საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ორი გამორჩეული სტუდენტი სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” (MediClubGeorgia) სტიპენდიატი გახდება.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა გასაჯაროვდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დიმიტრი მახათაძე და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ თანადამფუძნებელი ანდრო ათოშვილი.
„შეხვედრას მასპინძლობა გაუწიეს სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ და დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა მარინა მესხიამ.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივები, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი სამომავლო დასაქმების მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დიმიტრი მახათაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის „მედიქლაბჯორჯიასგან“ სტიპენდიის დაწესება მიზნად ისახავს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიონალებად ჩამოყალიბების გზაზე.
როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.
„ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებსაც აწარმოებს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Siemens, Dräger, Fresenius, Philips, Schiller, Storz და სხვა. დიმიტრი მახათაძემ ისაუბრა ბიოსამედიცინო ინჟინრების როლზე თანამედროვე ჯანდაცვაში, “მედიქლაბჯორჯიაში” სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, ასევე, ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით კლინიკური ინჟინერიის სამსახურის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
„მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ინიციატივას მიესალმა სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე.
„ახალი სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინდუსტრიაში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამა ფლობს საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად ემზადება ამავე დასახელების ქართულენოვანი პროგრამაც, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად ძლიერი მხარდაჭერაა. სტიპენდიების დაწესება კი ნიჭიერ სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, რომ მეტი იშრომონ, წარმატებას მიაღწიონ სწავლაში და მზარდი კარიერა შეიქმნან ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში“, – აღნიშნა ირინე გოცირიძემ.
შეხვედრის დასასრულს, პარტნიორობის ნიშნად, „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს საჩუქრად ფერწერული ტილო გადასცა.
ხელოვნების ნიმუში განთავსდება დეპარტამენტის ინტერიერში, რომელიც „ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით მთლიანად განახლებული და აღჭურვილია.
ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და მრავალმხრივი შეფასება მისცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
„პარტნიორობა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის არა მხოლოდ აძლიერებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის, არამედ მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს სტუდენტების მხარდაჭერას და რაც ასე მნიშვნელოვანია, მათი შრომის დაფასებას. მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ მსგავსი ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარებას საქართველოში.
სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა სტუდენტებს უბიძგებს, მეტი შეიმეცნონ, მეტი ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა განახორციელონ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ინდუსტრიებთან პარტნიორობით ვიზრუნოთ ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, სადაც ახალგაზრდა თაობის ინჟინრები დაფასებულად იგრძნობენ თავს და მეტად იმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.
მადლობას ვუხდით როგორც „მედიქლაბჯორჯიას“ – სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივისთვის, ასევე, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ – ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის საუნივერსიტეტო სივრცის განახლებისა და კეთილმოწყობისთვის. ეს კონკრეტული მხარდაჭერები და საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართულობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერია სულ უფრო აქტუალური ხდება და აღიქმება, როგორც სამედიცინო პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვიმედოვნებთ, მსგავსი ინიციატივები სხვა ინდუსტრიებსაც მისცემს ბიძგს, მხარი დაუჭირონ განათლებას, მეცნიერებას და განახორციელონ ინვესტიცია ნიჭიერი სტუდენტების განვითარებაში”, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების შესახებ ინიციატივა ურთიერთგაგების მემორანდუმით გამყარდება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” გენერალური დირექტორი მოაწერენ ხელს.