შაბათი, თებერვალი 22, 2025

საქართველოს ნაკრებმა თბილისში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

 

თამაშის დაწყებამდე 30 წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი კამარ ბოლდუინი ტრავმის გამო ვერ მიიღებდა.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი მეოთხედი დანიამ 21:19 მოიგო. მეტოქე ქულების აღებას, ძირითადად, პერიმეტრიდან ცდილობდა, ასევე აქტიურები იყვნენ სამწამიან ზონაშიც. საქართველომ მეორე მეოთხედში დაცვაში მჭიდროდ თამაში დაიწყო, ქართველი კალათბურთელები დანიელებს გასაქანს არ აძლევდნენ, ხოლო შეტევაში ქულებს ფარის ქვეშიდან აგროვებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო, ტაიმი მაინც დამაჯერებლად, 37:25 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედში დანიამ მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა, ხოლო საქართველოსგან 18 მიიღო.

მესამე მეოთხედში დანიელმა მოთამაშეებმა პერიმეტრიდან ზუსტად თამაშს მოუმატეს, თუმცა დაცვაში ძალიან უჭირდათ საქართველოს კაპიტნის, თორნიკე შენგელიას შეჩერება. „ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი საკუთარ ფართანაც დამაჯერებელი იყო, ერთ-ერთ მომენტში მან სილვესტერ ბერგ პედერსენს ძალიან ეფექტურად დაუფარა, თუმცა დაცვაში სათანადო თამაშის წყალობით მეოთხედი დანიამ 20:11 მოიგო.

უკანასკნელი მეოთხედი საქართველომ კარგად დაიწყო, მაგრამ კვლავ გაუჭირდა პერიმეტრის დაცვა, დანიელი უკანახაზელები სამქულიანებს ზუსტად ისროდნენ. ძალიან ინტენსიური და დაცვითი მატჩის ბოლო წუთზე მნიშვნელოვანი სამქულიანი დუდა სანაძემ ჩააგდო და საქართველოს ნაკრები  ერთი წუთით ადრე 60:58 წინ გაიყვანა. 13 წამით ადრე საჯარიმო ხაზზე დანიელთა ცენტრი ლარსენი დადგა, რომელმაც ორივე ტყორცნა გამოიყენა. მატჩის საფინალო სირენამდე 6.1 წამით ადრე კი დუდა სანაძემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 19 ქულა თორნიკე შენგელიას ჰქონდა. მის ანგარიშზე ასევე იყო 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. 16 ქულაა დუდა სანაძის ანგარიშზე, 6 ქულით დაასრულა მატჩი რატი ანდრონიკაშვილმა, 4-ით – შერმადინმა, 4-ით – ფევაძემ, 5-ით – ოჩხიკიძემ, 6-ით ბურჯანაძემ, ხოლო 2-ით – ჯინჭარაძემ. დანიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი ლარსენი იყო – 14 ქულა.

შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით ოფიციალურად მოიპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. ეს ევრობასკეტი საქართველოსთვის ზედიზედ მეექვსე იქნება, რომელზეც მონაწილეობა მიიღო. ქართველებმა პირველად 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე იასპარეზეს, სადაც მე-12 ადგილი მოიპოვა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია.

2025 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთი ოთხ ქვეყანაში – ფინეთში, კვიპროსში, პოლონეთსა და ლატვიაში ჩატარდება. გათამაშების ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაში გაიმართება, ხოლო ტურნირი 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით შედგება.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩს 24 თებერვალს სტუმრად სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გამოჩენილ ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გიორგი მაღალაშვილს 94-ე დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ქართველ მეცნიერსა და გეოლოგს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსს, საქართველოს ირაკლი ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ სამეცნიერო მრჩეველს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ევროპისა და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, საქართველოს დამსახურებულ გეოლოგს, ღირსების ორდენისა და სტუ-ის ოქროს მედლის კავალერს, კალისტრატე გაბუნიას სახელობის პრემიის ლაურეატს, სასარგებლო წიაღისეულის ოთხი საბადოს პირველაღმომჩენს, პროფესორ გიორგი მაღალაშვილს დაბადების დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. დავით გურგენიძის თქმით, „განუზომელია გიორგი მაღალაშვილის წვლილი ახალგაზრდა სპეციალისტების, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდასა და ქართული გეოლოგიის განვითარებაში“. „ჩვენს სათაყვანებელ მეცნიერს, ცნობილ გეოლოგს, ბატონ გიორგი მაღალაშვილს - 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 დამხმარე სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 4 ახალი სამეცნიერო ნოვაციის, 4 გამოგონების, ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების გეოლოგიური რუკის, 3 გეოლოგიური და გეოფიზიკური მეთოდის დამუშავების ავტორს, 40-ზე მეტი სამეცნიერო ფორუმის მონაწილეს ვულოცავთ 94-ე დაბადების დღეს. პროფესორი გიორგი მაღალაშვილი ქართველ მოაზროვნეთა თაობის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც თავდადებით იღვწის მეცნიერების განვითარებისთვის და მრავალი ათეული წელია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: კავკასიის ფაიფურის ქვები, ნახშირების ბუნებრივი „გაღარიბების“ გამომწვევი მიზეზები, ხელოვნური ალმასების წარმოება ალგეთისა და სხვა საბადოების, ე.წ. „ზოლენგოფენის“ ტიპის ლითოგრაფიული ქვის გამოყენებით, სამრეწველო მნიშვნელობის საბადოების ზოგი კომპონენტის სოფლის მეურნეობაში გამოყენება, როგორც არატრადიციული სასუქი და მელიორანტი და სხვა. ცხოვრების მისეული გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება ქვეყნისა და მშობლიური უნივერსიტეტისთვის გაწეული დიდი ღვაწლის დადასტურებაა. განუზომელია გიორგი მაღალაშვილის წვლილი ახალგაზრდა სპეციალისტების, სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების აღზრდასა და ქართული გეოლოგიის განვითარებაში. ბატონო გიორგი, გულითადად გილოცავთ 94-ე დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ცოდნით, მდიდარი გამოცდილებით და მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებებით დიდხანს იღვაწებთ ჩვენი უნივერსიტეტის, ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.

მარკო რუბიო – ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს – ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს. „პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გადის. ეს ომი დიდხანს და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა“, - ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში. მისი თქმით, გაერო თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც გაერო-ს ქარტიაშია დაფიქსირებული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს. „აშშ-მა გაერო-ში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სად აიკრძალა გადაადგილება? – განახლებული ინფორმაცია

სამდღიანი გადაუღებელი თოვის და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები ისევ ვრცელდება ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა უამინდობის გამო მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. შუამთის მონაკვეთიდან მანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. თელავში კი, გუშინ დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.

კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ალასანია და რა შეუძლია ავნოს საკუთარ ქვეყანას თუკი პატრონები უბრძანებენ. საკმაოდ მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ ლუსტრირებული აგენტი, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი...

