საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლიანა თარგამაძე და სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი სამუშაო ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შვედეთში გამართულ მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო EDU-ABCM, EU-ZW და EU-AGM ერთობლივ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) კომპონენტის ფარგლებში შვედეთის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში — Kungliga Tekniska Högskolan (KTH) და Mälardalens Universitet (MDU), აგრეთვე, სტოკჰოლმი–ტურკუს ბორანზე გაიმართა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გლობალური და თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით და უზრუნველყოს პარტნიორებს შორის გამოცდილების, იდეებისა და ინოვაციური ხედვების გაცვლა.
„შეხვედრა წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპს ციფრული საგანმანათლებლო რესურსების, კურსებისა და პროგრამების განვითარების კუთხით მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. პროექტის მიზანია თანამედროვე, ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული ციფრული სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება, რაც Erasmus+ CBHE პროექტების გავლენას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს“, – აცხადებს სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი EU-AGM პროექტის თანაკოორდინატორად დაინიშნა, რაც უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციის, პროფესიონალიზმისა და თანამშრომლობის მაღალი ხარისხის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სრულიად დისტანციური ლაბორატორიის შექმნა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტუდენტებისთვის ინოვაციური სწავლების შესაძლებლობებს და გახდება რეგიონში ერთ-ერთი უნიკალური ციფრული სასწავლო სივრცე მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით მსოფლიოს 15 ქვეყნის წამყვანმა უნივერსიტეტებმა. შეხვედრები წარიმართა ინტერაქციული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტები სამი Erasmus+ პროექტის ფარგლებში: EDU-ABCM — პარტნიორები კამერუნიდან, ეთიოპიიდან, მავრიკიდან და იტალიიდან. EU-ZW — პარტნიორები ზიმბაბვედან, ესპანეთიდან და შვედეთიდან. EU-AGM — პარტნიორები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან და საბერძნეთიდან“, – აცხადებს ლიანა თარგამაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, მწვანე ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ციფრული სწავლების განვითარების საერთაშორისო შეხვედრაზე განხილული იყო მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: სასწავლო მოდულების, დისტანციური ლაბორატორიების, ქეისებისა და გამოწვევების შექმნა QIP მეთოდოლოგიის გამოყენებით; გენდერული თანასწორობის თემატიკა; ხილვადობისა და ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიები, თარგმნის მექანიზმები; კურსებისა და მიკროაკრედიტაციების შემუშავება “EEDA Planner” და “EEDA OpenedX” პლატფორმებზე; საუკეთესო პრაქტიკები და ინოვაციური მიდგომები; „გადაბრუნებული კლასის” (Flipped Classroom) სწავლების მოდელი; ინდუსტრიის წარმომადგენელთა ხედვები; მდგრადობა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა.