საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ Erasmus+ CBHE პროექტის – „კრეატიული საინჟინრო განათლების ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ (GreenEngine) – საწყის (Kick-off) შეხვედრაში მინაწილეობა მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, GreenEngine-ის საწყის შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში, INNO ტექნოპარკში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუ-ის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ედუარდ დემეტრაშვილმა წარადგინეს.
პროექტი GreenEngine საინჟინრო განათლების მოდერნიზებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მწვანე ინჟინერიის, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კრეატიული მიდგომების ინტეგრირებას. ღონისძიებამ ერთ სივრცეში შეკრიბა უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უზბეკეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა განიხილეს პროექტის სამუშაო გეგმები, სამოქმედო სტრატეგიები და თანამშრომლობის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ინოვაციური და გარემოსდაცვით პრინციპებზე დაფუძნებული საინჟინრო განათლების განვითარებას.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, როგორც სამუშაო პაკეტი 2-ის – „არსებული სასწავლო პროგრამების ანალიზის განახლება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკები“ – ლიდერმა, შეხვედრაზე წარადგინა დეტალური სამუშაო გეგმის პროექტი და გამოკითხვის ანკეტების კონცეფცია, რომლის გამოყენებაც მოხდება პარტნიორ უნივერსიტეტებში მოქმედი საინჟინრო სასწავლო პროგრამების სრულყოფილი ანალიზისთვის – იმ მიზნით, რომ გამოავლინოს მათი სტრუქტურული თავისებურებები, მწვანე და მდგრადი ინჟინერიის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები და ასევე, აღმოაჩინოს ხარვეზები.
„წარდგენილი სამუშაო გეგმა ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვების, შეფასებისა და შედეგების შედარებითი ანალიზის მკაფიო ეტაპებს, რათა პროექტმა უზრუნველყოს ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ეფექტიანი ინტეგრაცია. რაც შეეხება გამოკითხვის ანკეტების კონცეფციას, ის მიზნად ისახავს პარტნიორი ინსტიტუციების აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის მოსაზრებების სისტემატიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზების პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვას. საწყისი შეხვედრის პროგრამა ასევე მოიცავდა INNO ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ფინანსური მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, დისემინაციისა და მდგრადობის თემატურ სესიებს, აგრეთვე ქსელურ აქტივობებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროექტში – GreenEngine ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და საინჟინრო განათლების მაქსიმალირად მიახლოებას ევროკავშირის თანამედროვე სტანდარტებთან“, – ამბობს გიორგი მიქიაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, სესიის განმავლობაში Erasmus+ CBHE პროექტის – „კრეატიული საინჟინრო განათლების ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ – მონაწილეებმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები და მათი შესრულების ვადები განსაზღვრეს.

