საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის – ნანა სამსონიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორი ნანა სამსონია – გამორჩეული მეცნიერი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, ერთგულად რომ ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ზრდიდა პროფესიონალთა თაობებს, უშურველად გასცემდა სიკეთესა და სიყვარულს.
პროფესორი ნანა სამსონია 1968 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრაზე, 1993-2021 წლებში კი ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის „ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის“ სასწავლო სამეცნიერო მიმართულებას. მისი ავტორობით გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის: „ენერგეტიკის ეკონომიკა, დაგეგმვა და მენეჯმენტი“, „საბაზრო ეკონომიკა“ და „ენერგეტიკის ფინანსების მენეჯმენტი“, 2003 წელს კი, მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს – „სათბობენერგეტიკული კომპლექსის საწარმოთა ეკონომიკა“ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია მიენიჭა.
წლების მანძილზე ნანა სამსონია „ნოუ-ჰაუს“ ფონდის პროექტებში მონაწილეობდა. სწორედ მისი უშუალო ჩართულობით შემუშავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების ევროპულ სტანდარტზე გადასვლის გეგმები და პროგრამები, შეიქმნა ბოლონიის პროცესის შემადგენელი კომპონენტების სასწავლო პროცესში დანერგვა-გამოყენებასთან დაკავშირებული მითითებები.
უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ძვირფას კოლეგას და უნივერსიტეტის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ნანას ოჯახს, ენერგეტიკის ფაკულტეტს, მის მეგობრებსა და აღზრდილებს.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.