საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პედაგოგთა გადამზადების ტრენინგკურსს უმასპინძლა

Read Time:1 Minute, 25 Second

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს – „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტრენინგკურსი იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში გაიმართა. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს (MAECI) მხარდაჭერით განხორციელდა.

იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების 2-დღიან ტრენინგკურსს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის (ITALS) ლაბორატორიის პროფესორი, ექსპერტი-ტრენერი სილვია სკოლარო უძღვებოდა.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ნინო ცერცვაძის თქმით, ტრენინგკურსზე, რომელიც თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

„ტრენინგკურსი – „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“, რომელიც პროფესორ სილვია სკოლაროს მენტორობით ჩატარდა, მოიცავდა ლაბორატორიულ სწავლებას, თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს ტრენერსა და მონაწილე პედაგოგებს შორის ინტერაქციას და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას. სასწავლო კურსის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო სწავლებასა და შეფასების სისტემას შორის კავშირის დადგენა და რაც მთავარია, გაცნობიერება იმისა, თუ როგორ შეიძლება შეფასება, თვითშეფასების მეტაკოგნიტურ ჭრილში, სწავლების განუყოფელ ნაწილად მოვიაზროთ. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეფასების სისტემის, ახალი მეთოდებისა და ტიპოლოგიების შესახებ. მათ განემარტათ ტექსტების მახასიათებლები და მათი გამოყენების სპეციფიკა. გარდა ამისა, პროფესორმა სკოლარომ ყურადღება გაამახვილა შუალედური და ფინალური გამოცდების, ასევე, ტესტირების პროცესში ავთენტურობის, შესაბამისობისა და მიზანშეწონილობის აუცილებელ და თანამედროვე მოთხოვნებზე. ვფიქრობთ, ტრენინგკურსი ნაყოფიერი და ეფექტიანი აღმოჩნდება მსმენელებისთვის. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს“, – აღნიშნავს ნინო ცერცვაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, იტალიური ენის პროფესიული გადამზადების ტრენინგკურსის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის – ITALS-ის ლაბორატორიის სერტიფიკატები გადაეცათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ბუჩუკური: ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამომავლო პრეზიდენტობისთვის სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი კანდიდატი დღეს არ არსებობს
Next post დავით კაჭარავა “ქართულ ქარტიაზე”: ნაცმოძრაობა დაპირისპირებულია სხვა პარტიებთან და ეს ქარტია ფარატინა ფურცელია – გარედან დავალება მისცეს, უნდა გაერთიანდეთო და ამიტომ საერთო პოზიცია დააფიქსირეს