ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ დამფუძნებლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ (HERIO) დამფუძნებლები ლევან ასანიძე და გეგი გვაზავა შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა, ნატო ქათამაძემ გახსნა.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს სწრაფი დასაქმების პლატფორმის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია, როგორც სწავლება-სწავლის პროცესი, ასევე, სტუდენტის კარიერული წინსვლა.

„ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესის თუ შუამავალი რგოლის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები იმართება. ამჯერად, სტუდენტები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეხვდნენ. HERIO არის სწრაფი დასაქმების პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს და სტუდენტებს და ხელს უწყობს მათ დასაქმებას სხვადასხვა სფეროში. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა თანამშრომლობის უფრო გაღრმავება, რასაც მივესალმებით და გვახარებს, რომ სტუდენტებს მსგავსი შეხვედრებით ვაძლევთ კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტებისა და სწრაფი დასაქმების პლატფორმა „ჰერიოს“ წარმომადგენლების შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – პარლამენტში ოპოზიცია იქნება, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი

იქნება პარლამენტში ოპოზიცია, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მანდატების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. „ჯერ არ გვიმსჯელია ჩვენ ამ საკითხზე. გახსოვთ, ოთხი წლის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამაზე გამოდიოდნენ მაშინ ის ე.წ. ტოპ ტვინები , რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის მხრიდან მანდატების ლეგიტიმაციის ცნობა არ იყო კონსტიტუციური და იგივე „ტოპ ტვინები, ე.წ. კონსტიტუციონალისტები აცხადებდნენ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ დეპუტატებისთვის მანდატების არშეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ, სწორედ, ამ ჩვენი გადაწყვეტილებით ისარგებლა ოპოზიციამ, როდესაც შემოვიდა პარლამენტში და 3.5 წელიწადი, სწორედ, ჩვენი ე.წ. არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების წყალობით სარგებლობდნენ საკუთარი საპარლამენტო მანდატებით, იღებდნენ ხელფასებს, მათ შორის, ამ ექვსი თვის განაცდურიც მოითხოვეს და ეს ხელფასებიც ბოლომდე აიღეს. ეს იყო მაშინდელი გადაწყვეტილება, მაშინ არ შევუწყვიტეთ მათ მანდატები. ჯერჯერობით არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, შემოვიდა 20 განაცხადი, დაანონსებულია ხვალაც განაცხადების შეტანა, დაველოდებით, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, საშუალება, რომ ორ კვირაში კენჭი ვუყაროთ ამ საკითხს. მანამდე, ბუნებრივია, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტში ოპოზიცია იქნება, თუ არ იქნება, ამას აქვს ზუსტად ერთნაირი, ნულოვანი ფასი. გახსოვთ, წინა ოთხი წლის განმავლობაში ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, მაგრამ ამით მაინც არ შეწყვეტილა ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაციის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, ისინი ერთნაირად აგრძელებდნენ ქუჩისა და დარბაზის გამოყენებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალექსეი არესტოვიჩი: დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ

დიდი ხანია, უკრაინას, როგორც პოლიგონს, ისე იყენებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „დამიჯერეთ, ჩვენ აქ არაფერ შუაში ვართ. ჩვენ ვართ ინსტრუმენტი, რომელზეც ხელს დააჭერ და რაკეტას გაუშვებ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი რაღაც დაინგრა, არცკი დაგვიმსახურებია მაგიდასთან ადგილი, სადაც გადაწყვეტილებებს იღებენ და მთელი ომი ჩვენს თავს ხდება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. მან ასევე განაცხადა, რომ ზელენსკის არანაირი კოზირი არ აქვს. „არანაირი კოზირი მას არ აქვს. თქვენ არ იცით, დონალდ ტრამპის გარემოცვაში როგორ მოიხსენიებენ, ამ სიტყვების გამეორებასაც კი არ დავიწყებ. როგორც არ უნდა მიყვარდეს, ბოლოს და ბოლოს ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, როგორც ექცევიან მას რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ გაშარჟება პირველია, ყველაფერი ახლა იწყება“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები

ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სთან და ევროკავშირთან, ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე გამოჩნდება შემხვედრი ნაბიჯები. „ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ევროკავშირთან, ვუკავშირებდით ძირითადად სამ მოვლენას – ერთი იყო ჩვენი არჩევნები, რაც უკვე დასრულდა, მეორე იყო ამერიკული არჩევნები, რაც ასევე დასრულდა, თუმცა ინაუგურაციას ელოდება ყველა და არსებითად პროცესები აშშ-ში შეიცვლება, ინაუგურაციის, ანუ 20 იანვრის შემდეგ. მესამე მნიშვნელოვანი მოვლენა არის უკრაინაში ომის დასრულება, რაც ასევე ჩვენი პროგნოზის შესაბამისად წარიმართება, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, მომავალ წელს უკრაინაშიც დასრულდება ომი. ეს იყო სამი მთავარი ფაქტორი, საიდანაც ორი უკვე დასრულებულია, მესამე ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ნებისმიერ მომენტში პრიორიტეტულია ნაბიჯების გადადგმა, რათა მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ამისთვის ჩვენი მზაობა ყოველთვის არსებობდა, მთავარია, ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. რაც უფრო მალე დასრულდება უკრაინაში ომი, მით უფრო მალე ვიხილავთ ამ შემხვედრ ნაბიჯებს, ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი  ლაგოდეხი, სოფელი ხიზაბავრაა. ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ირაკლი კობახიძე – ბოლო რვა წელიწადის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს

ბოლო რვა წელიწადის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის და მისი წარმატების გარანტის მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები. „მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, რაც მან დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი საქმიანობით სხვადასხვა სფეროში. ბოლო რვა წელიწადის განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. მას თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით. ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა. ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ შეიძლება, კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება, მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა. ვფიქრობ, ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს, განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები. მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. შეიძლება, პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი. ამ კუთხით რადიკალურად შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს მიხეილ ყაველაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები და ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები