საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, საგაზაფხულო საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, ღვინის კომპანია „მტევინოში” ვენახის გაშენების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, საწარმოო პრაქტიკა არაერთ პროცედურას მოიცავდა.
კონკრეტულად, ვენახის გაშენებისას სამეურნეო საფუძვლების განსაზღვრას, ვენახის გასაშენებლად ნაკვეთის მომზადებას, ნერგის დარგვასა და საყრდენი სისტემის მოწყობას, სტრესული ფაქტორების წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას მოიცავდა. ასევე, ახალგაზრდა ვაზის მოვლის პროცედურას, დაავადებებისა და მავნებლებისგან ვაზის დაცვის თეორიული საფუძვლების განსაზღვრასა და ვაზის დაცვას დაავადებებისა და მავნებლებისგან.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მევენახეობა-მეღვინეობის კერძო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ პროფესიონალი კადრების მომზადების მიმართულებით.
როგორც პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს, სტუდენტებისთვის საველე პრაქტიკის მიზანს მევენახეობის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, სამუშაოების გარემოსა და პირობების უშუალოდ გაცნობა, ვენახის მოვლის პრაქტიკული წესების, გაშენების, გასხვლის, ნერგის წარმოების თანამედროვე მეთოდების პრაქტიკული სწავლება წარმოადგენს.
„აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე საველე და საწარმოო პრაქტიკების განხორციელებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ვენახი ის ადგილია, საიდანაც ღვინის დაბადება იწყება. სტუდენტები, პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ფარგლებში, თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გაღრმავებისა და უნარების გამომუშავების მიზნით, საველე და საწარმოო პრაქტიკებს ღვინის სხვადასხვა საწარმოში გადიან. საწარმოო პრაქტიკა საუნივერსიტეტო სივრცესა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „მტევინოს“, რომელიც აქტიურადაა ჩართული ჩვენი სტუდენტების, როგორც პროფესიონალი მევენახეებისა და მეღვინეების ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს მათ, შეიძინონ და გაითავისონ ის აუცილებელი პროფესიული უნარები, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობას სჭირდება“, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.
კომპანია „მტევინოს“ დირექტორის, ნიკოლოზ ზაუტაშვილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კომპანიასთან მრავალი წელია თანამშრომლობს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება არა მარტო საველე და საწარმოო პრაქტიკები, არამედ სტუდენტებისთვის იმართება პრაქტიკული საჯარო ლექციები და იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს კვალიფიციური ახალგაზრდა სპეციალისტების ჩამოყალიბებისა და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების საკითხში“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ზაუტაშვილი.