ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი 100 წლისაა

ჩვენ ვამაყობთ იმ ეროვნული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მიღწევებით და იმ ღია სამეცნიერო საზოგადოებით, რომელიც ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტმა 100 წლის განმავლობაში შექმნა“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებითა და მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციით – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეები, დოქტორანტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, ასევე, საქართველოს, იტალიის, აზერბაიჯანის, სომხეთის, პოლონეთის, უკრაინის, ჩინეთის, ბელარუსის, იორდანიის, ინდოეთისა და უზბეკეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერთა დელეგაციები და სხვა მიწვეული პირები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ ლომინაძემ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ადმინიტრაციის წარმომადგენლებსა და მეცნიერ-მკვლევრებს ინსტიტუტის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონფერენცია ხაზს უსვამს ინსტიტუტის გადამწყვეტ როლს მეცნიერების განვითარებისა და ინტეგრირებული კვლევითი მიდგომების დანერგვაში. როგორც ვიცე-რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ინსტიტუტმა, საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სამეცნიერო მემკვიდრეობის ფორმირებაში და დღემდე რჩება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ცენტრად. 

„თანამედროვე სამყაროში, სადაც ბუნებრივი რესურსების მართვა, კლიმატის ცვლილება, ეკოსისტემების დაცვა და ტექნოლოგიური პროგრესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, ინსტიტუტის როლი არსებითად იზრდება. აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინოვაციებზე დაფუძნებულ კვლევებს, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა თაობისთვის პროფესიული, აკადემიური და კვლევითი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენი წარსული გვასწავლის, რომ პროგრესი მუდმივ განვითარებასა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ხედვას მოითხოვს. შესაბამისად, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის მისიაა, მომავალშიც დარჩეს ცოდნის, სამეცნიერო ძიებისა და პროფესიული სრულყოფის ერთიან სივრცედ“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა. მან კონფერენციის მონაწილეებს ინსტიტუტის ისტორია გააცნო და იმ ცნობილ მეცნიერთა ღვაწლზე ესაუბრა, რომლებიც დაარსებიდან წლების განმავლობაში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუტში მიმდინარე კვლევებზე, საგრანტო პროექტებსა და მათ სამეცნიერო ღირებულებაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებს ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცეს, ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტმა მარკო არჩიერიმ, ცენტრალური ჩინეთის ნორმალ უნივერსიტეტის (CCNU) პროფესორმა იუჯინ ვუ ვუჰანიმ, სომხეთის აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჰოგანეს ტოკმაჯიანმა, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ფარდა იმანოვმა და სხვა სტუმრებმა.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს ღისშესანიშნავ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს ის ფასეულობები, რომლებიც მჭიდროდ აკავშირებს განათლებას, მეცნიერებასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

„წყალთა მეურნეობა, როგორც დარგი, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თანამედროვე სამყაროში, სადაც, ურბანული განვითარების პირობებში, კლიმატის ცვლილებასა თუ წყლის რესურსებთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინება, ბუნებრივი რესურსების გონივრული მართვა, ეკოსისტემების დაცვა და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებად რჩება. ამ კონტექსტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი უკვე ერთი საუკუნეა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრია, რომელიც წყლის რესურსების დაცვისა და მართვის კუთხით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც აქტიურად ახორციელებს კვლევით პროექტებს, იღებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. ინსტიტუტის წვლილი განსაკუთრებით ფასეულია იმ პირობებში, როცა ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დამყარებული წყალმომარაგებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება, რაც ნათლად წარმოაჩენს ინსტიტუტის როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ მნიშვნელობას.

 

ამ ინსტიტუტმა აღზარდა ინჟინრების, მკვლევრებისა და სპეციალისტების არაერთი თაობა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობდნენ და დღესაც მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათი შრომის შედეგი არა მხოლოდ სამეცნიერო მიღწევები და წარმატებებია, არამედ ის ღირებულებები, რაც დაკავშირებულია მეცნიერებისადმი ერთგულებასთან, პროფესიულ ეთიკასთან და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასთან. ამდენად, დღეს მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებებით არ ვამაყობთ, დღევანდელი დღე არის გარდამტეხი ეტაპი, რომელიც შეგვახსენებს მომავალის წინაშე პასუხისმგებლობასა და მოვალეობას. ეს არის ახლის საწყისი, რომელიც შეგვახსენებს, რომ წარსული გამოცდილება მხოლოდ საყრდენია მომავლის გეგმების განსახორციელებლად, რომ წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სახელოვანი ისტორია უნდა იქცეს სტრატეგიულ საძირკვლად მდგრადი, ინოვაციური მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ – ახალი იდეებისა და თანამშრომლობისთვის მძლავრი პლატფორმა გახდება. მადლობას ვუხდი კონფერენციის მონაწილე მეცნიერებს, განსაკუთრებული მადლობა და გულითადი მილოცვა კი ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ცოდნითა და თავდადებით წლებია ემსახურება წყალთა მეურნეობის დარგს“, – აღნიშნავს თავის მიმართვაში დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ ორი დღის მანძილზე სამ სექციად წარიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან, 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ძალიან ცუდია, ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.„ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც“, – აღნიშნა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აძლევს პუტინს კიდევ 50 დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ 50 დღე ბევრია. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს“.ამასთან, კითხვაზე, იცავს თუ არა დონალდ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არავის მხარეს არ ვარ“. ტრამპის განმარტებით, ის „კაცობრიობის მხარეს არის“.

