკემბერში ბელარუსში კიდევ 123 მსჯავრდებული, მათ შორის ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტარ ბაბარიკა, გაათავისუფლეს.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს ირანში მიმდინარე ომის მიზნების განმარტებას სთხოვს

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანში მიმდინარე ომის მიზნების განმარტებას სთხოვს. ამასთან, ალბანეზმა მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.„მინდა, მეტი სიცხადე იმის შესახებ, რა მიზნები აქვს ამ ომს და მსურს, ვიხილოთ დეესკალაცია“, – განაცხადა ალბანეზმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად, როდესაც მას დონალდ ტრამპის სამხედრო კამპანიის შეფასება სთხოვეს.ამავე დროს, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ივნისის ბოლომდე საწვავზე გადასახადის განახევრების შესახებ.„საწვავის გადასახადს სამი თვით ვანახევრებთ. საზღვარგარეთ მიმდინარე კონფლიქტი შიდა ფასებს ზრდის და ვიცით, რომ ავსტრალიელები ამას გრძნობენ“, – წერს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

ბოლო სიახლეები