საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა „სტუდფესტი 2024“-ის რვა ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვეს

Read Time:1 Minute, 59 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალზე – “სტუდფესტი 2024” – ინტერმედიის, სპორტისა და ქართული ლიგის მიმართულებით გამართულ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, საერთო ჯამში, 8 ნომინაციაში პირველი ადგილი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სტუდენტური ფესტივალის ჟიურიმ, ინტერმედიის მიმართულებით, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო სპექტაკლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” სტუდენტური დასის სპექტაკლი აღიარა. სტუ-ის გუნდმა “შერეკილები” პირველი ადგილი მოიპოვა ნომინაციაში – “ქართული ლიგა”, საუნივერსიტეტო სპორტულმა გუნდებმა კი პირველი ადგილი შემდეგ სახეობებში დაისაკუთრეს: 3X3-ზე კალათბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (გოგონები), ჩოგბურთი (ვაჟები); ჯომარდობა; ბილიარდი (გოგონები);

“სტუდფესტი 2024”-ის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, გამარჯვებულ უნივერსიტეტებსა და სტუდენტურ გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

ახალგაზრდული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპურტატები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი-ახალგაზრდობა, პროფესორ-მასწავლებლები და ხელმძღვანელი პირები, მათ შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიმართულებების ხელმძღვანელი პირები, საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და წევრები, გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები და სტუდენტები.

რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სტუ-ის სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2024“-ის წარმატებით დასრულებასა და ღირსეული გამარჯვებების მოპოვებას ულოცავს.

„ყველა უნივერსიტეტსა და ახალგაზრდას გულითადად ვულოცავთ სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებებს. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რვა პირველი ადგილი მოუტანეს. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი შემართებით აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს არა მხოლოდ საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, არამედ ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას და სხვადასხვა უნივერისტეტის სტუდენტების დამეგობრებას. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მომავალ სტუდფესტზე გაცილებით შეუპოვრად იასპარეზებენ და მშობლიურ ალმა-მატერს მეტ გამარჯვებას მოუტანენ“, – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

“სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს. ფესტივალის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები, საგანმანათლებლო აქტივოვბები (დებატები, City Game, ესეების კონკურსი) და STEM მარათონი, რომლებმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
Next post გიორგი მამარდაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