საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი, საგრანტო პროექტის – „საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი-მლეთის მონაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სატრანსპორტო მიმოსვლის უსაფრთხოების მიზნით“, ფარგლებში საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, კვლევას აწარმოებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ზურაბ კაკულიას, გიორგი გაფრინდაშვილის, ირაკლი რამიშვილის, დალი ჩუტკერაშვილის, გიორგი ტლაშაძის შემადგენლობით. პროექტის ხელმძღვანელია ზურაბ ვარაზაშვილი. კვლევის მთავარი მიზანია საქართველოს სამხედრო გზის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მონაკვეთზე საინჟინრო-გეოლოგიური პროცესების დეტალური შესწავლა და იმ რისკ-ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც საფრთხეს უქმნის გზის სტაბილურობასა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებას. კვლევა მოიცავს რთული გეოდინამიკური პროცესების – მეწყრული, ეროზიული და ნალექებით გამოწვეული დესტრუქციული მოვლენების მონიტორინგსა და ანალიზს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ზურაბ ვარაზაშვილის თქმით, საქართველოში სენსიტიური უბნები და რაიონები მრავლადაა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი აქტიურობითა და შედეგებით მდინარე არაგვის ხეობა, იქ არსებული ფერდობებიდან მომდინარე სხვადასხვა სახის საშიშროებაა.
„სატრანსპორტო დერეფანი, სადაც ვატარებთ კვლევას, მაღალმთიან რელიეფშია გაყვანილი. აქ არსებული გეოლოგიური პირობები საკმაოდ რთულია, რაც თანამედროვე გეოდინამიკური მოვლენებისა და პროცესების განვითარებაში დიდ როლს ასრულებს, ყოველივე ეს კი, გზის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. საქართველოს სამხედრო გზა და მისი მონაკვეთი ნატახტარი – მლეთა, დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მასშტაბური გარდაქმნების ფონზე არა მხოლოდ საავტომობილო მიმოსვლის საშუალებაა, არამედ პოლიტიკური არტერიაა, რომელზეც დაკიდებულია როგორც ჩვენი უშუალო მეზობელი სახელმწიფოების, არამედ აზიის სხვა ქვეყნების ინტერესები. ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა არაა დამაკმაყოფილებელი. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, სწორედ ღვარცოფული და სხვა გეოდინამიკური მოვლენებიც აფერხებენ მას. კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ კონკრეტულ უბნებზე საშიში გეოლოგიური მოვლენების (ჩვენ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ღვარცოფები იგულისხმება), ზემოქმედების მასშტაბები და განვსაზღვროთ ის პირობები, რომლის დროსაც ამ მოვლენის წარმოქმნას ექნება ადგილი. ასევე შესაძლებელია შევარჩიოთ შესაბამისი დამცავი ღონისძიებები. ყველაფერი ეს ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა შენობების და განსაკუთრებით ხაზობრივი ნაგებობების დასაცავად“, – აცხადებს ზურაბ ვარაზაშვილი.
სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, კვლევის საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის უსაფრთხო და მდგრად ფუნქციონირებას.
„საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი–მლეთის მონაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა წარმოადგენს მაღალმნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო არტერიაზე მოქმედი გეოდინამიკური პროცესების სისტემურ შესწავლასა და მათი პროგნოზირების მეცნიერულ უზრუნველყოფას. სამუშაოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული მონაკვეთი გამოირჩევა რთული პირობებით და მრავალფეროვანი საფრთხის მომტანი ბუნებრივი პროცესებით. ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევები ეფუძნება კომპლექსურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის, გეომორფოლოგიისა და დისტანციური ზონდირების თანამედროვე მეთოდებს. ასეთი ინტეგრირებული ანალიზი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს არსებული და პოტენციური გეოლოგიური რისკების იდენტიფიკაცია, მათი სივრცითი გავრცელების ზუსტი დადგენა და დინამიკის პროგნოზირება. მიღებული შედეგები არა მხოლოდ გააფართოვებს ჩვენს ცოდნას რეგიონის გეოლოგიურ სტრუქტურასა და პროცესებზე, არამედ შექმნის მეცნიერულ საფუძველს პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, პროექტი ხაზს უსვამს უნივერსიტეტის კვლევით პოტენციალს, რომელიც მიმართულია როგორც ფუნდამენტური მეცნიერული ამოცანების გადაჭრისკენ, ისე მათი პრაქტიკაში ეფექტიანი დანერგვისკენ“, – აცხადებს ჯანიკაშვილი.
სტუ-ის ინფორმაციით, საგრანტო პროექტი – „საქართველოს სამხედრო გზის ნატახტარი-მლეთის მონაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სატრანსპორტო მიმოსვლის უსაფრთხოების მიზნით“, 2027 წელს დასრულდება.