საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე მსოფლიოში ცნობილი მოქანდაკის, მხატვარ-მონუმენტალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს, ასევე რექტორის სამძიმარს უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეებიც უერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
„მწუხარებას გამოთქვამთ სახელგანთქმული მოქანდაკისა და მხატვარ-მონუმენტალისტის, სიკეთით სავსე ადამიანისა და ქველმოქმედის, იუნესკოსა და მრავალი საერთაშორისო ჯილდოსა თუ პრემიის მფლობელის, არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორის, 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრის, წლების მანძილზე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი ხელოვანის – ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო.
მისი ცნობილი მონუმენტები მსოფლიოს თვრამეტ ქვეყანაში დგას და დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. თბილისის შემოსასვლელს მისი „წმინდა ნინოს მონუმენტი“, თავისუფლების მოედანს კი – „წმინდა გიორგი“ ქანდაკება ამშვენებს. საქვეყნოდ არის ცნობილი ზურაბ წერეთლის მიერ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად, ამერიკელი ხალხისთვის საჩუქრად გადაცემული 30-მეტრიანი სტელა – „გლოვის ცრემლი“, რომელიც „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას. თვალწარმტაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მის მიერ შესრულებული, მოზაიკით მხატვრულად მოპირკეთებული ბიჭვინთის ხელოვნების სახლები, საცურაო აუზები, თბილისში – პროფკავშირების სასახლე, ავტოვაგზალი და მრავალი სხვა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიდი ხელოვანის, ზურაბ წერეთლის სახელი და ხსოვნა მუდამ იქნება უკვდავყოფილი მისგან სახსოვრად გადმოცემული, ლითონითა და მინანქრით შესრულებული დიდებული ვრცელი პანოთი – “მეცნიერება”, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მესამე სართულის ფოიეს ამშვენებს და ყველა სტუდენტისა თუ უცხოელი კოლეგისთვის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი დიდ ხელოვანს!“, – ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის სამძიმრის წერილში.