როგორც ჩანს, ადგილობრივი აგენტების გარე პატრონები ფიქრობენ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად ჩართული ჯაშუშები სრულიად ლუსტრირებულები არიან, ამიტომაც, გადაწყვიტეს ერთ-ერთი ყველაზე „წონიანი“ აგენტი - ირაკლი ალასანია დაებრუნებინათ „სცენაზე“, იქნებ, როგორმე მან მოახერხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნდობის მოპოვება და საქართველოში უცხოური ინტერესების გატარება! როგორც ჩანს, ჩვენმა უცხოელმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ ჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ მათი გეგმის ვერ განხორციელების მიზეზი არა მათ ხელში უბრალო ინსტრუმენტად ქცეული კონკრეტული პერსონები, არამედ ის მიზნები, გათვლები და დამოკიდებულებებია, რომლებიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ!- წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. ქადაგიძე ირაკლი ალასანიას საჯაროდ გამოჩენას და “რადიო თავისუფლებასთან” მის ინტერვიუს აფასებს და აცხადებს, რომ “როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში”. “უკვე წლებია, დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს უცხოური ინტერესების მორჩილი ადგილობრივი „პოლიტიკოსების“, „აქტივისტებისა“ თუ „სამოქალაქო საზოგადოებას“ ამოფარებული ჯაშუშების ქმედებებს. უკრაინაში ომის დაწყებისა და „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების შესაბამისად საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის გეგმის აღსრულების მცდელობების პროცესში, ბუნებრივია, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ჯაშუშები განსაკუთრებით გააქტიურეს და კონკრეტული ქმედებები აიძულეს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერ შედგა გადატრიალება, რომელსაც საქართველოში ომი უნდა მოჰყოლოდა, მთელმა ქვეყანამ დაინახა ადგილობრივი აგენტურის სახე და ის, რომ ეს ადამიანები საქართველოს ინტერესებს ნამდვილად არ ემსახურებიან! როგორც ჩანს, ადგილობრივი აგენტების გარე პატრონები ფიქრობენ, რომ გასული ორი წლის მანძილზე პოლიტიკურ პროცესებში ინტენსიურად ჩართული ჯაშუშები სრულიად ლუსტრირებულები არიან, ამიტომაც, გადაწყვიტეს „კარგად დავიწყებული“, უსიტყვოდ მორჩილი და სხვა „წვრილფეხობასთან“ შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე „წონიანი“ აგენტი - ირაკლი ალასანია დაებრუნებინათ „სცენაზე“, იქნებ, როგორმე მან მოახერხოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ნდობის მოპოვება და საქართველოში უცხოური ინტერესების გატარება! როგორც ჩანს, ჩვენმა უცხოელმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ ჯერაც ვერ გაიაზრეს, რომ მათი გეგმის ვერ განხორციელების მიზეზი არა მათ ხელში უბრალო ინსტრუმენტად ქცეული კონკრეტული პერსონები, არამედ ის მიზნები, გათვლები და დამოკიდებულებებია, რომლებიც საქართველოს მიმართ გააჩნიათ! შესაბამისად, ვერ გაიაზრეს, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი ინტერესების განხორციელების რესურსი არ გააჩნიათ და არ აქვს მნიშვნელობა ამას ალასანიას დაავალებენ თუ რომელიმე სხვა აგენტს! ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებას ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ რამეზე ისაუბრა, მათ შორის, გულის ტკივილით საუბრობდა იმაზე, თუ რა ხდება და რა შედეგი დადგა საქართველოში. სინამდვილეში, განვლილი 12 წლის მანძილზე, გათავისუფლდა ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საზოგადოება, საქართველოში დასრულდა ტერორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყო რეალური სუვერენიტეტის მოპოვებასა და შემდეგ მის გამყარებაზე ზრუნვა, ატარებს დამოუკიდებელ, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამის პოლიტიკას, რაც მთავარია, რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე ინარჩუნებს 12 წლიან უწყვეტ მშვიდობას და ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ, სტაბილურ ტემპს! ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ საქართველოს აღარ მართავენ ალასანიას მსგავსი სხვადასხვა უცხოელი აგენტები, რომლებიც წარბშეუხრელად გათელავენ საქართველოს ინტერესს, თუ გარე პატრონმა უბრძანა! როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიასთვის ბევრად უფრო მისაღებია ის, თუ რა ხდებოდა 2003-12 წლებში. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას „მიტმასვნოდა“. ამის შემდეგ სცადა, იქნებ გიორგი თარგამაძის მსგავსად ფსევდო-ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერად დაენიშნათ, ან თარგამაძე ჩაენაცვლებინა და მისი პარტია „მთავარ ოპოზიციურ გუნდად“ ქცეულიყო, თუმცა, ვერ გამოუვიდა! მას დაავიწყდა, რომ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტსა და ერთ-ერთი მთავარ ჯაშუშ სააკაშვილს საკუთარი პარანოიდული შიშები აწუხებდა და მიაჩნდა, რომ მათ გარე პატრონებს, შესაძლოა, სხვა ჯაშუშით ჩაენაცვლებინათ! ირაკლი ალასანია რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილკალიბრიანი ჯაშუშია, ჯერ კიდევ 10 წლის წინ დადასტურდა, როდესაც ბიუჯეტიდან საკუთარი თანამშრომლების ხელით მილიონობით ლარი მოიპარა! ე.წ. „კაბელების საქმეში“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტები იკვეთება, რომლებიც ალასანიასა და მისი თანამშრომლების დანაშაულს ადასტურებს, სწორედ ამიტომ, მისმა გარე პატრონებმა საკუთარი აგენტის მდგომარეობა გულთან მიიტანეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ ალასანია საპატიმროში არ აღმოჩენილიყო. ის, რომ ამ ხალხმა დანაშაული მართლაც ჩაიდინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე არავინ დავობს და თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რაიმე ტიპის დარღვევაზე მიუთითებს, საუბარი მხოლოდ გარკვეულ პროცედურულ გადაცდომებზეა!”-აღნიშნავს ქადაგიძე. ქადაგიძის თქმით, “ასევე მითია ის, რომ ალასანია პატრიოტი, ბუნებით დემოკრატი, ლიდერების თვისებების მქონე პოლიტიკოსია, რომელსაც გუნდის შეკვრა შეუძლია. - ის, რომ ალასანია ბუნებით დიქტატორია და გადაწყვეტილებებსაც დესპოტურად იღებდა ყველამ კარგად იცის, ვისაც მაშინდელ „თავისუფალ დემოკრატებთან“ მინიმალური შემხებლობა მაინც ჰქონია”. ქადაგიძე ირაკლი ალასანიას წარსულ მოღვაწეობასაც იხსენებს და ამბობს, რომ მას ამდენი კრახი აღარ აპატიეს. პოლიტიკური პროცესებიდან მისი დისტანცირების მთავარი მიზეზი კი, პირველ რიგში, ის გახდა, რომ გლობალურ ომის პარტიაში საკუთარი პატრონების წინაშე თავი ძალიან შეირცხვინა, როდესაც ბიუჯეტის ფული მოიპარა. როგორც “ხალხის ძალის” წევრი აღნიშნავს, მას მაღალი მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს. “მეც და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ მის ყოფილ თანაგუნდელებსა და მეგობრებს ალასანიასთან კონტაქტი არ აქვთ და არც კი ესალმებიან. - ირაკლი ჩიქოვანი დღეს თავდაცვის მინისტრია, თეა წულუკიანი ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე კი თბილისის საკრებულოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. აღარ განვაგრძობ კონკრეტული პოლიტიკოსების ჩამოთვლას, თუმცა, ირაკლი ალასანიასთან კონტაქტი, მისი გუნდის, ფაქტობრივად, არც ერთ წევრს აღარ აქვს, რადგანაც ამ კაცს არც დემოკრატის, არ ლიდერის და, მითუმეტეს, არც პატრიოტის რაიმე ნიშან-თვისება გააჩნია! მართლაც რთულია მსგავსი პრეცედენტის მოძებნა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ყოფილი თანაგუნდელები და მეგობრები, საკუთარი პარტიის ხელმძღვანელს გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან! პოლიტიკოსზე ძალიან კარგად მეტყველებს როგორ იქცევა საკუთარ გუნდთან, თუმცა, ალბათ კიდევ უფრო მეტი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია იმაზე დაკვირვებით, თუ როგორ იქცევა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე! - აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ოპოზიციაში გადასულმა ალასანიამ, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს თავადვე დაუსვა სამუდამო წერტილი, როდესაც 2016 წელს, გორში მაჟორიტარობის კანდიდატად დარეგისტრირდა, გარკვეული მხარდაჭერაც მიიღო, მეორე ტურშიც გადავიდა, თუმცა, იმ ხალხს, რომელიც ენდო და პოლიტიკურ ბრძოლაში მის გვერდით დადგა, თავადვე უღალატა და მხოლოდ იმის გამო, რომ მისმა პარტიამ 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა! საბოლოოდ ალასანიას ამდენი კრახი აღარ აპატიეს, პოლიტიკური პროცესებიდან მისი დისტანცირების მთავარი მიზეზი კი, პირველ რიგში, ის გახდა, რომ გლობალურ ომის პარტიაში საკუთარი პატრონების წინაშე თავი ძალიან შეირცხვინა, როდესაც ბიუჯეტის ფული მოიპარა, ხოლო იმისთვის, რომ არ დაეპატიმრებინათ, პროცესში მათი ჩართვა გახდა საჭირო. პოლიტიკიდან ალასანიას ჩამოცილებას, ქვეყნიდან მისი წასვლა, შემდეგ კი „თავისუფალი დემოკრატების“ დაშლა და, ფაქტობრივად, ამ „აგენტურული პროექტის“ ჩავარდნა მოჰყვა. ალასანია კი, რომელმაც დირექტივები კარგად ვერ შეასრულა და თავი შეირცხვინა, უმოქმედო აგენტად იქცა! ის, ფაქტი, რომ დღეს სწორედ ასეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი დააბრუნეს საზოგადოებრივ პროცესებში და მისი მეშვეობით ცდილობენ ქართველი ხალხის განწყობებზე გავლენის მოხდენას, ალასანიას პატრონებზე ბევრად მეტს გვეუბნება, ვიდრე თავად ალასანიაზე! „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი აგენტურული ქსელი საზოგადოების თვალში იმდენად დაზიანდა და მათი ნდობის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე დავიდა, რომ პოლიტიკურ პროცესში, თავის დროზე პოლიტიკიდან მათ მიერვე ჩამოშორებული ირაკლი ალასანია ჩართეს! ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ადგილობრივი აგენტები თუ მათი პატრონები სრულიად არიან გაკოტრებულები! ნამდვილად კარგია, რომ ადგილობრივ წვრილფეხობასთან შედარებით ერთ-ერთმა „წონიანმა“ ჯაშუშმა, საზოგადოებას თავი თვითონ შეახსენა! პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა და საზოგადოებრივ პროცესებში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რას წარმოადგენს ალასანია და რა შეუძლია ავნოს საკუთარ ქვეყანას თუკი პატრონები უბრძანებენ! ამ ფონზე კი, ერთი მხრივ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჯაშუშურ საქმიანობაზე, მეორე მხრივ კი მსგავსი ტიპის პროცესი საქართველოს პარლამენტშიც დაიწყო, შესაბამისად, საკმაოდ მაღალი მოლოდინი მაქვს, რომ ლუსტრირებული აგენტი, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ირაკლი ალასანია განსასჯელის სკამზეც აღმოჩნდეს”.- წერს ქადაგიძე.

