საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუშის ხეივანი გაშენდა.
ნუშის 60 ნერგი მერაბ კოსტავას ქუჩაზე, უნივერსიტეტის მე-3 და მე-6 სასწავლო კორპუსებს შორის, რექტორმა, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და კურსდამთავრებულებმა ერთად დარგეს. ხეივნის გაშენებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი მოდებაძემ, მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავამ და სამინისტროს წარმომადგენლებმა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ხეივნის გაშენებას უნივერსიტეტის ცნობილ ნუშის ხეს უკავშირებს, რომელიც საზოგადოებაში „გეპეის ნუშის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც ყველაზე ადრე ყვავის და თბილისს პირველი ამცნობს გაზაფხულის მოსვლას.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ნუში იუბილარია – 55 წლის წინ, ის უნივერსიტეტის პროფესორმა, ცნობილმა ქიმიკოსმა პლატონ გაგნიძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დარგა. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ გაზაფხულზე აფეთქებული ნუშის ხეივანი დედაქალაქის კიდევ ერთი ატრაქცია გახდება.
„დღევანდელი ღონისძიება ჩვენი საყვარელი უნივერსიტეტის წარსულსა და მომავალს აერთიანებს. აქ, 55 წლის წინ, პროფესორმა პლატონ გაგნიძემ დარგა პირველი ნუშის ხე, რომელიც წლების განმავლობაში გამძლეობის, ზრდისა და უწყვეტობის სიმბოლოდ იქცა. „გეპეის ნუში“ არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ის 55 წლის შემდეგ გახდა სიმბოლო ტრადიციისა, რომელიც გვაკავშირებს ბუნებასთან და გვახსენებს მდგრადობის მნიშვნელობას. 2025 წელს, პირველი ნუშის ხის დარგვიდან ზუსტად 55 წლის შემდეგ, ჩვენ გავაშენეთ ნუშის ხეივანი. თითოეული ახალი ხე იქნება არა მხოლოდ ჩვენი გარემოსდაცვითი ვალდებულების სიმბოლო, არამედ ახალი სივრცის შექმნის ნიშანი, სადაც ცოდნა, ბუნება და ინოვაცია ერთად იზრდება. ეს არის ჩვენი გზა იმის დასადასტურებლად, რომ ტრადიცია, რომელიც აკავშირებს ადამიანის გონებასა და ბუნებას, გაგრძელდება და განვითარდება მრავალწლიან პერსპექტივაში. ნუშის ხეივანი არა მხოლოდ გააფერადებს ჩვენს კამპუსებს, არამედ ის იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ვაფასებთ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობას. მოდი, ერთად შევქმნათ და განვავითაროთ ეს მემკვიდრეობა, რომელიც დაიწყო ერთი ნუშის ხის დარგვით 55 წლის წინ“, – აცხადებს დავით გურგენიძე.