საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) ფინალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ეროვნული ჩემპიონის ტიტული და თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე, რომელიც თბილისში, ახალი სპორტის სასახლეში გაიმართა, სტუ-ის კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში გორის გუნდი ანგარიშით – 3:2 დაამარცხა და შესაბამისად, წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე საუნივერსიტეტო კლუბს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქომაგობდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ასევე, ახალი სპორტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან ერთად, ჩემპიონის თასი, მედლები და 10000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.
დავით გურგენიძის განაცხადებით, ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, მეტად განავითარონ საუნივერსიტეტო სპორტული სახეობები. რექტორმა სპორტსმენებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ სოსო ლობჟანიძეს ღირსეული გამარჯვება მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა.
„გულითადად ვულოცავ ფრენბურთის საუნივერსიტეტო კლუბს ეროვნული ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებას! ეს გამარჯვება ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, შეუპოვრობასა და გუნდურ სულისკვეთებას. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ სპორტული მოვლენა – ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წარმატებაა.
გვეამაყება, რომ ჩვენი სტუდენტები იმარჯვებენ და ამით ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს. მსგავსი მიღწევები მეტად ამაღლებს ახალგაზრდების მოტივაციას და ხაზს უსვამს საუნივერსიტეტო სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელობას.
მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოს სპორტის სამინისტროს ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. მჯერა, ახალი გამარჯვებებით ჩვენი გუნდი კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, – აღნიშნა რექტორმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ცნობისათვის, ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.