„ვფიქრობ, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს, ეს დიდი გარიგებაა“ – დონალდ ტრამპი

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ - ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა. დონალდ ტრამპმა ასევე ხაზი გაუსვა სამშვიდობო შეთანხმების საკითხს და აღნიშნა, რომ ამის მიღწევის შანსი არსებობს: "ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, იცით რატომ? ჩვენს გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა, ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან, თქვენ არ გინახავთ სურათები, რომლებიც მე ვნახე - ისინი ბრძოლის ველზეა გადაღებული. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსი არსებობს. მე უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ რუსეთს სურს ამის გაკეთება - ახლა ვფიქრობ, რომ მიზანთან საკმაოდ ახლოს ვართ. მგონია, რომ მათ სურთ ეს და ეს მნიშვნელოვანია. ეს დიდი გარიგებაა. ეს გარიგება გვტოვებს იმ ქვეყანაში, ისინი კი ძალიან კმაყოფილები არიან ამით, ჩვენ კი ვიბრუნებთ ჩვენს ფულს. ხელმოწერა ამ საკითხზე დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე მოლაპარაკებებში ჩვენ შევიდოდით. ბაიდენს უნდა მოეწერა ხელი, მაგრამ ბაიდენმა არც იცოდა დიდად რას აკეთებდა. ფაქტია, ომი არ უნდა მომხდარიყო," -აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ბოლო სიახლეები