პარასკევი, ივნისი 13, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრ ლაშა მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატზე, 90 კგ და 60+ კგ წონით კატეგორიებში მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

როგორც რექტორი აცხადებს, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებისა და მისი წევრის, ლაშა მაისურაძის უდიდესი გამარჯვება და ზოგადად, საერთაშორისო ტურნირებში ქართველ პარასპორტსმენთა წარმატებული ასპარეზობა ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს.

„ღრმა პატივისცემითა და სიამაყით გამსჭვალული ვულოცავ პარამკლავჭიდელ ლაშა მაისურაძეს, ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს – ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ უდიდეს გამარჯვებას! ოთხი ოქროს მედლის დაუფლება და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ნათლად მეტყველებს მის განსაკუთრებულ ნიჭზე, შრომისმოყვარეობასა და შეუპოვრობაზე. ჩვენი პარასპორტსმენების წარმატებას სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს. პარასპორტი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა ადამიანური სიმტკიცისა და შეუპოვრობისა. ის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე აჩვენა, მხოლოდ დაუღალავი შრომით, უდიდესი სიმტკიცითა და ნებისყოფით მიიღწევა. ქართველ პარამკლავჭიდელთა და მათ შორის ლაშა მაისურაძის გამარჯვება გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი წარმატება გამოწვევების დაძლევისკენ ორიენტირებულ სწრაფვაშია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტს, ლაშა მაისურაძეს დიდებულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებებს აკადემიურ და სპორტულ ასპარეზზე“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით – 126 მედლით დაასრულა. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქრო, 46 ვერცხლი და 24 ბრინჯაო მოიპოვეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან დააკავეს

გირაოს გადაუხდელობის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი დააკავეს. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით დღეს შეუცვალა.გვარამია სასამართლოს სხდომას არ დასწრებია, მას ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც თავად მივიდა.ნიკა გვარამიას დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მის წინააღმდეგ საქმე 349-ე მუხლით არის აღძრული."კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც მან არ გადაიხადა.

გია ვოლსკი – დონალდ ტუსკის განცხადება საკუთარი პრობლემების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობაა, არ მგონია, ასეთ განცხადებას პოლონელები უჭერდნენ მხარს

საქართველოს შესახებ დონალდ ტუსკის განცხადება საკუთარი პრობლემების სხვა მიმართულებით გადატანის მცდელობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, მსგავს განცხადებას პოლონელები მხარს არ უჭერენ.„პოლონეთში საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარება დავინახეთ. მმართველ პარტიას სეიმში დეპუტატთა ის რაოდენობა არ გააჩნია, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ეს ურთულესი პრობლემაა, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მმართველ პარტიას ექნება, თუ ის ისევ ხელისუფლებაში დარჩება. სეიმში მძიმე განხილვები იყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების თვალსაზრისით. ამ ფონზე და ასეთ ვითარებაში ტუსკის განცხადება იმ კონტექსტშია განსახილველი, რომ საკუთარი პრობლემები სხვა მიმართულებით გადაიტანოს. ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა. არ მგონია, ასეთ განცხადებას პოლონელები მხარს უჭერდნენ, რადგან ბევრი მეგობარი გვყავს პოლონეთში. ვინც აქ ჩამოდის და სიტუაციას ნახულობს, კარგად გაერკვევა ვითარებაში და საკუთარ ქვეყანაში დადებით ინფორმაციას ჩაიტანს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.11 ივნისს, დონალდ ტუსკმა პოლონეთის პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მზად არის, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოიყენოს „საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ“. დონალდ ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში...

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს.  დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა". ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს. ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..." 

კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ათი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.„ათი წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა – დიდი და პატარა გაერთიანდა, რათა მხარში დადგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რა შეუძლია ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები.

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდამრღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს."რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები