საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებში – „კურიერი“ და „ქრონიკა“ – დღეს გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც სიუჟეტების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პირობები არასათანადოა, ხოლო ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება აკადემიურ სტანდარტებს. განცხადებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
როგორც სტუ აცხადებს, აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.
სტუ-ის ცნობით, სიუჟეტებში გაჟღერებული მტკიცებები აუდიტორიების გაურემონტებლობისა და სველი წერტილების ანტისანიტარიული თუ ავარიული მდგომარეობის შესახებ არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს და არ არის გამყარებული ობიექტური მტკიცებულებებით. აღნიშნული განცხადებების ვიზუალური „დადასტურების“ მიზნით გამოყენებულია ვიდეოკადრები, რომლებიც გადაღებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის დერეფანში და არ ასახავს არც აუდიტორიებს და არც სველი წერტილებს, რასაც მაყურებლი ნებსით თუ უნებლიეთ შეჰყავს შეცდომაში.
„მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორები იმყოფებოდნენ უნივერსიტეტში, მათ მე-2 სასწავლო კორპუსში არსებული ვითარების შესახებ კითხვა არ დაუსვამთ, წინააღმდეგ მათ ეცოდინებოდათ, რომ სტუ-ის მე-2 კორპუსში სასწავლო პროცესი რამდენიმე თვეა არ მიმდინარეობს. მეორე სასწავლო კორპუსის პარალელურად, ნაჩვენები იქნა მე-6 სასწავლო კორპუსი, რომლის გაამაგრებით სამუშაოებსა (რაც დღესაც მიმდინარეობს) და სარეკონსტრუქციო პროექტის შედგენაზე უკვე გახარჟულია დაახლოებით 600 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ კი ჟურნალისტები ვერ მოამზადებდნენ და შესაბამისად, ვერც გაავრცელებდნენ მსგავსი შინაარსის სიუჟეტებს. როგორც ჩანს, სიმართლე მათ ხელს არ აძლევდათ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმიჯის შელახვა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის ხარჯზე სცადეს, რაც კარგად გამოუვიდათ.
ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო ფართი 187547, 9 კვ/მ-ია, საერთო სასწავლო ფართი შეადგენს 108678,9 კვ/მ-ს, ხოლო საერთო დამხმარე ფართი – 78868,955 კვ/მ-ს. „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ ჯგუფებმა მე-8 სასწავლო კორპუსში, ენერგეტიკის ფაკულტეტზე, თავისივე სურვილით, გადაიღეს სასწავლო ფართში განთავსებული HUAWEI-ის ლაბორატორია, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია, მზის ელექტროსადგური, ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორია და რამდენიმე სხვა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ლაბორატორიული ბაზის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, „რუსთავი 2-ის და „იმედის“ ჟურნალისტებმა არცერთი ეს კადრი არ გამოიყენეს სიუჟეტის აგებისას და ყურადღება გაამახვილეს მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სასწავლო ან კვლევითი პროცესებისთვის საერთოდ არ გამოიყენება და სადაც ამჟამად მიმდინარეობს ან დაგეგმილია სარემონტრო სამუშაოები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხაზგასმით და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სიუჟეტებში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ ასახავს არც აუდიტორიების, არც ლაბორატორიებისა და არც სველი წერტილების რეალურ მდგომარეობას. ამის მიუხედავად, სიუჟეტებში გაკეთებულია საპირისპირო დასკვნები, რაც წარმოადგენს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „მაუწყებლობის შესახებ“ (მუხლები: 52 პუნქტი „გ“ – პროგრამებში ფაქტებისა და კომენტარების მკაფიო გამიჯვნის ვალდებულება; 54 – მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტების ჯეროვანი გადამოწმება; 56 – დაინტერესებული მხარისთვის პასუხისა და ინფორმაციის შესწორების უფლება, 59 – მაყურებლის შეცდომაში შეყვანის დაუშვებლობა) და ჟურნალისტური ეთიკის ძირითად პრინციპებს, განსაკუთრებით კი, სიზუსტისა და ობიექტურობის ნორმებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სიუჟეტები წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციის მცდელობას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანების შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად მოითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედისაგან“:
1. საჯაროდ მოიხადონ ბოდიში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე;
2. საჯაროდ განაახლონ და შეასწორონ ინფორმაცია იმავე საინფორმაციო გამოშვებაში მსგავსი ქრონომეტრაჟით;
3. მომავალში უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება და დაიცვან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ისე პროფესიული ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom) და გამოიყენოს ყველა კანონიერი სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი რეპუტაციის, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

