საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ – გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ექსპოზიციას, რომელშიც 100-ზე მეტი სტუდენტის მიერ შექმნილი სივრცული კომპოზიციები გაერთიანდა, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ ხვედელიანმა აღნიშნა, გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო და ექსპოზიციისთვის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
„სივრცული კომპოზიცია არქიტექტურის არსია, ის არის მოცულობების, ფორმებისა და სივრცეების გააზრებული განლაგება, რათა შეიქმნას ჰარმონია და ესთეტიკური ღირებულება. ნებისმიერი სტრუქტურა, ყველაზე მარტივი საცხოვრებელი სახლიდან დაწყებული და ყველაზე რთული ურბანული ლანდშაფტით დამთავრებული, სივრცული კომპოზიციის პროდუქტია. ის განსაზღვრავს, როგორ ვგრძნობთ თავს, როგორ ვურთიერთობთ გარემოსთან და გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ქცევებზე, კულტურულ იდენტობაზეც კი. დღევანდელი გამოფენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც პირველკურსელების ნამუშევრებში ასახულია მათი ცოდნა. თითოეულ ნამუშევარში ჩანს როგორ ახერხებს სტუდენტი ელემენტთა დაბალანსებას, როგორ მანიპულირებს შუქ-ჩრდილებით, როგორ გარდაქმნის აბსტრაქტულ იდეებს რეალურ ფორმებში. ეს არის ჩვენი, პედაგოგების მისია და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სტუდენტები წარმატებით ივითარებენ შემოქმედებით აზროვნებას“, – აცხადებს დეკანი.
სასურველი შემოქმედებითი შედეგის მიღწევისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის დეკანმა მადლობა გადაუხადა გამოფენის მონაწილე სტუდენტებსა და არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლებში მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს, პროფესორებს, სასწავლო დარგში დეკანის მოადგილეს, თამარ ჭანტურიას.
როგორც დეკანის მოადგილემ, პროფესორმა თამარ ჭანტურიამ ღონისძიების გახსნისას განაცხადა, სტუდენტური გამოფენა, რომელსაც ფაკულტეტი ყოველწლიურად ატარებს, ხელს უწყობს მომავალი არქიტექტორებს, პროფესორებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას.
„სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა შესაძლებლობას გვაძლევს ერთმანეთს გავუზიაროთ შეხედულებები, მივიღოთ კონსტრუქციული უკუკავშირი. ამგვარად, ის მნიშვნელოვანი ხიდია აკადემიურ სამყაროსა და პრაქტიკულ საქმიანობას შორის. დღეს, როდესაც სტუდენტების ნამუშევრებს დაათვალიერებთ, მოგიწოდებთ, არა მხოლოდ აღფრთოვანდეთ ექსპოზიციით, არამედ დაფიქრდეთ სივრცული კომპოზიციის ღრმა მნიშვნელობაზეც. გაიაზრეთ, როგორ გამოხატავს ეს პროექტები იდეებს, როგორ იწვევს ემოციებს და როგორ ურთიერთქმედებაშია გარემოსთან. პირველკურსელებს ვულოცავთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც არქიტექტურული კარიერისკენ გადადგეს. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ცოდნა დიდ წარმატებას მოუტანს ახალგაზრდებს. მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის – ჩვენ დღეს ერთად ვაფასებთ მომავალი არქიტექტორების კრეატიულობას, ინოვაციას და არქიტექტურული დიზაინის უსაზღვრო შესაძლებლობებს. წარმატებები!“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ ჭანტურიამ.
სტუ-ის ინფორმაციით, გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ მიმდინარე წლის 30 მარტს დაიხურება. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღიაა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.