საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
ფაქტები
- საქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე მატჩი იყო – ჩვენმა გუნდმა სამივე მოიგო.
- ფარერების კარში მეათე გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა.
- საქართველოს ნაკრებში 79-ე მატჩი გამართა მეკარე გიორგი ლორიამ. მან ამ შეხვედრით სანაკრებო კარიერა დაასრულა.
- ფარერებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდებს: ნიკა გაგნიძეს, საბა ხარებაშვილსა და დავით კერესელიძეს.
- ეს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრების მე-80 მატჩი იყო.
მატჩის დასაწყისში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გუნდის მეკარეს, გიორგი ლორიას, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, საგანგებო ჯილდო გადასცა.
შეხვედრა „ჯვაროსნების“ უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მე-9 წუთზე გიორგი გულიაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა შემტევმა ფეხბურთელებმა მომენტებით ვერ ისარგებლეს.
36-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე პოულ კალსბერგი აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.
სტუმრებმა კიდევ ერთი მომენტი 50-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ დანიელ იოჰანსენის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია.
მე-80 წუთზე ვილი სანიოლმა მოედანზე საბა ხარებაშვილი შეუშვა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია – 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის.
მატჩის ბოლო წუთები უფრო აქტიურად ფარერის კუნძულების ნაკრებმა ჩაატარა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.