საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის ხელმძღვანელობით, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის დისწულის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის არტილერიის გენერალ-მაიორის, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს ეროვნული გმირის კონსტანტინე აფხაზისა და მასთან ერთად დახვრეტილი 14 ოფიცრისა და ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა ვაკის პარკში, 1923 წლის 20 მაისს, ჩეკისტების მიერ დახვრეტილი ეროვნული გმირების – გენერალ-მაიორ კონსტანტინე აფხაზის, და სამხედრო ცენტრის 14 წევრის: გენერლების – ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გენერალ-მაიორ ვარდენ წულუკიძის, პოლკოვნიკების – გიორგი ხიმშიაშვილისა და როსტომ მუსხელიშვილის, ოფიცრების – ივანე ქუთათელაძისა და ნიკოლოზ ზანდუკელის, როტმისტრების – სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელისა და ფარნაოზ ყარალაშვილის, იასონ კერესელიძის, ლევან კლიმიაშვილის, დიმიტრი ჩრდილელის, სიმონ ჭიაბრიშვილის, პოლკოვნიკების – ალექსანდრე მაჭავარიანისა და ელიზბარ გულისაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ქართველი პატრიოტების დახვრეტიდან 102 წლის შემდეგ, ჯალათების წინაშე უდრეკად მდგომი 15 ქართველის გმირობა მომავალი თაობებისთვის მუდამ ზნეობრივ გაკვეთილად დარჩება.
„კოტე აფხაზი და 14 რჩეული მამულიშვილი შეეწირა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეას, ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის თავდადებულთა ხსოვნას. შეუძლებელია დავიწყება იმისა, თუ ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორ იცავდნენ სამშობლოს და როგორ სწირავდნენ თავს. შეუძლებელია დავივიწყოთ კონსტანტინე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები – „ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!“ სწორედ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა იცხოვრო სამშობლოსთვის“, – აღნიშნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მემორიალთან.
ცნობისთვის, კონსტანტინე აფხაზი და მასთან ერთად დახვრეტილი 14 თანამებრძოლი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.