საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:0 გაიმარჯვა. ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგება იყო.
ისრაელთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა – მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლუკა ლოჩოშვილის ნაცვლად ლაშა დვალი გამოჩნდა, მარცხენა ფლანგზე გიორგი წიტაიშვილი ირაკლი აზაროვმა შეცვალა, ხოლო ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილისა და ნიკა გაგნიძის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ჩაკვეტაძე და ზურიკო დავითაშვილი გავიდნენ მოედანზე.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი 31-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.
მეორე ტაიმში ლიეტუველები გააქტიურდნენ და გიორგი მამარდაშვილმა ორჯერ იხსნა საქართველოს ნაკრები – პირველად ბალტიისპირელთა კაპიტნის, იუსტას ლასიცკასის სახიფათო დარტყმის შემდეგ, ხოლო მეორედ მწვავე ფლანგური გადაცემა ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი 71-ე წუთზე გაიტანა. გიორგი მიქაუტაძემ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. 84-ე წუთზე კი ნიკა გაგნიძის გადაცემით დუბლი შეასრულა და 23 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიაში ხვიჩა კვარაცხელიას გადაასწრო, შოთა არველაძეს კი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩება.
საქართველოს ნაკრებმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, შემდეგ შეხვედრას კი ვილი სანიოლის გუნდი 2 ივნისს რუმინეთთან თბილისში გამართავს.

