ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მიერ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში, თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური განათლება არსებობს და ვითარდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის უმთავრესი საინჟინრო-სამეცნიერო ცენტრი, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასება, თითქოს „ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მომზადება საქართველოში არ არსებობს“, არ ასახავს რეალურ სურათს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომლებიც საუნივერსიტეტო სივრცემ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გამოიარა, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, რესურსების სიმწირე, მრავალი გამოწვევა განათლების სისტემაში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები და სტუდენტები დღესაც ის ადამიანები არიან, ვისზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რჩება მძლავრ საინჟინრო და ტექნოლოგიურ სკოლად, სადაც ცოდნა ძალად გარდაიქმნება. სტუ-ის კურსდამთავრებულები ქმნიან, აგებენ და აძლიერებენ საქართველოს – საკუთარი ცოდნით, შრომით, პროფესიული ეთიკითა და ერთგულებით სამშობლოს მიმართ არ ზოგავენ ძალას, ცოდნას და გამოცდილებას. სწორედ მათი შრომით, პროფესიონალიზმითა და შემოქმედებითი ენერგიით ინარჩუნებს ქვეყანა განვითარების იმპულსს და სიძლიერეს. ამიტომაც სრულიად უსამართლო, დაუმსახურებელი და არაკორექტულია ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც ამცირებს ან უარყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში კვლავაც მიმდინარეობს მაღალკვალიფიციური ინჟინრებისა და დარგის პროფესიონალების აღზრდის პროცესი.

რეალობა ისაა, რომ თანამედროვე საქართველოს განვითარებაში პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ან ინფრასტრუქტურული პროექტი – იქნება ეს ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ურბანული, სივრცითი, ეკოლოგიური თუ სხვა სახის – სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, პროფესორები ან სტუდენტები აქტიურად არ მონაწილეობდნენ და არ იკავებდნენ საკვანძო, გადაწყვეტილების მიმღების ან პროექტის განვითარების განმსაზღვრელ პოზიციებს. მათი ჩართულობა არ არის შემთხვევითი – ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული მისიის ბუნებრივი გაგრძელებაა.

ჩვენ შორს ვართ აზრისგან, რომ საჭიროა რაიმე ფორმით მტკიცება ჩვენი უდავო ლიდერული პოზიციისა ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ამას ჩვენი კურსდამთავრებულების, ჩვენი პროფესორებისა და სტუდენტების მიერ გაწეული სამსახური და ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილი ადასტურებს. თუმცა მოვიყვანთ რამდენიმე მიმდინარე პროექტს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების უშუალო ჩართულობით ხორციელდება. ეს არის პროექტები, რომლებზედაც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკა და რომლის წარმატებით რეალიზაცია ჩვენი უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული.

სხვა მიღწევებს შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნისთვის სტრატეგიული – ენერგეტიკული სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ისინი ხელმძღვანელობენ ენგურჰესს, რომელიც ქვეყნის ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს და მსოფლიოს უმაღლეს თაღოვან კაშხლებს შორისაა; კოორდინირებენ საერთაშორისო პროექტებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის კორიდორი; მართავენ სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემ ქსელს 4438 კმ ხაზითა და 93 ქვესადგურით, ასევე ხელმძღვანელობენ „თელასის“ თბილისის გამანაწილებელ ქსელს 3 მლრდ კვტ/სთ წლიური მოხმარებითა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 1.2 მილიონზე მეტი აბონენტით. ისინი ქმნიან ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების ეროვნულ პოლიტიკას, ხელმძღვანელობენ ბაზრის ოპერატორ „ესკოს“, იკვლევენ ხელოვნურ ინტელექტს ენერგეტიკაში და ამუშავებენ HVDC ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებს. სამართლიანად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას.

