კვირა, დეკემბერი 7, 2025

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის მისასალმებელი სიტყვა ჟურნალ “თეოლოგიის“ 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ II საერთაშორისო კონფერენციაზე
(თესალონიკი, 29 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 2025წ.)
თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე,
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების პირველიერარქნო და წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მღვდელნო, აკადემიური წრეების პატივცემულნო წარმომადგენელნო, ქალბატონებო და ბატონებო.
ყველას გულითადად მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი დღის სიხარულს, – საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალ “თეოლოგიის” 100 წლისთავს და ამასთან დაკავშირებით მიძღვნილ II საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციას.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საბერძნეთის ეკლესიისათვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, რადგან აღნიშნული ჟურნალი საუკუნის მანძილზე ერთ-ერთ უმთავრეს და ავტორიტეტულ საგანმანათლებლო და საღვთისმეტყველო გამოცემას წარმოადგენს.
მოხარულნი ვართ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება სამეცნიერო კონფერენცია მეტად საინტერესო და აქტუალურ თემაზე: “მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ონტოლოგია: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები”.
მოგეხსენებათ, გლობალური საკომუნიკაციო ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შეიქმნა ვითარება, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
ადამიანებს მიეცათ ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უსაზღვრო შესაძლებლობა, დისტანციური სწავლების, კვლევების ჩატარების, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების ახალი საშუალებები… ტექნოლოგიების გამოყენებამ უპრეცედენტოდ დააჩქარა ინფორმაციის დაგროვება-დამუშავება და თითოეული ჩვენგანისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობაში დაგროვილი ცოდნა.
მაგრამ, სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს, რამაც მსოფლიოს შეიძლება უფსკრულისაკენ უბიძგოს და აქამდე უცნობ მძიმე ცოდვათა მსხვერპლი გახადოს. ამას საზოგადოება გრძნობს და უკვე ცდილობს დამცავი მექანიზმების შექმნას; თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს იგი სწორი ნაბიჯების გადადმას, ან რამდენად ეფექტური იქნება ეს ქმედებანი?
გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი ცივილური სამყაროს ფორმირებაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. გავიხსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება საუკენეების წინ. პირველად სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა საგანმანათლებლო და სულიერი კერები, რომლებიც წარმოადგენდა იმდროინდელი ცოდნის შესაკრებელსა და სწორი ორიენტირის მიმცემს.
დღესაც ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები; მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს.
მართლმადიდებლური სწავლება, დაფუძნებული საღვთო სიბრძნესა და გამოცხადებაზე, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი და უსაფრთხო მომავლისა გზის მაჩვენებლად.
ჩვენს წინაშე დგას ეს უდიდესი, ურთულესი და, ამასთან, აუცილებლად გადასაჭრელი ამოცანა.
ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო კონფერენციის გამართვისათვის, ჩემი და საქართველოს ეკლესიის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი მის უნეტარესობას, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმეს და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს; მადლიერებით ვლოცავთ ჟურნალ „თეოლოგიის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, ბატონ ალექსანდრე კატსიარასს, მის ყველა თანამშრომელს, აგრეთვე, კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
ვიმედოვნებთ, ეს ღირსშესანიშნავი შეხვედრა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიების ონტოლოგიურ საკითხებთან მიმართებით ეკლესიის პოზიციის განმტკიცებასა და განსაზღვრაში, რათა ჭეშმარიტი სარწმუნოება კვლავაც იყოს მთავარი ორიენტირი ცხონების მაძიებელთათვის თანამედროვე სამყაროში, რათა ,,შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო, რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული“. (კოლ 2.2)
ქრისტესმიერი სიყვარულით,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”-ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი – მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირს აკრიტიკებს.„მე მიყვარს ევროპა, მაგრამ არა ის ბიუროკრატიული მონსტრი, როგორიც ევროკავშირია“, – წერს მასკი.ცნობისთვის, ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა „იქსი“ ციფრული სერვისების აქტის დარღვევისთვის 120 მილიონი ევროთი დააჯარიმა. 

დონალდ ტუსკი – ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა, ჩვენ საერთო მტრები გვყავს

ევროპა აშშ-ს უახლოესი მოკავშირეა და პრობლემა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისივე თქმით, აშშ-სა და ევროპას საერთო მტრები ჰყავთ.„ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო, ევროპა თქვენი უახლოესი მოკავშირეა და არა თქვენი პრობლემა. ჩვენ საერთო მტრები გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო 80 წლის განმავლობაში ასე იყო. ჩვენ ამას უნდა მივყვეთ. ეს ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი გონივრული სტრატეგიაა, თუ რამე არ შეცვლილა“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.ტუსკის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი გააზიარა და დაწერა: „თუ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს გააერთიანებთ, მიიღებთ…“. 

ირაკლი კობახიძე – უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი, შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება

უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება არასდროს ეფუძნებოდა შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.„არავინ აფასებდა იმას, თუ რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი ეკონომისტი, მშენებელი, ინჟინერი, ექიმი და სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შრომის ბაზრის ანალიზზე. უახლოეს მომავალში გვექნება პირველადი დოკუმენტი და როდესაც გამოცხადდება მიღება მომავალი წლის გაზაფხულზე, ეს მიღება დაეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. კვოტები გადანაწილდება სპეციალობების მიხედვით სწორედ შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე. რაც შეეხება მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობას, ეს რაოდენობა არსებითად იგივე დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა დავით ბოდაველის (1982), ავთანდილ ჭრიკიშვილისა (2015) და ბექა ღვინიაშვილის (2019) შემდეგ, ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული.გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – ლიპარტელიანმა ფრანგი სარა-ლეონ სისიქი ვაზარით დაამარცხა, ჯაბნიაშვილმა კი ასევე ვაზარით ​იტალიელ ტიციანო ფალკონეს აჯობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ტელეფონით ესაუბრა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ანდრეი გნატოვი.მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ხანგრძლივი და არსებითი იყო.„მადლიერი ვარ ძალიან ფოკუსირებული, კონსტრუქციული დისკუსიისთვის. ჩვენ დავფარეთ მრავალი ასპექტი და განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, რომლებმაც შესაძლოა, სისხლისღვრის დასრულება უზრუნველყოს და აღმოფხვრას რუსეთის ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრის საფრთხე, ისევე როგორც რუსეთის მიერ თავისი დაპირებების შეუსრულებლობის რისკი, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მოლაპარაკებებისადმი ინტენსიური მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერზე მუშაობას გააგრძელებს.„უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, მშვიდობის მისაღწევად ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობა გააგრძელოს. შევთანხმდით შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგ ნაბიჯებსა და საუბრების ფორმატებზე. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს მოლაპარაკებებისადმი ასეთი ინტენსიური მიდგომისთვის. ახლა რუსტემ უმეროვს და გენერალ გნატოვს დეტალური პირადი ანგარიშით ველი. ყველაფრის განხილვა ტელეფონით არ შეიძლება, ამიტომ ჩვენს გუნდებთან იდეებსა და წინადადებებზე მჭიდროდ მუშაობა გვჭირდება. ჩვენი მიდგომაა, რომ ყველაფერი იყოს ქმედითი – მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციისთვის ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზომა. მადლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები