ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ წარმომადგენლებმა ვორქშოფი ჩაუტარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებელთა უშუალო ჩართულობით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ (Holiday Inn Tbilisi) წარმომადგენლებმა ვოქრშოფი ჩაუტარეს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვორქშოფი, რომლის მიზანიც უნივერსიტეტში მასპინძლობის ინდუსტრიის კურსის შესწავლისას მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და დედაქალაქის ერთ-ერთი მსხვილი სასტუმრო კომპლექსის სპეციფიკის ადგილზე გაცნობა იყო, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია „ჰოლიდეი ინნ თბილისის“ ბრენდის ისტორიის, სასტუმროს განვითარებისა და საერთაშორისო ქსელში მისი პოზიციონირების შესახებ. სასტუმროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს დეტალურად განუმარტეს სტუმარმასპინძლობის სფეროში მოქმედი ოპერაციული მექანიზმები, მომსახურების სტანდარტები და ამის მიღმა არსებული სამუშაო პროცესები. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ სიღრმისეულად გაეანალიზებინათ ბაზრის ის სეგმენტი, რომლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზეც არის ორიენტირებული სასტუმროს საქმიანობა.

გარდა ამისა, ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტები ადგილზე გაეცნენ ნომერთა ფონდს, დაათვალიერეს სხვადასხვა კატეგორიის ოთახები და შეაფასეს მათი შიდა სტრუქტურა, მომსახურების ელემენტები და ფასწარმოქმნის სპეციფიკა; მიიღეს ინფორმაცია სასტუმროს მარკეტინგული სტრატეგიების, ლოიალობის პროგრამებისა და ბრენდის სარეკლამო აქტივობების შესახებ. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია საკადრო პოლიტიკის, თანამშრომელთა შერჩევისა და სასტუმროს განვითარების შესაძლებლობების შესახებ, ასევე, გაეცნენ ინდუსტრიაში კარიერული ზრდის პერსპექტივებსა და აქტიურ ვაკანსიებს.

სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ ქობლიანიძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო-პრაქტიკული აქტივობები სტუდენტებისთვის არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ პროფესიული მზაობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ სამუშაო გარემოსთან უშუალო შეხება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მათ მოტივაციასა და პრაქტიკულ უნარებს, ასევე, ეხმარება მათ გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, უკეთ შეაფასონ შესაძლებლობები და მოემზადონ მომავალი კარიერული გამოწვევებისთვის.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ამოცანაა სტუდენტებს ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინოს კარიერული განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინდუსტრიებთან პარტნიორობის გზით დააკავშიროს ახალგაზრდები კომპანიებთან, ორგანიზაციებთან, სადაც შესაძლებელი გახდება თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა. მისი თქმით, უნივერსიტეტსა და ინდუსტრიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე სტუდენტი ვერ შეიძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც აუცილებელია დასაქმებისა და კარიერული ზრდისთვის, ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია დარგობრივი ეკონომიკისა და ბიზნესსექტორის განვითარება. ნატო ქათამაძის განმარტებით, ინდუსტრიასთან კოოპერაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ეს ქმნის მდგრად საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თეორია და პრაქტიკა ერთმანეთთან ორგანულადაა დაკავშირებული.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება – ტერორისტული აქტი, ALDE-ს პასუხი შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია“

