ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ახალი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს და ახალი გამარჯვება მოიპოვეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, „სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2007-2008 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „სტუ ტონუსის“ წყალბურთელებმა ნახევარფინალში, ანგარიშით – 12:9, „დინამო-1“ დაამარცხეს, ხოლო ფინალში „ლაგუნა ვერეს“ გუნდი, ანგარიშით – 19:8, სძლიეს და ეროვნული ჩემპიონატის თასს დაეუფლნენ.

„რაც შეეხება „სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდს, მან შესაშური წარმატებით იასპარეზა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში – „ლიუბლიანას თასი“, რომელშიც საქართველოს, სლოვენიის, ხორვატიის, უკრაინის, ისრაელისა და ბულგარეთის სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებისგან შემდგარი გუნდები და ნაკრებები მონაწილეობდნენ.

„სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის ანგარიშზე ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირის ჯილდოები ამგვარად განაწილდა: მამუკა შენგელია – 1 ოქრო, 2 ვერცხლი; სანდრო ქვილორია – 2 ოქრო, 1 ვერცხლი; აკაკი მღებრიშვილი – 3 ოქრო; ალექსანდრე ჯიქიძე – 3 ვერცხლი; სალი შერბაევა – 1 ოქრო, 1 ვერცხლი. ამასთან ერთად, „სტუ ტონუსის“ მოცურავე სალი შერბაევამ, თავის ასაკობრივ ჯგუფში (2009-2010), ჯამური ქულით „ლუბლიანას თასი“ მოიპოვა, ხოლო 4X50 თავისუფალი ყაიდით ცურვაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც „სტუ ტონუსის“ მოცურავე მამუკა შენგელია ასპარეზობდა, საქართველოს რეკორდი დაამყარა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი „სტუ ტონუსის” წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებს მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას ულოცავს. როგორც არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებით, აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მუდმივად ზრუნავს შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნაზე, რათა ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს

არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.„ჩვენ განვიხილავთ (5 მარტს, მინისტერიალის შეხვედრაზე), კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დაძაბულობის რეალურად შესამცირებლად და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. არსებობს რისკი, რომ სიტუაცია, შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს, თუ ორმხრივი თავდასხმები დაიწყება და ასე გაგრძელდება“, – განაცხადა კაია კალასმა.ამასთან, კალასმა ირანის მიერ კონფლიქტის აქტიური ფაზის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების უნართან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა.„თუ ირანი ახლა თავის გარშემო არსებულ ყველა ქვეყანას მიზანში ამოიღებს, საბოლოოდ მას ბევრი არჩევანი არ ექნება, ამიტომ საბოლოოდ ეს დასრულდება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ირანი იბრძვის, ის სინამდვილეში მარტო იბრძვის, თავის „პროქსებთან“ ერთად. რუსეთი მათ არ უჭერს მხარს. და ეს სხვა სიტუაციებისგან ძალიან განსხვავდება“, – აღნიშნა კალასმა.

სენატმა არ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ირანში სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება

აშშ-ის სენატში ჩავარდა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მომავალში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დასაწყებად კონგრესის თანხმობა დასჭირდება.CNN-ის ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 47-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 53 კი - წინააღმდეგი წავიდა. რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა „დემოკრატმა“ სენატორებმა და მხოლოდ ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლიმ მისცა, მის დაბლოკვას კი მხარი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა და ერთმა „დემოკრატმა“ სენატორმა, ჯონ ფეტერმანმა დაუჭირა.CNN-ი განმარტავს, რომ რეზოლუციას, დამტკიცების შემთხვევაშიც, წინ რთული ბრძოლა ელოდა, რადგან წარმომადგენელთა პალატაში გადასასვლელად მას სენატში შესწორების შეტანის სრული პროცესის გავლა და შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოუწევდა, რისთვისაც კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.

რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში

რეალურად რა მედიკამენტები უნდა მიიღოს ბავშვმა ვირუსის შემთხვევაში, - თემაზე პედიატრი, თემურ მიქელაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.თემურ მიქელაძის თქმით, ერთი დაავადების მართვისას სამ მედიკამენტზე მეტი პოლიპრაგმაზიაა. 

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება ახლავე შეწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, ევროპულ ბაზრებზე გაზის მიწოდება არა ერთ თვეში, არამედ ახლავე შეწყვიტოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის განზრახვის გათვალისწინებით, რუსეთს, შეუძლია, ევროპული ბაზრიდან ადრეული გასვლა დაიწყოს და უფრო საინტერესო მყიდველებზე გადაერთოს.„ისინი გეგმავენ რუსული გაზის, მათ შორის თხევადი გაზის შესყიდვაზე შეზღუდვების დაწესებას ერთ თვეში. ხოლო ერთი წლის შემდეგ, 2027 წელს, შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, სრულ აკრძალვამდე. ახლა კი სხვა ბაზრები იხსნება. შესაძლოა, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იყოს ევროპულ ბაზარზე მიწოდება ახლავე შევწყვიტოთ. შევიდეთ იმ ბაზრებზე, რომლებიც იხსნება და იქ დავიმკვიდროთ თავი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, ეს არა გადაწყვეტილება, არამედ „ხმამაღლა ფიქრია“.„მინდა, ნათელი იყოს, რომ პოლიტიკური მოტივი არ არსებობს. თუ ერთ ან ორ თვეში მაინც უნდა დახურონ ბაზარი, მაშინ არ სჯობს, რომ ახლავე შევწყვიტოთ მიწოდება და იმ ქვეყნებში წავიდეთ, რომლებიც სანდო პარტნიორები არიან და იქ გავმყარდეთ? მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ არის. ამ შემთხვევაში, როგორც ამბობენ, ეს უბრალოდ ხმამაღლა ფიქრია“, – აღნიშნა პუტინმა.ცნობისთვის, იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო გაზის იმპორტის – 2027 წლის სექტემბრიდან.

თეიმურაზ მღებრიშვილი – დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ინფორმაციით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ფართი.მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.„ამ დროისთვის შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. დაიწვა საამქროს დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია. საბედნიეროდ დაშავებული არავინ არაა. მობილიზებულია 21 ავტო სპეციალური ტექნიკა. მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

ბოლო სიახლეები