საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო სტუდენტური კლუბის წევრები, სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ და იქ დაცულ უნიკალურ ექსპონატთა ფონდი დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებითა და ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის აქტიური ჩართულობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, გარკვეული პერიოდულობით, საქართველოს მუზეუმებში დაცულ ეროვნულ საგანძურს ეცნობიან.
ნოდარ ტაბიძის საუნივერსიტეტო კლუბის პრეზიდენტის, სტუდენტ არჩილ გურგენიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულმა ექსპონატებმა და მათმა ისტორიამ, ახალგაზრდებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.
“ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია უნიკალური ხელნაწერები – ეს 70 000 ექსპონატისგან შემდგარი ჩვენი ეროვნული საგანძურია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვეცა გვენახა სიგელი თამარ მეფის ხელმოწერით, ერეკლე მეფის მიმოწერა, მიხაი ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციის დედნები, ვეფხისტყაოსნის 164 ხელნაწერი, მე-10 საუკუნის ლაილაშის ბიბლია და ქართული კულტურის მრავალი უნიკალური ძეგლი, რომლებიც ჩვენი ეროვნული სიამაყეა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საგანძური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის დაცული ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველისთვის ხელმისაწვდომია. ვფიქრობთ, ამ მუზეუმს ხშირად უნდა ესტუმრონ ახალგაზრდები, რათა უკეთ შეიმეცნონ ჩვენი კულტურა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია”, – ამბობს არჩილ გურგენიძე.
როგორც სტუ-ის ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის კონსულტანტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ სრულყოფილი წარმოდგენა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, რაც ახალგაზრდობისთვის ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნების ძლიერი ინსტრუმენტია.
“საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ახალგაზრდები აუცილებლად უნდა ეზიარონ ქართულ კულტურას, უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, რათა განიმსჭვალონ მაღალი ეროვნული თვითშეგნებით, შეინარჩუნონ ეროვნული იდენტობა, რაც უდიდეს როლს თამაშობს სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარების, კულტურული ტრადიციების შენარჩუნების და შემდგომი თაობებისთვის ამ მემკვიდრეობის გადაცემის საქმეში. ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო სივრცეში სტაბილურად პოზიციონირებისთვის. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვან სულიერ საზრდოს აძლევს ჩვენს სტუდენტებს. ჩვენთვის, პედაგოგებისთვის, სასიხარულოა, რომ მსგავს საუნივერსიტეტო აქტივობებში თანამონაწილეობის სურვილს ახალგაზრდები თავად გამოთქვამენ”, – აცხადებს ხათუნა საგინაშვილი.