სამშაბათი, მარტი 31, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს
სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU, USA) ვიცე-პრეზიდენტებს – დოქტორ უილიამ ტონგს და
დოქტორ ჰალა მადანატს შეხვდა და მათთან ერთად მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები
განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქართულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის
გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შედგა, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ
გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე
მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლიანა თარგამაძე, ადმინისტრაციის
წარმომადგენლები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან – მეცნიერების
ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი ჯეფრი რობერტსი და SDSU-GEORGIA-ს წარმომადგენლები.
მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების მიმდინარეობის შესახებ
იმსჯელეს და მომავალი კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო
ერთობლივი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების შესაძლებლობებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, სან დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტთან პარტნიორობა ნაყოფიერი, მასშტაბური და სტუდენტებისთვის არაერთი
წარმატების მომტანი გახდა. რექტორმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობებს, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, SDSU-ს და SDSU-GEORGIA-ს
მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ABET-
აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით მიმდინარე პროცესების შესახებ ყურადღება გაამახვილა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო
უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, SDSU-GEORGIA სტუდენტებს
სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს
(ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს STEM დარგებში. აღნიშნული
პროგრამები საქართველოს რიგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ამ
პროგრამებით ახალგაზრდების დაინტერესება ყოველწლიურად მკვეთრად მზარდია.
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია წარმატებით თანამშრომლობს ქართულ
საგანმანათლებლო სისტემასთან. აღსანიშნავია უაღრესად ნაყოფიერი პარტნიორობა საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რამაც არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი და განხორციელებული
პროექტი მოგვიტანა. თავის მხრივ, ამერიკულ უნივერსიტეტთან კოლაბორაციის პროგრამა,
უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, ჩვენს ახალგაზრდებს
კი შესაძლებლობა აქვთ სამშობლოში ამერიკული განათლება მიიღონ. როდესაც შედეგებზე
ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და
მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ
საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა – ეს წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი
ნაბიჯია. ABET აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით დაუღალავად ვაგრძელებთ მუშაობას და
კიდევ 6 საგანმანათლებლო პროგრამას ვამზადებთ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით
ახალ წარმატებებს მივაღწევთ, რაც ჩვენს უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს, ახალგაზრდა
მკვლევრებს, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, მეტად

ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს
ურთიერთგაგების დოკუმენტის ეფექტიან მოქმედებას, SDSU-ს აკადემიური პერსონალის
ძალისხმევას, პროფესორ ჰალილ გიუვენისა და მისი მეუღლის, ოია ატაკანის დიდ დამსახურებას,
პირადად პრეზიდენტის, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს და ვიცე-პრეზიდენტების მხარდაჭერას,
რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესების მართვაში ქმედითი
წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გიორგი ამილახვარს, მინისტრის მოადგილე ნოდარ
პაპუკაშვილს – სწორედ მათი უშუალო ჩართულობით ქვეყანაში ვითარდება და ძლიერდება STEM
მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენს შემთხვევაში, უნივერსიტეტში მიმდინარე
პროცესები გულისხმობს არა მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციაზე წარდგენილი პროგრამების
მხარდაჭერას, არამედ ზოგადად, STEM დისციპლინების განვითარებას, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის პოზიციების გაძლიერებას საერთაშორისო სივრცეში, სტუდენტებისთვის
ორდიპლომიან და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობების
ზრდას, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უმჯობესდება“, – აღნიშნა რექტორმა დავით
გურგენიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტებმა გულთბილი მიღებისთვის
მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და აღნიშნეს, რომ
ABET-აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს
აქტიურად და ინტერესით ადევნებენ თვალს და თავის მხრივ, ძალისხმევას არ იშურებენ
ინტერნაციონალიზაციის პროცესში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს
მხარდაჭერა აღმოუჩინონ. როგორც მათ აღნიშნეს, ეფექტიანობის თვალსაზრისით, სახეზეა არაერთი
სასიკეთო ძვრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაშიც ქართველი კოლეგების
თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, დიდია თავად რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის
წვლილი. შეხვედრის დასასრულს, მათ გამოთქვეს რწმენა, რომ პროგრესის მომტანი კოლაბორაცია
არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ საქართველოსაც დიდ წარმატებას
მოუტანს.
სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთან შეხვედრის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
დელეგაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებსა და
ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე – ჩვენი ამოცანაა საქართველოსა და აშშ-ის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც პრემიერმაც განუცხადა რუბიოს, გვსურს, ეს იყოს დაფუძნებული ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე

საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა, რაც ნათლად ჩანს, როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე გუშინდელი ზარის შედეგად, ვიმედოვნებთ, ურთიერთობების აღდგენა გადაიზრდება ურთიერთობების უფრო მეტ გაუმჯობესებაში, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, საქართველოს სურს, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებული იყოს ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.„ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს, რომელიც დროს მოითხოვს. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს. ამის თაობაზე განვაცხადეთ, როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს, ასევე პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიოს გუშინ განუცხადა. სასიხარულოა, რომ ეს პროცესი დაიწყო. თბილისს სურს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთსასარგებლო, სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა ჰქონდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოსა და ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე და იმაზე, რომ ორივე ქვეყანამ ამ სტრატეგიული პარტნიორობიდან სარგებელი მიიღოს.რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, მათ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მარგინალური ძალა გახდნენ. თავის თავის გარდა, არცერთი სეგმეტის პოზიციას არ გამოხატავენ. შესაბამისად, მათ ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან პოლიტიკური პროცესის მიღმა არიან დარჩენილი“, – განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი ვაშაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონალური პარტნიორი, ეს არის ჩვენი გზა