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: „ტერორისტია მაგრამ ჩვენია“.„ანუ ALDE-მ ელისაშვილზე თქვა: „ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია“.იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ALDE-ს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: „ტერორისტია, მაგრამ ჩვენია““- წერს გურამ მაჭარაშვილი.ინფორმაციისთვის, ALDE-მ გაავრცელა პასუხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: „რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში გამორჩეულ თანამშრომლებს სტუ-ის ოქროს მედალი და საპატიო დიპლომი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საგანმანათლებლო და კვლევით სფეროში გამორჩეულ თანამშრომლებს საპატიო ჯილდოები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, სტუ-ის ოქროს მედლით დაჯილდოვდა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე მოქმედი სასწავლო-კვლევითი ბაზის მეცნიერ-კოორდინატორი, პროფესორი თეიმურაზ კუნჭულია, რომლის წვლილი სამთო მეცნიერებების, თანამედროვე კვლევებისა და ფაკულტეტზე ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელების განვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, წარმატებული სამეცნიერო მოღვაწეობისა და უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულებების გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სტუ-ის საპატიო დიპლომები გადაეცათ: აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ედიშერ კვესიტაძეს, ხოლო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე მოწვეულ პროფესორს სერგო კარიბოვს, პროფესიული საქმიანობისა და სტუდენტთა საინჟინრო განათლების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.როგორც სტუ-ის რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, უნივერსიტეტის მხრიდან იმ მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერა და შეფასება, რომლებიც უნივერსიტეტის ადგილობრივი თუ საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას უწყობს ხელს, უაღრესად მნიშვნელოვანია - მათი ღვაწლის აღიარება აკადემიური და კვლევითი კულტურის გამყარებას ემსახურება და ამავდროულად, ინსტიტუციის განვითარების მოდელს კიდევ უფრო გამჭვირვალესა და სტაბილურს ხდის.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის ეყრდნობოდა იმ ადამიანების დაუღალავ შრომას, რომლებმაც მეცნიერების, განათლებისა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი შექმნეს. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული ღვაწლმოსილი მეცნიერის, პროფესორისა და მკვლევრის შრომის დაფასებას, რაც არა მხოლოდ მათი პირადი დამსახურების ღირსეული აღიარებაა, არამედ ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილია საუნივერსიტეტო საზოგადოებისგან: რომ ცოდნა, ერთგულება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია. ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც უნივერსიტეტის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ეფექტიანი პოზიციონირებისთვის მყარი საფუძველი შექმნეს. სწორედ ასეთი პიროვნებები განსაზღვრავენ ინსტიტუციის რეალურ ძალას, მის აკადემიურ და სამეცნიერო ავტორიტეტს და მომავალს“, - განაცხადა აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი” გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 70-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„როდესაც მე აღარ ვიქნები და ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ… ამ საჩუქრით გამიხსენე“ – დღეს მამა თეიმურაზი 32 წლის გახდებოდა

11 დეკემბერი მამა თეიმურაზის დაბადების დღეა - 32 წლის გახდებოდა. მოძღვრის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ძალიან ბევრ ადამიანს გული დასწყვიტა. ის წმ. დოდო გარეჯელი სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული.გთავაზობთ მისი ჩანაწერებიდან შვილისთვის საჯაროდ მიძღვნის წერილს:„ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან ჩემო - პირმომღიმარო. და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, სიტყვას ყველაზე დიდ საჩუქრად მივიჩნევ...გჩუქნი ამ სიტყვებს, ჩემო მშვენიერო. როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ, მაშინ შენ მაჩუქე ეს ძვირფასი საჩუქარი ღმერთის წინაშე და ამ საჩუქრით გამიხსენე. გთხოვ, ეცადო, რომ უფრო მეტად მოუსმინო, ვიდრე ისაუბრო. ამით სხვის სიტყვასაც დააფასებ და საკუთარ სიტყვასაც ძალას შესძენ.ეს ერთი წელი დიდი სიხარულით, სიწრფელით და სილაღით განვლე და იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთად დარჩები. სილაღით - ამ ცხოვრებისეული განსაცდელებით დაღლილ ადამიანის გულს სიხარულს მიანიჭებ (და იქნებ... იმ ერთმა ნაპერწკლად ანთებულმა სიხარულმა, რამხელა ბედნიერების ცეცხლი დაანთოს მასში)...სიწრფელით - ადამიანთა გულებს დააიმედებ და ამით შენ, მათი ბედნიერებით იქნები ბედნიერი (არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სხვისი სიხარულით გახარება).რაც შეეხება სიხარულს... მწამს, რომ მწუხარების გაზიარება გეცოდინება. მაგრამ ეცადე სხვისი სიხარულით შენი ბედნიერება განამრავლო - ეს იქნება შენი დიდი ადამიანობის ბეჭედი და ცხოვრების სიხარული.გთხოვ, არასოდეს შეგშურდეს... იცხოვრე შენი ცხოვრებით. შენ საუკეთესო დედა გყავს და კვლავ გთხოვ, რომ მას მიბაძო - დიდ სიყვარულს ისწავლი მისგან...მიყვარხარ! და როგორც ყოველთვის, ახლაც გეტყვი - უმიზეზოდ.გიყვარდეს - უმიზეზოდ...გილოცავ ჩემო!“, - წერდა მამა თეიმურაზი შვილს.

ბექა ძამაშვილი – სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმისას, სახელმწიფოს აქვს ძალის გამოყენების უფლება, ხოლო 20 ივნისს შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს...

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაამტკიცა ის, რაც ნოემბრის პროკურატურის ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საია-ს სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, პრეცედენტულია, ვინაიდან ზოგადად ადგენს, რომ შტურმის მცდელობისას, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტულად 20 ივნისის საქმეზე შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებს.„დღევანდელი გადაწყვეტილებიდან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გამოიკვეთოს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ამ შემთხვევაში პარლამენტზე ხდება თავდასხმა, ასევე სამართალდამცველებზე ხდება თავდასხმა და უფრო მეტიც, შტურმის მცდელობა არის, სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, გამოიყენოს ძალა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოსაყენებელი იქნება ყველა სხვა შემთხვევაზეც. ასევე, დიდმა პალატამ კონკრეტულად 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა, მათ შორის, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ იყო წახალისებული და იმ კონტექსტში ვინც მონაწილეობდა ყველა ამ ძალადობრივ ქმედებაში, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა შეიძლება, ყოფილიყო ლეგიტიმური. ამასთანავე, დიდმა პალატამ შეაფასა, როგორ უნდა მოხდეს ხოლმე სახელმწიფოს რეაგირება ასეთ დროს, როდესაც შეკრება/მანიფესტაცია მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, ის გახდება უკანონო და 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად დარღვევა დაადგინა იმ ნაწილში, რომ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა მომიტინგეების მიმართ. კერძოდ, დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ დაზიანებები მიღებული აქვს, მათ შორის, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შესაძლოა, უშუალოდ არ უდასტურდებოდეთ ამ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობა და ეს არის მნიშვნელოვანი მითითება. ფაქტობრივად, დიდმა პალატამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დაამტკიცა ის, რაც ნოემბრის პროკურატურის ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება. არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული და შეიძლება, ითქვას, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის სრულ თანხვედრაში იმასთან, რაც პროკურატურამ უკვე ბრალში გამოკვეთა“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებიდან ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ დიდმა პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საქმეში სახელმწიფომ სრულად ითანამშრომლა სასამართლოსთან.„38-ე მუხლის დარღვევა არ დადგინდა, ანუ ფაქტობრივად ეს ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო არის აბსოლუტურად გახსნილი, ტრანსპარენტული იმისთვის, რომ ითანამშრომლოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სტრასბურგის სასამართლოსთან და საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიება გრძელდება ამ საქმეზე. ის მითითებები, რომლებიც გაკეთდა დღევანდელი დიდი პალატის გადაწყვეტილებაში, ასევე მნიშვნელოვანი საყურადღებო გარემოებები იქნება გამოძიების ფარგლებში. ჩვენ ჯერ კიდევ, როდესაც თებერვალში სხდომა გაიმართა და კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ საკითხზე, სახელმწიფომ ძალიან ეფექტიანად იმუშავა იმისთვის, რომ დროულად მომხდარიყო საგამოძიებო მოქმედებების წარმართვა და ნოემბერში დადგა ის შედეგი, რაც დადგა და დღეს ფაქტობრივად იგივე დაადასტურა დიდმა პალატამ“, – აღნიშნა ძამაშვილმა.მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება შინაარსობრივად წინა გადაწყვეტილებისგან განსხვავდება იმით, რომ წინა გადაწყვეტილება აქცენტს აკეთებდა გამოძიების ხარვეზებზე.„დღეს უკვე ფაქტობრივად გამოძიებას გამოკვეთილი აქვს ცალკეული პასუხისმგებელი პირი, იცით თქვენ ამის შესახებ და დიდ პალატასაც ჰქონდა უფრო მეტი საშუალება, რომ შინაარსში შესულიყო. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ მათ შორის, არსებით ნაწილში იყო დარღვეული კონვენციის მუხლები, რომ ცალკეული მომჩივნების მიმართ, დემონასტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობასაც ჰქონდა ადგილი და მათი გამოხატვის თავისუფლება შეკრება/მანიფესტაციის კონტექსტში შეიძლება, დარღვეული ყოფილიყო იმ მომჩივნების მიმართ, ვინც უშუალოდ არ იყო ჩართული ძალადობრივ საქმიანობაში. ანუ, მთავარი მნიშვნელოვანი აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ თუ დემონსტრანტი მონაწილეობას იღებს ძალადიბრივ ქმედებებში, სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა. ოღონდ ეს ძალა უნდა იყოს გამოყენებული პროპორციულად და უნდა გამოყენებული იყოს შესაბამისი საშუალებები, რაც არის მინიმალური საჭირო იმისთვის, რომ ეს უკანონო ქმედებები შეწყდეს. დიდი პალატის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ იყვნენ ცალკეული ადამიანები, რომელთა უშუალო ჩართულობა შეიძლება, არ დგინდებოდა და შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა ძალა ამ ადამიანების მიმართაც გამოიყენეს და შესაბამისად, კონვენციის მუხლები არის დარღვეული ამ ნაწილში“, – განაცხადა ძამაშვილმა.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა

საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საჯარო სხდომაზე დღეს, 2025 წლის 11 დეკემბერს, გამოცხადდა.საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.დღევანდელი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით.სასამართლოს დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში საჩივრის განხილვა.საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება.

ბოლო სიახლეები