ამავდროულად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ქვეყნის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მთავარი საყრდენი ძალა. ჩვენი აღზრდილები ხელმძღვანელობენ მადნეულის გამდიდრების სრულ ავტომატიზაციას „RMG“-ში, მართავენ ბოინგის თვითმფრინავების ნაწილების წარმოებას ATC-ში, ახორციელებენ საწარმოო ხაზების ციფრულ კონტროლს, ავარიული დიაგნოსტიკასა და სინქრონიზაციას სენსორებთან, აქტუატორებთან და SCADA-სისტემებთან. ისინი ქმნიან ჩაშენებულ სისტემებს, ელექტრონულ მოდულებს, ჭკვიანი სახლებისა და სისტემების დიზაინს, ახორციელებენ ინსტრუმენტულ ტესტირებასა და სერტიფიცირებას საერთაშორისო ლაბორატორიებში. ისინი მუშაობენ შაქშაქეთის, ფარავნის, ნაბეღლავის, ოკამის, ლოპოტას, კაზრეთისა და ნენსკრას ჰესების სრულ საინჟინრო ავტომატიზაციაზე, ასევე, კომპანია „ჯივიპის“ თბილისის, ნატახტარის, რუსთავისა და ბოდორნას წყალსაცავების დონის ციფრულ მართვაზე. აქაც შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ სტუ-ის კურსდამთავრებულები სრულად აკონტროლებენ საქართველოს ინდუსტრიულ ავტომატიზაციასა და ჭკვიან ინფრასტრუქტურას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორებს, სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. სწორედ მათი მონაწილეობით და მთელ რიგ შემთხვევაში, ხელმძღვანელობით ხორციელდება საქართველოში მიმდინარე უმსხვილესი საინჟინრო-სამშენებლო პროექტების დიდი ნაწილი.

ეს არის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვისა და რეალიზაციის პროექტები, მათ შორის: ქობულეთის შემოვლითი ოთხზოლიანი მაგისტრალი, თბილისი-რუსთავის მაგისტრალი, ახალციხე-ნინოწმინდის გზა, ზესტაფონი-ხარაგაულის მონაკვეთის რეკონსტრუქცია და მოლითი-ხაშურის 40.2 კმ-იანი ახალი ხაზის (14.5 კმ-იანი გვირაბით) პროექტირება.

ფაკულტეტის კურსდამთავრებულები და პროფესორები აქტიურად მონაწილეობენ მარაბდა-კარწახისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის მონაკვეთებზე არსებული 384 ხელოვნური ნაგებობის რეაბილიტაციაში, თბილისის შემოვლითი რკინიგზის რვა ხიდისა და წიფის საუღელტეხილო გვირაბის მშენებლობაში, 350-ზე მეტი ხიდის სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოებში, მათ შორის E70 ავტომაგისტრალის 1425-მეტრიანი ჭოროხის ხიდისა და E60 ავტომაგისტრალის 13 გვირაბის პროექტირებაში. გარდა ამისა, შესრულებულია ხიდების რეაბილიტაციის პროექტები, თბილისის მეტროს სადგურებისა და ფუნიკულიორის კონსტრუქციული შეფასება, აგრეთვე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნაგებობების: წმინდა სამების ტაძრის, ბაგრატის ტაძრის, ივერიის ღვთისმშობლისა და ოლადაურის ეკლესიების საინჟინრო-სამშენებლო ანალიზი და კონსტრუქციული პროექტირება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმი, ინოვაციური მიდგომები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა განაპირობებს იმას, რომ დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა სწორედ სტუ-ის აკადემიური და კვალიფიციური რესურსის მონაწილეობით ხორციელდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება – პროფესორები და სტუდენტები – აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს წამყვან ფუნდამენტურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მათ შორის CERN-ის Compact Muon Solenoid (CMS), J-PARC-ის COherent Muon to Electron Transition (COMET), Fermilab-ის Deep Underground Neutrino Experiment (DUNE) და იაპონიის KEK-ის კოლაბორაციებში. სტუ-ის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ახორციელებენ მაღალი სიზუსტის კვლევით-ტექნიკურ დავალებებს ნაწილაკების ფიზიკის სფეროში, რაც უზრუნველყოფს საქართველოს საინჟინრო მეცნიერების სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ სამეცნიერო ქსელში.

განსაკუთრებული მიღწევაა სტუ-ში შექმნილი ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტა – მსოფლიოში პირველი დანადგარი, რომელიც აწარმოებს 5 მიკრონის სისქის, 5 მმ დიამეტრის სტროუ მილებს (Straw Tube Tracker, STT) COMET და DUNE ექსპერიმენტების ტრეკული დეტექტორებისთვის. მსოფლიოში უანალოგო ამ უნიკალური ტექნოლოგიის შექმნა სტუ-ის პროფესორებისა და სტუდენტების ძალისხმევის შედეგია. STT გამოყენებული იქნება მსოფლიოს წამყვან ექსპერიმენტებში სხვადასხვა კონტინენტზე, არა მხოლოდ ფუნდამენტურ, არამედ გამოყენებით ფიზიკაში და თითოეულ ამ პროექტში საქართველოს ინტელექტუალური პოტენციალის წვლილი განსაკუთრებულად იქნება წარმოჩენილი.

ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIC-თან თანამშრომლობით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი როგორც უნივერსიტეტის პროფესორები, ისე სტუდენტები, რაც ხაზს უსვამს სტუ-ის როლს თანამედროვე კოსმოსური ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის სფეროში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმთავრესი მისიაა აღზარდოს მომავალი თაობა, რომელიც მზად იქნება თანამედროვე საინჟინრო და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე საპასუხოდ და სწავლის დასრულებისთანავე იქნება კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საფუძველი უნიკალური და ინოვაციური საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ბაზებია. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველად საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა და წარმატებით ფუნქციონირებს ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი აგრეგატებით და წარმოადგენს უანალოგო სივრცეს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და კვლევისთვის; სტუ-ში შეიქმნა ხელოვნური ინტელექტის ულტრათანამედროვე ლაბორატორია, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ იყენებენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, არამედ შეისწავლიან ახალი ალგორითმებისა და მოდელების შექმნას კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ; სრულად აღიჭურვა თანამედროვე მასალათმცოდნეობისა და მექატრონიკის ლაბორატორიები; შეიქმნა განახლებადი ენერგეტიკის ლაბორატორია და აგრეთვე მრავალი სხვა საგანმანათლებლო და კვლევითი სივრცე, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტების მომზადებას რეალური, თანამედროვე ინდუსტრიული და სამეცნიერო პრობლემების გადაწყვეტისთვის.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება არა მხოლოდ მონაწილეობს, არამედ აქტიურად ქმნის მსოფლიო მეცნიერების მომავალს საქართველოში შექმნილი ინოვაციებითა და ცოდნით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს წამყვან ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა „არემჯი“, „საქნახშირი“, „ჯორჯიან მანგანეზი“, „საქართველოს რკინიგზა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ჰუავეი“, “აპტოსი”, “ჰანიველ ცემენტი”, “ლაიონ ტრანსი”, “ავტოტექნო”, “ივერმედი” და მრავალი სხვა. სამწუხაროდ, ამჟამად კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ და მისი ხელმძღვანელი, ბატონი თემურ ჭყონია, არ ფიგურირებენ ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრების მომზადებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერთა სიაში. ეს გარემოება ასახავს დისონანსს საჯარო განცხადებებსა და რეალურ ჩართულობას შორის: მიუხედავად მრავალჯერადი ხაზგასმული განცხადებებისა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ინჟინერ-ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობის შესახებ, კომპანია აქტიურად არ არის ჩართული სფეროებში, რომლებიც ქმნიან ტექნოლოგიური პროგრესისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის საფუძველს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის უფრო მჭიდრო ჩართულობა უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ სკოლებთან აუცილებელია, რათა მომზადდეს მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნოლოგიური კადრები და გაძლიერდეს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემა. მსგავსი თანამშრომლობა არა მხოლოდ უზრუნველყოფს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის ზრდასა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას კერძო სექტორთან ღია დიალოგისა და თანამშრომლობისთვის და პატივისცემით იწვევს ბატონ თემურ ჭყონიას უნივერსიტეტში, რათა ის პირადად გაეცნოს სტუ-ში არსებულ თანამედროვე საგანმანათლებლო, კვლევით და ინოვაციურ ინფრასტრუქტურას, სადაც უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიზნესსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობის დასაწყებად, მით უფრო, რომ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ შენობები, თავის დროზე, სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მიერაა აგებული,” – აღნიშნულია სტუ-ის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანიტა ჰიპერი – საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საზოგადოებასთან

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისის თქმით, ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.„დარწმუნებული თუ ხარ შენს დემოკრატიაში, ქცევაში, მაშინ არ გჭირდება ოპონენტებისა და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ფორმის ძალადობის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, – განაცხადა ჰიპერმა.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის იმპორტის გამოფენაზე ქართველ მეწარმეებს საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ

ჩინეთის იმპორტის 2025 წლის გამოფენაზე, სადაც საქართველო ტრადიციულად იქნება წარმოდგენილი, ჩინეთის მხარემ წელს განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, რაც ნიშნავს, რომ ქართული მეწარმეობა, საინვესტიციო გარემო, ტურიზმი და ყველა ის მიმართულება, რასაც ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოჩენილი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაიში განაცხადა, სადაც ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სპეციალური სტატუსის ფარგლებში ქართული კომპანიების მხრიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კულტურული, კულინარიული, ფოლკლორული და სხვადასხვა მიმართულებები.„საქართველო სამი პავილიონით იქნება წარმოდგენილი – ნაციონალური, მეწარმეობის, საკვებისა და სასმელის პავილიონით. გამოფენის მნიშვნელობა განსაკუთრებულია ქართველი მეწარმეებისთვის, ვინაიდან აღნიშნულ გამოფენაზე ადგილობრივ მეწარმეებს  საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.აღნიშნული მასშტაბური გამოფენა მეშვიდედ ტარდება და წელს საქართველოს 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.ჩინეთში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, დაგეგმილია არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ასევე ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო გაამყარებს როგორც სავაჭრო ეკონომიკურ, ისე ხალხთა შორის ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი  ხელს მოაწერს რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს, მათ შორის, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციასთან, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსა და ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმხლებ დელეგაციაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გია ვოლსკი – საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა ველოდეთ

ევრონესტის კრიტიკაზე ცალკე კითხვა ქმნის განცდას, თითქოს, საქართველოს მიმართ ცეცხლი სხვადასხვა მიმართულებებიდან არის გახსნილი, ყველა სტრუქტურა „სახალხო პარტიას“ ექვემდებარება და ყველა სტრუქტურას ერთი ხელმძღვანელი ჰყავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, დღეს სიტუაციას ბრიუსელის ბიუროკრატია მართავს, რომელშიც საქართველო ჩამოყალიბებული სამიზნეა იმისთვის, რომ მათი დიდი გლობალური ამოცანები შესრულდეს.„საქართველო პროქსი ომში არ ერთვება და ყველა მიმართულებიდან საკმაოდ ინტენსიურ შეტევას უნდა მოველოდეთ. ეს შეტევები ბოლო პერიოდში გაძლიერდა და ფიზიკური დაპირისპირებების სახე 4 ოქტომბერს მიიღო. თუ ამას არ გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ, ხელისუფლების წარმომადგენლებთან არავის გაუკვირდება, მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული თემაა – მათ შეიძლება საზოგადოების დასჯაზე დაიწყონ საუბარი, რომელიც ამ ექსტრემისტულ ჯგუფებს არ დაეთანხმა და ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. პრაქტიკულად, ეს სასჯელი შანტაჟის მექანიზმია. აქამდე დაცემას ვერ წარმოვიდგენ, რომ საზოგადოებას “ქართული ოცნების” მხარდაჭერისთვის დაუპირისპირდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება, ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია

გაფართოების საკითხებზე მსჯელობისას საქართველოს დადანაშაულება რაიმე არგუმენტირებული პოზიციით რთული იქნება. ცარიელი სიტყვების ლაპარაკი არაფერია, რომ დემოკრატიისგან უკან დახევა ხდება, საგარეო კურსი შეიცვალა და არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის კითხვა დაუსვეს გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე, რომლის გამოქვეყნებაც ხვალისთვის არის დაგეგმილი.„ამ უსაფუძვლო ბრალდებებს თუ გაჰყვნენ და კუბილიუსის, იუკნევიჩიენეს, კოსის პირად მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, რასაკვირველია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სერიოზული ჩანაფიქრია და საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანაფიქრი ძალიან მძიმე და აშკარაა. მათი მოსაზრებით, საქართველოს დანიშნულება საზარბაზნე ხორცად ქცევაა. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის მოვლენებს და სხვა უამრავ ფაქტს გაიხსენებენ, რომლებიც მათ მიერვე მხარდაჭერილი აქციების ორგანიზებას უკავშირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქე, 19 წლის მეი კალი თავისუფალია

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე, ორსული ბელა მეი კალი თავისუფალია. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა მიიღო.ბელა მეი კალი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, ის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს თარიღი მოხდილად ჩაეთვალა.ბელა მეი კალის დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის ოდენობით.ბრალდებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვების საპასუხოდ, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს, ან ცნობილია თუ არა მისთვის საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი დეტალები, დადებითი პასუხი გასცა.წარდგენილი ბრალდების მიხედვით, კალის 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა.ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. კალი ადრე აცხადებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.

ბოლო სიახლეები