პარასკევი, ივნისი 27, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ფაზისის აკადემიის წევრად აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიის 1752 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა გია კვაშილავამ ფაზისის აკადემიის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესია გაიმართა. სესიას, რომელიც გახსნა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები და აკადემიის წევრები. დოქტორ გია კვაშილავას თქმით, ფაზისის აკადემიისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ფაზისის აკადემიის წევრთა რიგებში მიღება.

„თვალსაჩინო და მნიშვნელოვანია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის წვლილი მეცნიერების განვითარებაში, განსაკუთრებით კი, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებში. ვფიქრობ, მისი წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს ფაზისის აკადემიის ინტელექტუალურ პოტენციალს და გახდება ახალი სამეცნიერო იდეების, ახალი თანამშრომლობის სტიმული. ვულოცავთ აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაზისის აკადემიაში გაწევრიანებას და ვუსურვებ მას წარმატებას სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – აღნიშნა გია კვაშილავამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტსა და აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიის მონაწილეებს. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, გასული საუკუნის 70-იან წლებში ეროვნულად მოაზროვნე ქართველმა მამულიშვილებმა ისტორიული ფაზისის აკადემია აღადგინეს. 1974 წლის 29 ივნისს, აკადემიის აღდგენის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სასიქადულო ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ილია ვეკუამ, საქართველოს კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა, საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დამიანე გოგოხიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ჩიტაიამ. აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია გახლდათ აკადემიის პირველი პრეზიდენტი, ხოლო სხვადასხვა დროს, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტები იყვნენ პროფესორი ილია ტაბაღუა, აკადემიკოსი ცოტნე მირცხულავა და პროფესორი ნუგზარ ნადარაია. ფაზისის აკადემიის დამფუძნებელთა კრების წევრები იყვნენ ქართული საზოგადოების მხრიდან დიდად დაფასებული და ავტორიტეტული მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ამირანაშვილი, ანდრია აფაქიძე, პავლე ინგოროყვა, ეგნატე ფიფია, თეოფანე დავითაია, შოთა ძიძიგური, კონსტანტინე ბარამიძე, ლეონიდე გორგილაძე, მიხეილ დარასელია, ზურაბ ანჩაბაძე, მარიამ ლორთქიფანიძე, ლევან ფრუიძე. დავით გურგენიძის თქმით, დღეს ფაზისის აკადემია გვახსენებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს, ინტელექტუალური და სულიერი მემკვიდრეობის ღრმა ფესვებს, საიდანაც თანამედროვეობის სახელოვანი მეცნიერები აგრძელებენ დიდ მეცნიერთა გაკვალულ გზას და იკვლევენ კოლხეთის ისტორიას.

„ფაზისის აკადემიის როლი ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში განსაკუთრებით ფასეულია. ის არა მხოლოდ ინარჩუნებს ჩვენს კულტურულ იდენტობას, არამედ იძლევა ნიადაგს ახალი იდეებისა და ინოვაციების გასაღვივებლად. მეცნიერთა თაობები, რომლებიც ამ აკადემიიდან მოდიან, გვახსენებენ, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებაზე ორიენტირებული მოღვაწეობა. უდიდესი პატივისცემის ნიშნად, მინდა აღვნიშნო, რომ სიგელი, რომელიც აკადემიის პრეზიდენტმა გადმომცა, არ არის ჩემი პირადი მიღწევა, ეს არის თითოეული ჩვენთაგანის დაუღალავი შრომის შედეგი. იმ ადამიანებისა, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ჩვენს საერთო მიზანს – განათლებული, პროგრესული და მეცნიერებაზე დაფუძნებული საქართველოს მომავლის აშენებას. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას და წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ფაზისის აკადემიის XXVI სამეცნიერო სესიაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მანქანების დეპარტამენტის პროფესორმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ფაზისის აკადემიის წევრმა გელა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება თემაზე – „მეწყერსაშიშ ზონებში ლითონის ნარანდიანი ხიმინჯების გამოყენების მეთოდები“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება, ეს არის ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება – ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული.„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ოცნება, ორი მთავარი ქართული ოცნება – ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ ამ მიმართულებით, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში გვექნება ამ მიზნის სრულად მიღწევის საშუალება; მეორე – ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არის ჩვენი ეროვნული ოცნება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც იდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჩვენი გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი საბოლოოდ იქნება მიღწეული ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად ამ საკითხზე იმუშაოს

განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.პრემიერის თქმით, ის კანონის გამკაცრების მომხრეა, თუმცა ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში.„რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას განზრახ მკვლელობაზე, ამასთან დაკავშირებით კოლეგების ნაწილმა იცის ჩემი მკაფიო პოზიცია. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე. ეს არის მგრძნობიარე საკითხი, არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, მე ვფიქრობ, ის სანქციები, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსით განზრახ მკვლელობისთვის, არ არის საკმარისი. მახსოვს ერთი შემთხვევა, მოხდა მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით და ადამიანს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ადამიანი მოკლეს და ათ წელზე უფრო ადრეც შეიძლება გამოვიდეს დამნაშავე ციხიდან. ასეთი მიდგომები რა თქმა უნდა, გადახედვას საჭიროებს. მე პირადად ვარ გამკაცრების მომხრე, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ, რომ, ზოგადად, რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, აქ კანონმდებლობა არის გადასახედი გამკაცრების მიმართულებით და მთავრობა მზად არის, პარლამენტთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე“, – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი – გამოვიდეთ ყველანი ერთად და ჩვენ დავანახებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, რამდენად ძლიერია ეს საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა

კვირას, 20:00 საათზე ყველანი გამოვიდეთ, ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად – პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, აქციაზე გამოჩნდება, რამდენად ძლიერია ერთიანობა, რამდენად ძლიერია საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა.„ეს კვირა ალბათ ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ამდენი პოლიტპატიმარი ერთ კვირაში არათუ საქართველოში, ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს. მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ გავჩერდეთ, რადგან პირიქით, ის რაც ხდება, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ვართ უფრო ძლიერები. ის ფაქტი, რომ პლატფორმის ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს, თუ რამდენად აწუხებთ მათ წინააღმდეგობის ერთობა. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება, არის კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს ერთი ნაბიჯი ერთობაში, ყველას ერთად დგომა. ამის საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველანი გამოვიდეთ და ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც უყურებს, დღეს საქართველოში რა ხდება, რომელსაც ესმის ან რომელიც გრძნობს, საითკენ მიჰყავთ ეს ქვეყანა – ეს ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად, პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში. მე ვიქნები იქ, თქვენ იქნებით იქ და ჩვენ დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, რამდენად ძლიერია ეს საზოგადოება, რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე – ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვაწყდებით ლიბერალურ შეხედულებებს, რომ ნარკოტიკი მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ვაწყდებით ლიბერალურ შეხედულებებს, რომ სახელმწიფოში ეს მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დაახლოებით ისე, როგორც ალკოჰოლური საშუალება. პირად მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „პრემიერმა ისაუბრა ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტისა და ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის სახელმწიფოს მიერ გადმობარების მნიშვნელობაზე. რატომ გახდა ამდენად გამკაცრება და ამ ტიპის ღონისძიებები საჭირო?“„მადლობა ამ თემით დაინტერესებისა და ამ თემის გაშუქებისთვის, მადლობა, რომ მაქვს საშუალება, საზოგადოებას ფართოდ ვესაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რა არის მტკივნეული საკითხები და როგორია ამ პრობლემების გადაჭრის ხედვა. იმავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ესენია საკითხები, რომლებიც აწუხებს საზოგადოებას. რეალურად, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილია, რომელსაც ყურადღება აქვს დათმობილი ამ თემისთვის, რეალურად აღიქვამს, რომ ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები, რომლებიც გამოიწვია გარკვეულმა ლიბერალურმა მიდგომებმა. ვფიქრობთ, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ეს მიდგომები გადაიხედოს, გაჩნდეს პრობლემების რეალურად გადაჭრაზე ფიქრის შესაძლებლობა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, კომერციალიზაცია ამ სფეროში არის გარკვეული პრობლემების შემცველი, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, როდესაც კონკრეტული მიმწოდებელი არის კონკრეტული სუბიექტი და აქვს ინტერესი, რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გაყიდოს, რომლითაც მდიდრდება, ამ ინტერესმა, შესაძლოა, შემდეგ ხელი შეუშალოს პროდუქტის მომხმარების შემცირების სურვილს. პირადად მქონია არაერთხელ შეხვედრა ნარკოლოგებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ და, სამწუხაროდ, აქ ვაწყდებით განსხვავებულ მოსაზრებებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ შეხედულებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელთა აზრითაც, სახელმწიფოში ეს მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. არის ლიბერალური შეხედულებები, ლიბერალური მიდგომის გამართლების მცდელობა და ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს სახელმწიფოში ნარკოტიკი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი, დაახლოებით ისე, როგორც ალკოჰოლური საშუალება. პირად მე ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. მე, როგორც, მათ შორის, იურისტს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის მართებული მიდგომა.არის განსხვავებული მოსაზრებაც ამ ლიბერალური შეხედულებისგან და პირიქით. იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი რისკია ამ ნივთიერებების ავად მოხმარებისა, ასეთ დროს გამართლებულია, სახელმწიფო იყოს მკაცრი და ნივთიერებების მოხმარება არ გახადოს ლეგალური ბიზნესის, შემოსავლის წყარო. პრიმიტიულად შეიძლება ეს ყველაფერი აიხსნას. მაგალითად, ტკბილი პროდუქტი არ არის სასარგებლო. ტკბილ პროდუქტს ვინც ყიდის, რასაკვირველია, დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი გაიყიდოს. მასვე რომ ჩავაბაროთ, მაგალითად, იმაზე ზრუნვა, რაც შეიძლება ნაკლებ ტკბილ პროდუქტს მოვახმარდეთ ჩვენს შვილებს, ინტერესთა კონფლიქტი იარსებებს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ზუსტი ანალოგი და ზუსტ პარალელს ვერ გაავლებთ, მაგრამ პრინციპის ასახსნელად გამოსადეგია.ამიტომ, როცა პრემიერმა ისაუბრა ამ ტიპის ინტერესთა კონფლიქტზე, ეს არის აბსოლუტურად მართებული შენიშვნა. საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის, ცენტრალური, საკვანძო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სწორედ ამ გარემოებას. ხალხს, რომელიც ფულს შოულობს, შეიძლება, კომერციული ინტერესი ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული იმ პროგრამაში, რასაც ჩანაცვლებით პროგრამას, „მეთადონის“ პროგრამას ვუწოდებთ. ჩნდება ლიბერალური მიდგომა ნარკოპოლიტიკის მიმართ, ამბობენ, რომ ნარკოტიკი უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს, უნდა ყიდულობდეს აფთიაქებში და შემდეგ მოიხმარდეს. ასეთი ლიბერალური შეხედულების ადამიანები, როგორც წესი, ემთხვევიან ხოლმე იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელთათვისაც კომერციულადაც საინტერესოა ასეთი მიდგომა. რატომ არ მოგვწონს ჩვენ ნარკომოვაჭრეები? რატომ მივიჩნევთ, რომ ეს ცუდი საქმეა? რა მნიშვნელობა აქვს, ლეგალურია თუ არალეგალური, თვისობრივად დიდი პრობლემების წყაროა ის, რომ ინტერესთა კონფლიქტი არსებობს ამ თვალსაზრისით. ადამიანები, რომლებიც მომხრეები არიან ლიბერალური შეხედულებების, რომ მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ნარკოტიკი, მათთვის ეს კომერციულად შეიძლება იყოს საინტერესო. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ კიდევ მივიჩნევთ, რომ ასე არ უნდა იყოს, საზოგადოება რაც შეიძლება შორს უნდა ვამყოფოთ ისეთი მანკიერი თვისებისგან, როგორიც არის ნარკომანია. ამიტომ რაც შეიძლება მეტად რთულად უნდა იყოს ეს ხელმისაწვდომი. მთავარი ატრიბუტი, დამახასიათებელი უნდა იყოს მკურნალობის ფუნქცია. ამას გაუსვა ხაზი პრემიერმა და ეს იყო მართებული შენიშვნა. რაც ყველაზე მთავარია, მიზანი და ამოცანა უნდა იყოს ადამიანის განკურნება. ამის ამბიცია უნდა გქონდეს და რესურსიც ამას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანა დოლიძე – რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწმეები ამ ისტორიული უსამართლობის, მაქსიმალურად ვიაროთ სასამართლო პროცესებზე

სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვა ცალსახად არის მოსამართლეების მოთხოვნა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა.დოლიძის თქმით, საჭიროა, სასამართლო პროცესებზე საზოგადოების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა დაესწროს, რადგან “ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა”.„სრულიად არადემოკრატიული მეთოდით, “ქართულმა ოცნებამ” დახურა სასამართლო პროცესები. არ იქნება შესაძლებელი მედია გაშუქება. რატომ?! ცალსახად ეს არის მოსამართლეების მოთხოვნა, რადგან ხალხის დასწრება გარკვეულწილად უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას. გაშუქება არის გარკვეული წნეხი და ანგარიშვალდებულება. 2007 წელს, სწორედ ასე დაიხურა სასამართლო სხდომები “ნაციონალური მოძრაობის” დროს, გირგვლიანის პროცესების მერე, რომლის მონაწილე ვიყავი მე და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ დაიხურა პროცესები, რათა მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მარტივად მიეღოთ. ახლაც მსგავს სიტუაციაში ვართ, იხურება პროცესები, რადგან პოლიტიკური წნეხი მაღალია. რა უნდა ვქნათ ახალ რეალობაში?! ფიზიკურად, მაქსიმალურად ბევრმა უნდა ვიაროთ პროცესებზე. ამას აქ რამდენიმე ახსნა. პირველი ის, რომ ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა. მეორე ეს არის ბრალდებულების გამხსნევება. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. მესამე კი, თვით ცრუ მოწმებმაც უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებამ მათ შესახებ იცის. მაქსიმალურად დავესწროთ სხდომებს და ჩვენი ფიზიკურო ყოფნით დავდგეთ სიმართლის მხარეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ბოლო სიახლეები