საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მსოფლიოში ცნობილი ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქართული კინოს კორიფეს, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული შემოქმედის, დიდი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო.
ელდარ შენგელაიას ფილმები: „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და მრავალი სხვა დღესაც აქტუალურია, ასახავს ერის ხასიათს და იმ სულიერ ღირებულებებს, რომელთა დაცვისა და გადარჩენისთვის ბატონი ელდარი მთელი ცხოვრება იღწვოდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ელდარ შენგელაიას თანამშრომლობა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან. ეს იყო გენიალური შემოქმედებითი ტანდემი, რომელმაც ქართული კინემატოგრაფი მსოფლიოში ცნობილი გახადა თავისი უნიკალური ენით, იუმორითა და სიღრმით. მათი შემოქმედება უკვე ქართული კინოს ოქროს ფონდი და ერის კულტურული მემკვიდრეობაა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ვუსამძიმრებ ბატონ ელდარ შენგელაიას ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს, ვისთვისაც იგი დარჩება მარად ცოცხალ მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს ერის რწმენისა და ღირსების სარკედ.
ელდარ შენგელაიას სახელი და ღვაწლი ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.
ინფორმაციისთვის: ელდარ შენგელაიას ფილმებიდან აღსანიშნავია: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“), „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „ექსპრესინფორმაცია“, „Dog Rose“, „სავარძელი“, „ჭა“.
მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, წმიდა გიორგის ოქროს ორდენი, თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.