🎥 „გარდაცვალების ისეთი მიზეზი ეწერა, თან ისე უგულოდ…“ – მარიკუნა მიქატაძის შვილი მიმართვას ავრცელებს

მარიკუნა მიქატაძის შვილი, ირინა ქიქოძე მიმართვას ავრცელებს.„არ მიფიქრია, რომ ოდესმე ამაზე ლაპარაკი მომიწევდა. დედაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და ამ ყველაფერს არ ვიცი, სოციალურ მედიაში რატომ უნდა განვიხილავდე... ბევრი რამ მინახავს, კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ რაღაც ვიდეო შემხვდა, სადაც გარდაცვალების მიზეზს კითხულობდნენ, ლოგიკურია, როცა ასეთი ვიდეო იდება, რამდენიმე კითხვა წამოიწევა. ამ ვიდეოს ქვეშ ეწერა გარდაცვალების ისეთი მიზეზი, რომელიც ჩემთვის ... არ ვიცი... თან იმდენად უგულოდ და ამაზრზენულად, თავი ვერ შევიკავე და კომენტარს თავად გავეცი პასუხი. მინდა, გაითვალისწინოთ, სხვებზეც მოქმედებს ეს ყველაფერი, რასაც აკეთებთ... იფიქრეთ, სანამ რაღაცას დაწერთ“, - თქვა ირინა ქიქოძემ.ვრცლად ↓ შეგახსენებთ, 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.გამოძიების ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.

როგორ მიაგნეს მონაზვნების სახლში 800-მდე ჩვილის ცხედარს-ირლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ირლანდიაში წლების წინ მონაზვნების მიერ მართული სახლი, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.ტუამის ქალაქთან (გოლვეის საგრაფო) ახლოს, ყოფილი გაუთხოვარი ორსული ქალებისთვის განკუთვნილ თავშესაფრის ტერიტორიაზე ბავშვების მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლთა უმეტესობის ასაკი სამ წელზე მეტი არ იყო.ექსპერტებმა სამარხიდან შესასწავლად აიღეს ძვლის ფრაგმენტებისა და ნიადაგის საკონტროლო ნიმუშები.ეს ბავშვები 1925-1961 წლებში გარდაიცვალნენ მძიმე პირობებში, უმეტესად ავადმყოფობისა და უვარგისი მოვლის გამო.2014 წელს ადგილობრივმა ისტორიკოსმა ქეთრინ კორუსმა გამოავლინა, რომ ეს ბავშვები შესაძლოა არადაკანონებულ, არადამკრძალავ სამარხში, ყოფილი საკანალიზაციო ავზის ტერიტორიაზე იყვნენ დასაფლავებული.2025 წლის ივნისში ოფიციალურად დაიწყო მასობრივი საფლავის გათხრები, რომელთა მიზანია გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია და მათი ოჯახებისთვის გადაცემა.მოვლენა ითვლება ირლანდიის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ტრაგედიად, რაც ნათელს ფენს იმ დროის ეკლესიისა და სახელმწიფოს სისასტიკეს დაუქორწინებელი დედებისა და მათი ბავშვების მიმართ.გამოძიება ისტორიკოს კეტრინ კორლესის წიგნმა გამოიწვია, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ თავშესაფარში 796 ბავშვი და ჩვილი ფარულად დაკრძალეს. ჩვილების უმეტესობა ტუბერკულოზით, წითელათი, ყივანახველით ან გრიპით იღუპებოდა.ისტორიკოსის ნაშრომზე დაყრდნობით, 2015 წელს ირლანდიის მთავრობამ შექმნა სპეციალური კომისია გამოსაძიებლად. 2016 წლის ბოლოს დაწყებულმა გათხრებმა სამწუხარო ფაქტები დაადასტურა.კომისიამ ასევე განმარტა, რომ 1925 წლიდან 1998 წლამდე ირლანდიაში სულ 14 დაწესებულება იყო, სადაც გაუთხოვარი ორსული ქალები იყვნენ განთავსებული და, როგორც ამბობენ, მათში ბავშვებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულად მაღალი იყო. მიმდინარე გამოძიება მალე მათაც უნდა შეეხოს.კეტრინ კორლესის თქმით, 1925-დან 1961 წლამდე ბონ სეკურის დედათა და ბავშვთა სახლში 798 ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა მხოლოდ ორი მათგანი დაკრძალეს რეალურ სასაფლაოზე. The NY Post-ის ცნობით, დარჩენილი 796 ბავშვი, სავარაუდოდ, ორმოს სახელით ცნობილ სეპტიკურ ავზში ჩაყარეს.

„დაბლოკეთ ბარათი… შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი…“ – საბანკო ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.„დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ:როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ“, - აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის გაფრთხილებაში.

შალვა პაპუაშვილი – ზურაბიშვილის წერილს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია, რომელსაც ის ჰყავს დაქირავებული

სალომე ზურაბიშვილის წერილს ყურადღებას ნუ მივაქცევთ, სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ჰყავს დაქირავებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გასაგებია, რას შეიძლება, ემსახურებოდეს ქართველი პოლიტიკოსის ქმედება, რომელიც უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის დაქირავებული.„არ დაგვავიწყდეს, ქალბატონი ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ არის დაქირავებული, იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. მისი წერილი სინამდვილეში „მაკკეინის ინსტიტუტის“ წერილია კაია კალასის მიმართ. ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ. ქართველი პოლიტიკოსი როდესაც ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც გაცხადებული აქვს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება. „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ დაქირავებული ლობისტია საქართველოში, ატარებს „მაკკეინის ინსტიტუტის“ პოლიტიკას, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ არის მტრული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს წერილით მიმართავს.

ბოლო სიახლეები