სამშაბათი, მაისი 20, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკული საბჭოების“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე,
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (University Capacity Building
Program – UCBP) ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს
კულტურის ატაშე ივენ კალის, ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოები საერთაშორისო
განათლებისთვის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორ ტიმოთი კ. ბლაუველთს და
ბუფალოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ ბასკარ დასს შეხვდა და მათთან ერთად UCBP-ის
მესამე ფაზის ფარგლებში კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტში გაიმართა, მონაწილეობდნენ
უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-
რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების საგრანტო პროექტებისა და უმაღლესი
განათლების პროგრამების ხელმძღვანელი სოფიო ბზიშვილი და „ამერიკული საბჭოების“
„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ კოორდინატორი ნათია სირდაძე.
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, თანადგომის მნიშვნელობაზე ქვეყნის
საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცის განვითარებაში. მან მხარდაჭერისთვის მადლობა
გადაუხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და „ამერიკულ საბჭოებს“ და აღნიშნა, რომ
საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო ჩართულობით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების
განვითარების პროგრამა“ (University Capacity Building Program – UCBP) წარმატებით გრძელდება.
დავით გურგენიძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ პირველი და
მეორე ფაზის შედეგები მიმოიხილა. როგორც რექტორმა აღნიშნა, პირველ ფაზაზე, საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამეწარმეო კულტურის განვითარებისა და ტექნოლოგიების
კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასთან ერთად, გაძლიერდა პარტნიორული
ურთიერთობები უნივერსიტეტს, ინდუსტრიასა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის. რექტორის
თქმით, პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, მაქსიმალურად მოხდა უნივერსიტეტის წინაშე
მდგარი გამოწვევების გათვალისწინება, ამერიკის სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში აპრობირებული
საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თუ სამეცნიერო-კვლევით
ცენტრებთან პარტნიორობის გაძლიერება. დავით გურგენიძის განცხადებით, მდგრადობის
მიმართულებით გადადგმულმა წარმატებულმა ნაბიჯებმა ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება
დაიმსახურა.
„მიგვაჩნია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მყარი საფუძველი
საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეებს შორის კოოოპერაცია გახდება. საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, აკადემიური მიმართულებით, მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სან
დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მის პრეზიდენტს, ქალბატონ ადელა დე ლა ტორეს
უახლოეს მომავალში ვუმასპინძლებთ. ასევე, გვაქვს კოლაბორაცია არიზონის უნივერსიტეტთან.
საგულისხმოა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო კოლაბორაცია
გვაკავშირებს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ სამეცნიერო ცენტრ FERMILAB-თან. იქ
მიმდინარე DUNE ექსპერიმენტში ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობენ. დიდი

სურვილი გვაქვს, ამერიკულ უნივერსიტეტებთან მეტად მრავალმხრივი კოოპერაციის
შესაძლებლობები გაგვიჩნდეს, გაფართოვდეს და გაღრმავდეს როგორც აკადემიური, ასევე,
სამეცნიერო კოლაბორაციები და ისეთ მრავალფეროვან, გლობალურ ჭრილში წარიმართოს, როგორც
ეს ევროპისა თუ აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უდიდეს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან
გვაქვს. ვიმედოვნებთ, პროგრამა UCBP-ის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობა დავამყარებთ იმ
ამერიკულ უნივერსიტეტებთან, რომლებიც სამეცნიერო-კვლევით ბმაში არიან ფერმის
ლაბორატორიათან, რაც მიზნობრივ თანამშრომლობის გააძლიერებს. მასში ჩაერთვებიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და
სტუდენტები. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამის მესამე ფაზაზე კონკრეტული
მიზნები ამოძრავებს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეალური შედეგები დავდოთ, რაც
უნივერსიტეტს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, აქტიური და
მდგრადი განვითარების საშუალებას მისცემს. წარმატებას ვუსურვებთ „უნივერსიტეტების
შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ და მის მონაწილე მხარეებს“, – განაცხადა რექტორმა,
დავით გურგენიძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროგრამის მესამე ფაზის სამუშაოებსა და არსებული რესურსების
მაქსიმალურად გამოყენების გზებზე, ასევე, მოსაზრებები შეაჯერეს UCBP-ის მესამე ფაზის
ძირითად აქცენტებზე.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და
ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოების“ წარმომადგენლებმა, რექტორს, აკადემიკოს დავით
გურგენიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს. როგორც
მათ აღნიშნეს, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მესამე ფაზა
ისეთივე წარმატებით განხორციელდება, როგორც წინამორბედი ფაზები და საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტს ამერიკულ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კოოპერაცია
ხელშესახებ კომერციულ შედეგებს მოუტანს.
სტუ-ის ინფორმაციით, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ მესამე
ფაზის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი დღის
განმავლობაში გაგრძელდება. მხარეები განიხილავენ უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ
შემუშავებულ სამ სამეცნიერო პროექტს: „ახალი კორონავირუსის ბიოინფორმატიკული
მოდელირების პროგრამული უზრუნველყოფა“, „მხედველობის არეალის ხელოვნურ ინტელექტზე
დაფუძნებული კუმპიუტერული ანალიზი“ და „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა თაფლის ფუტკრის
მოშენებაში“, რომლებიც ბუფალოს უნივერსიტეტის მედიკამენტებისა და ბიოთერაპიული
აღმოჩენების განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ ბასკარ დასის მიერ იქნა შერჩეული.
სამუშაო შეხვედრებზე სტუ-ის მკვლევრები, ამერიკელ მეცნიერთან ერთად, საგრანტო
წინადადებების მომზადებაზე იმუშავებენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საგრანტო წინადადების მომზადების შემდგომ,
აღნიშნულ პროექტებს ამერიკის შეერთებული შტატების ფონდებში ამერიკულ უნივერსიტეტებთან
კოლაბორაციაში წარადგენს.
ცნობისათვის, „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (University Capacity
Building Program – UCBP), საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია – „ამერიკული
საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის“ ახორციელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ჩიკვილაძე – ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება, რაც მოქალაქეებს ხარისხიან სერვისებზე წვდომის საშუალებას მოლოდინის გარეშე მისცემს

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა. შესაბამისად, დღეიდან ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც იზრდება.როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობენ, ძალიან მნიშვნელოვანია.მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამაში თანხების დამატება მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, დროული და ხარისხიანი სერვისები მოლოდინის რეჟიმის გარეშე მიიღონ.„ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამების ბიუჯეტირების ნაწილში მოხდა თანხების დამატება, რათა კიდევ უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დროულად, მოლოდინის რეჟიმის გარეშე, ხარისხიანი სერვისი მიიღოს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.ცვლილებების თანახმად, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება 700,0 ათასი ლარით; აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცია 100,0 ათასი ლარით; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება 300,0 ათასი ლარით; ტრანსპლანტაცია 500,0 ათასი ლარით; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება 100,0 ათასი ლარით; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარება 100,0 ათასი ლარით; სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები კი 500,0 ათასი ლარით გაიზრდება.

კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის მამა დააკავეს

კახეთში 13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.მამაკაცს ბრალი წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან უკვე გამოყვანილია.მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.პრაიმტაიმი დამატებით დეტალებს არკვევს.

„გირაოს გადახდა არ იქნება“ – ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია გირაოს გადახდას არ აპირებს - ამ წუთებში იმართება სასამართლო სხდომა, თუმცა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე არ მსჯელობენ. გირაოს გადახდის ვადა შვიდ ივნისს იწურება, სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ შეიცვლება აღკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურის შუამდგომლობა.„გირაოს გადახდა არ იქნება. თუ უნდათ დღესვე გადახედონ, თუ უნდათ 7 ივნისს, როცა მიწევს გადახდა მაშინ გადახედონ. როდემდე უნდა ვდიოთ უკანონობას მიდევნებული ლამპარივით, ჩვენი გირაოებით? ოდესმე ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! - რაც შეეხება დანარჩენებს, ვინც გადაიხადა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე აქ არ მაქვს მორალური სასამართლო, ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ციხეში ყოფნა- არ ყოფნასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.ცნობისთვის, პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღიძრა. პარტია „ახალში“ აცხადებენ, რომ პარლამენტი და შესაბამისად, კომისიაც არალეგიტიმურია, ამიტომ არ ცნობენ მასზე არ მისვლის გამო დაკისრებულ სანქციებსაც.

გიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა.საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსჯერ გახლდათ დასახელებული.სპორტულ ჟრნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს.გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი): „მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საპატიოა, მით უმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს გავხდი გამარჯვებული. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ“.გიგა გვენცაძე (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება ალბათ განსაკუთრებით მისალოცია. მინდა, წარმატებები ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია“.

ევროპული საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ოთხი სასანქციო რეჟიმი, ჰიბრიდული თავდასხმებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.კერძოდ, ახალი შეზღუდვები შეეხო სააქციო საზოგადოება „კამაზის“ გენერალურ დირექტორს, სერგეი კოგოგინს და ნავთობის კომპანია „სურგუტნეფტეგაზს“. სულ ამ დოკუმენტში ფიგურირებს 17 ფიზიკური და 58 იურიდიული პირი. ისინი ძირითადად დაკავშირებულები არიან იარაღისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებასთან, მათ შორის დრონებთან.ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში ჰიბრიდული საქმიანობისთვის შემოღებულია სექტორული ზომები, ასევე ინდივიდუალური სანქციები 27 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქციების სიაში შეტანილია კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის მოსამართლე ოლესია მენდელეევა, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა პოლიტპატიმარ ალექსეი გორინოვს და სვეტლანა ჟურავლიოვა, რომელიც ამავე პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. ე.წ. შავ სიაში ასევე არიან მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, ასევე რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ერთი თანამშრომელი.ცალკე დამტკიცდა ე.წ. შავი სია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში „ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებასთან“. მასში შევიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები და ორი უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ბოლო სიახლეები