სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიის – „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი.

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან – საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით.

„სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენთაგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“.

სტუ-ის ინფორმაციით, „ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე: ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ამოცანაა, ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას

ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკურ კინკლაობაში ჩატოვონ პოლიტიკური სივრცე, ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, ჩვენი ამოცანაა, არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ვაკეთოთ საქმე, რაც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და იმ ამბიციური პროგრამის შესრულებას, რომელიც წარვადგინეთ ქართული საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სამთავრობო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. „მარტო ინფრასტრუქტურა რომ ავიღოთ, წინა ხელისუფლების დროს მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დაიგო და იყო ერთი გვირაბი, ერთი ხიდი. გვირაბის ჯამური სიგრძე, თუ არ ვცდები, 3,5 კილომეტრი იყო და ხიდის - დაახლოებით 2,5 კილომეტრი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 299 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა არის დაგებული. რაც შეეხება გვირაბებს, 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მარტო გვირაბია აშენებული. ხიდები არის აშენებული ჯამში 20 კილომეტრზე მეტი სიგრძის. მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დააგეს წინა ხელისუფლების დროს, თან ეს იყო ამ მაგისტრალის ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ადამიანის უფლებების კუთხით იყო უმძიმესი მდგომარეობა ციხეებში, ადამიანების წამება, 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ჰყავდათ დაპატიმრებული, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი რეალური ბრალდების გარეშე. ტელევიზიების მიტაცება, ბიზნესის რეკეტი, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგეს. ერთადერთი, რასაც გვაყვედრიდნენ, იყო გზების მშენებლობა და აქაც აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5-ჯერ უფრო ეფექტიანია ჩვენი მუშაობა, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების პირობებში. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალები ჯერ კიდევ იღებენ ჯამში ხმების დაახლოებით 30-35 პროცენტს, ეს ტრაგიკულია, თუმცა მთავარია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მათი მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს, არა 60 ათასით, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებთან შედარებით, არამედ კიდევ უფრო მეტად. მთავარია, საკუთარი დღის წესრიგით ვიმუშაოთ და ეს დღის წესრიგი არის ქვეყნის განვითარება. ამ 4 წლის განმავლობაში ძირითადად ვიქნებით გადართული სწორედ ამ საქმეების კეთებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი: უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, ახლა აქვთ მესამე მცდელობა – ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას

უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა - იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა  კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კანონის კონტექსტისა და შინაარსის საწინააღმდეგო არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია. „არგუმენტების გარეშე საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დავიწყოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით - წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრება, თუ აქვთ კონტექსტთან დაკავშირებით. უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ვიდრე დავაინიცირებდით „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. 2020-2021 წლებში მათ ჰქონდათ ხელისუფლების ცვლილების, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილი. სწორედ მათ მოუმზადეს საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიას, რაც, საბედნიეროდ, ვერ შეძლეს. მათ მოუმზადეს საფუძველი მოლაპარაკებებს, მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. ამ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ მცდელობა დარჩა ფაქტად. მეორე -  როდესაც 2024 წელს უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც ვერანაირად ვერ იქნება განხილული ენჯეოს საქმედ და მოითხოვეს საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. ეს არის კონტექსტი. თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით შენ ცდილობ მთავრობის შეცვლას, ღიად და გამოხატულად, მაშინ კი ბატონო, ავწევთ ორივე ხელს, მაგრამ ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით კონკრეტული ადამიანები ითხოვენ მთავრობის შეცვლას და საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირებას. რაც შეეხება კანონის შინაარსს, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, არის გამჭვირვალობა, ისიც მინიმალური სტანდარტით. წელიწადში ერთხელ, ენჯეოებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ყოველწლიური დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში. თუ არ წარადგენენ, თუ უხეშად მოეპყრობიან კანონმდებლობას, იქაც მინიმალური სანქციები, ჯარიმებია მხოლოდ გათვალისწინებული. არავითარი ჭარბი კონტროლის მექანიზმები, არავითარი ჩარევის შესაძლებლობა, არავითარი შეზღუდვა, რაც შეიძლება მოქმედებდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. ანუ, სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით ობიექტურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ჩვენ არავითარი ღირებული არგუმენტი არ მოგვისმენია. მე პირადად შევთავაზე, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, დიპლომატებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ, დავმსხდარიყავით, გვემსჯელა ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უარი თქვა, ან ყველას ათქმევინეს უარი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე: 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც სამთავრობო გუნდი მზად არის

ჩვენი საარჩევნო პროგრამა ნამდვილად არის ძალიან ამბიციური, თუმცა არც ერთი დაპირება არ არის გადაჭარბებული, ყველა შესრულებადია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. "90 მილიარდიდან ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 28 მილიარდიდან გადასცდება 40 მილიარდ ლარს. 200 000 ახალი სამუშაო ადგილიც არის აბსოლუტურად რეალური დაპირება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში, ჩვენ შევქმენით 170 000 სამუშაო ადგილი. ჩვენს დაპირებებს ზურგს უმაგრებს უკვე გაკეთებული საქმე. ამ 4 წლის განმავლობაში  40 მილიარდით გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა, შესაბამისად, დაპირება, რომ კიდევ 40 მილიარდით გაიზრდება ეკონომიკა, ძალიან მყარ ნიადაგზეა დაფუძნებული. იგივე ეხება სიღარიბის შემცირებას. ჩვენ მოვახერხეთ სიღარიბის შემცირება 2012 წლის შემდეგ 30 პროცენტიდან 11,8 პროცენტამდე, ანუ საქართველოში მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს. ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 680 ათასით და 440 ათასამდე არის ჩამოსული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში, სულ მცირე დამატებით 300 ათასი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოსცდება 150 ათასს, ეს არის ის პროგნოზი და მიზანი, რომელიც გვაქვს დასახული. თვისებრივად სხვა დონეზე გადავიყვანთ ჩვენს ქვეყანას 4 წლის თავზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, მომავალ წელს უკვე გაიზრდება პენსიები, 350 ლარი იქნება მინიმალური პენსია, შესაბამისად, გაიზრდება პენსია 70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონრებისთვის. „ჯანდაცვის სფეროში გვაქვს მნიშვნელოვანი გეგმები. განათლების მიმართულებით გვაქვს ამბიციური პროექტი, რაც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს საუნივერსიტეტო განათლებას ჩვენს ქვეყანაში. ახალი სტადიონი და ა.შ. არის ძალიან კონკრეტული ამბიციური პროექტები, რაც გათვალისწინებულია ამ პროგრამით. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე განვაახლეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა დაპირება შესრულდეს. აბსოლუტურად ყველა დაპირება არის შესრულებადი. ამბიციურთან ერთად, ჩვენ მიერ წარდგენილი პროგრამა არის რეალისტური. 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყანა გადავა განვითარების თვისებრივად ახალ დონეზე და ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, რისთვისაც მთელი სამთავრობო გუნდი არის მზად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამია მიშას ემალება? ეაფერისტება რისხვის ასარიდებლად, რომ თვითონ ბარიკადების აგება უნდა და არ ემორჩილებიან?

ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გვარამია მიშას ემალება? ეაფერისტება რისხვის ასარიდებლად, რომ თვითონ ბარიკადების აგება უნდა და არ ემორჩილებიან?“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ანრი ოხანაშვილი: ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, როცა ყველას არწმუნებდნენ, რომ ფარულობა აბსოლუტურად დაცულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. „ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა. მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა. მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო. ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”! იხილეთ ცესკოს მიერ გავრცელებული ვიდეო“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

ბოლო სიახლეები