89:60 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანია თბილისში და მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში სავსე ტრიბუნების წინაშე გაიმართა და როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის ძალიან ბევრს წყვეტდა. წაგების შემთხვევაში დანიელები ჯგუფს მეოთხე ადგილზე (მიუხედავად იმისა, რომ ივლისში კიდევ ორი ტურია) დაასრულებდნენ. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას კი ოთხგუნდიანი ჯგუფებიდან საუკეთესო სამ-სამი ნაკრები განაგრძობს.

A ჯგუფიდან გავიდნენ ესპანეთი, უკრაინა და საქართველო. ბოლო ორ ტურში და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვინც მეტ ქულას დააგროვებს, ფინალურ ეტაპზეც ის ითამაშებს. აქვე გეტყვით: მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ჯგუფის ტრიო B ჯგუფის (საბერძნეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, რუმინეთი) სამეულს შეუერთდება, ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი მოხვდება.
მატჩის სურათი წინასწარვე გამოსაცნობი იყო: დანიის ნაკრებს ევროლიგის კალათბურთელები იფე ლუნდბერგი და შეივონ შილდსი აკლდა. უმეტესად დანიის ჩემპიონატის ახალგაზრდები თამაშობენ და შენგელიას, რიდის, სანაძის დარ გამოცდილ მოთამაშეებთან კლასში სხვაობა ნამდვილად იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად განსწავლული, ენერგიული გუნდია, დანია საქართველოს პირველივე ტაიმში ჩამორჩა და ჩვენი გუნდი დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა (43:31). მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობა იმდენად გაიზარდა (58:34), რომ ბოლო 15-მა წუთმა ფორმალური სახე მიიღო. ცხადი იყო, რომ დანიელები თამაშს ვეღარ შემოატრიალებდნენ.

პირველი თამაშის შემდეგ კიდევ უკეთ გაიხსნა ახალი ლეგიონერი მარკის რიდი, რომელმაც სამ მეოთხედში 25 ქულა ჩააგდო, ხოლო მატჩი 29 ქულით დაასრულა. ორმაგი დუბლი შეასრულა თორნიკე შენგელიამ – 27 ქულა, 11 მოხსნა. ფარქვეშ კარგად იბრძოდა გიორგი შერმადინის შემცვლელი გიორგი ტურძილაძე. დუდა სანაძე იმდენად სასარგებლო იყო, რომ ალექსანდრ ჯიკიჩი იშვიათად ცვლიდა. რაც შეეხება ალექსანდრე მერკვილაძეს, მან სანაკრებო სტატისტიკა არ გაიფუჭა: დანიაში ჩაგდებული ოთხიდან ოთხი სამქულიანის შემდეგ თბილისში სამიდან სამი სამიანი ჩააგდო.
ჯგუფის მომდევნო ორი მატჩი ივლისში გაიმართება: საქართველოს ნაკრები უკრაინასთან სტუმრად (მატჩი ლატვიაში შედგება) 2 ივლისს ითამაშებს, ხოლო 5 ივლისს ესპანეთს უმასპინძლებს. იმ მატჩებში ჩვენს გუნდს სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც დაეხმარებიან.