ჩვენთვის ამერიკა ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ბოლომდე გააფუჭა ურთიერთობა, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.ვაშაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სატელეფონო საუბრის შესახებ.„ძალიან ვწუხვარ, რომ 2 აპრილიდან, სწორედ რეჟიმის დამსახურებით, მაგალითად, ათწლიანი, მრავალჯერადი ვიზებიც აღარ გვექნება და ერთჯერადი ვიზების აღება მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს. რამდენი ადამიანია, ვინც საგანმანათლებლო, ბიზნესის მიზნით დადიოდა და ამით ზიანდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ამერიკის მძლავრი რეგიონალური პარტნიორი. ეს არის ჩვენი გზა, სამწუხაროდ, ეს არ არის რეჟიმის გზა. დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნებოდა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ცნობისთვის, 30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ტომი პიგოტმა.სატელეფონო ზარს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.

დუბაის სანაპიროსთან ირანმა ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე იერიში მიიტანა

სამშაბათს გამთენიისას, დუბაის სანაპიროსთან ახლოს, ირანმა სრულად დატვირთულ ნავთობტანკერზე იერიში მიიტანა. „როიტერის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად ტანკერზე ცეცხლი გაჩნდა.ამასთან, მედიის ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი „ალ-სალმი“ იყო.გემის მფლობელმა კომპანიაში Kuwait Petroleum Corp-ში განაცხადეს, რომ თავდასხმამ ხანძარი და ხომალდის კორპუსის დაზიანება გამოიწვია.არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობა დროულად შეძლეს. ნავთობის გაჟონვისა და ეკიპაჟის წევრების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.როგორც „როიტერი“ წერს, ირანმა ტანკერზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეირანი გააფრთხილა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს თუ არ გახსნის, ის მის ენერგეტიკულ სადგურებსა და ნავთობის ჭაბურღილებს გაანადგურებს.

გიორგი შარაშიძე – მარო რუბიოსთან საუბრის ლეგიტიმაციად წარმოჩენა სერიოზული არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ საუბრის შინაარსი „ქართული ოცნების“ ქმედებებში გამოჩნდება

ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს საუბარზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე შინაარსი არ გვეცოდინება, დიდი ალბათობაა, საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, აშშ ყველას ელაპარაკება, თუმცა მთავარი საუბრის შინაარსია.„ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე საუბრის შინაარსი არ გვეცოდინება. ის ინფორმაცია რაც გავრცელდა, საკმაოდ მწირია. დიდი ალბათობაა , რომ საუბარი ირანის თემას შეეხებოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა დანარჩენს დრო გამოაჩენს. საუბრის და დიალოგის შეფუთვა და წარმოჩენა ლეგიტიმაციად სერიოზული არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველას ელაპარაკება, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარია ჩვენ საუბრის შინაარსი ვიცოდეთ.ვერც იმას გეტყვით, რომ ეს შეიძლება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისია. დრო ყველაფერს გამოაჩენს. ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა გზავნილები იყო გახმოვანებული ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ ვიცით და ვიდრე არ გვეცოდინება ძალიან რთულია ამაზე რამე სერიოზული კომენტარის გაკეთება. უნდა დაველოდოთ, დრო გამოაჩენს, ამ საუბრის შინაარსი „ქართული ოცნების“ ქმედებებში გამოჩნდება“, – განაცხადა შარაშიძემ.ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“.ამასთან, ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოსთან საუბრის შესახებ აღნიშნა: „მარკო რუბიოსთან პროდუქტიული საუბარი მქონდა, განვიხილეთ პარტნიორობის გადატვირთვისა და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობა“.

ირაკლი ქადაგიშვილი – 31 მარტის რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, ამ დროს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება

1991 წლის 31 მარტს ყველა პოლიტიკოსმა, ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის  საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი იყო.„საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა, როცა რეფერენდუმი ცხადდებოდა, რადგან ეროვნული მოძრაობის ნაწილი მხარს არ უჭერდა საბჭოთა კავშირში საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყოფნის კანონიერებას. რეფერენდუმით ირიბად ვაღიარებდით, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით. ანუ, პოლიტიკურად ვაღიარებდით, თორემ, რა თქმა უნდა, დე ფაქტო ვიყავით. საკითხი საბოლოოდ როცა გადაწყდა, რეფერენდუმს ყველა დავეთანხმეთ, რადგან საჭირო იყო მთელი ერის ერთსულოვნების ჩვენება. ამ დროს სხვადასხვა სამართლებრივი თუ პოლიტიკური შეხედულებები მეორეხარისხოვანი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. მაშინ, ყველა პოლიტიკოსმა და ქართველმა ერმა საქართველოს დამოუკიდებლობის საჯარო, საყოველთაო დემონსტრირებას დაუჭირა მხარი. მას შემდეგ საქართველოს მარტივი გზა არ აქვს გავლილი და რეალური დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. ბრძოლა გვიწევს, ქართველმა პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ პირველ რიგშია საქართველო, მისი ეროვნული ინტერესები და შემდეგ სხვა სახელმწიფოების ინტერესები, კავშირები. მსოფლიოში საერთაშორისო წესრიგი როცა მორღვეულია, ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია, ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკური უნარი გქონდეს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ბრძოლა გვიწევს გარე და შიდა შემოტევებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ბოლო სიახლეები