საქართველოს ნაკრების გამოსვლა სცენაზე
ლევან სანიკიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატისა და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს 4 ოქტომბერს სპეცოპერაციაში არმონაწილეობას
„ნაციონალური მოძრაობა“ დგას საპროტესტო ელექტორატის და ქვეყანაში ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა უმრავლესობის ნებაზე, რაც გულისხმობს ივანიშვილის ე.წ. არჩევნებზე – 4 ოქტომბერს დაანონსებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის არმიღებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.ლევან სანიკიძის თქმით, ვინმე თუ იყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კიდევ მსჯელობენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ირაკლი კობახიძის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებში.„პოლიტპატიმრები როდესაც სხედან ციხეში, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ინიშნება. ამიტომ, ვინ ჩაიყენებს თავს თამაშგარე პოზიციაში, ეს კიდევ საკითხავია. ამ ვითარებაში მე უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია ამ საკითხის განხილვაც კი და დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ მოუწევს პოზიციის ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი დიდი პრობლემა ექნება, არა მხოლოდ ოპოზიციურ ელექტორატთან“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.კითხვაზე, „ლელო“, „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“ თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რა აზრი აქვს მაშინ „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტს?“, ლევან სანიკიძემ აღნიშნა:„ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სულ მცირე „ლელო“, ჩემი აზრით, ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ამ ფორმაციის ცესკო-თი, ამ პირობებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღის გარეშე და ციხეში პოლიტპატიმრებით. საჯაროდ შეიძლება, საუბრობენ და კარგია საჯაროდ ლაპარაკი, ნახავენ საზოგადოებრივ განწყობას. 2021 წელს ქალაქებში ნაკლები ხმები ჰქონდა ოპოზიციას? მარტო თბილისში რატომ უნდა იყაროს ვინმემ კენჭი? მგონია, მთლიანად საქართველოში გაყალბდა, თბილისშიც გაყალბდა და ყველგან გაყალბდა არჩევნები. ახლა კიდევ იმაზე უარესი ცესკო-ა, სხვა კოლეგა ოპოზიციონერები ციხეში არიან, სანქცირებული ცესკო ატარებს არჩევნებს და ახლა აქ ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მე მივალ, ამომრჩეველს მოვატყუებ, რომ მის ხმას ამ სისტემაში დავიცავ და ამით ხელისუფლების ცვლილებას შევუწყობ ხელს, შემცდარა. ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი ტიპის არჩევნებისთვის ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება უფრო მეტ შანსს გვაძლევს ივანიშვილის ჩამოსაშლელად, ვიდრე სისტემურ ოპოზიციად ქცევა“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მედიის ცნობით, უკრაინის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის თურქეთში უკვე ჩავიდნენ
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის წევრები მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის თურქეთში უკვე ჩავიდნენ. ისინი დღეს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდს გამართავენ.შეგახსენებთ, პირველ ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დელეგაციის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. წინა დელეგაციის მსგავსად, მას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს, ხოლო ახალი სიიდან ამოიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული დეპარტამენტის საერთაშორისო და ოპერატიული სამართლის დეპარტამენტის უფროსი ალექსეი მალოვაცკი. დელეგაციას დაემატნენ ანდრეი ფომინი, ევგენი ოსტრიანსკი და იური კოვბასა.მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ 2 ივნისს, სტამბოლში მოსკოვი „მემორანდუმს“ წარადგენს, რომელშიც შეთავაზებული იქნება ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების გზები. კიევში კი ამბობენ, რომ შედეგის მისაღწევად, ისინი წინასწარ უნდა გასცნობოდნენ რუსულ „მემორანდუმს“.
მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა
„არილის“ რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი მალხაზ ხარბედია გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„აღარა გვყავს ჩვენი მახო. არ არის სამართალი ქვეყნად და არც არასოდეს ყოფილა!“ - წერს სოციალურ ქსელში ლევან სებისკვერაძე.მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავად იყო და საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა.
“ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება” – მედვედევი უკრაინას
რუსულ აეროდრომებზე განხორციელებული მასშტაბური ოპერაციის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს: ,,ცეცხლთან თამაში ჯოჯოხეთით დასრულდება. ჩვენს სტრატეგიულ ავიაბაზებზე დარტყმის მცდელობა არა მხოლოდ კიევის ნაციონალისტური რეჟიმის ტერორისტული აქტია, ეს პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მათ საბოლოოდ დაკარგეს შიში, გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი. ეს ყველაფერი არ ხდება დასავლეთის მონაწილეობის გარეშე. სწორედ ისინი აწვდიან ამ მწვანე მაისურებში გამოწყობილ ურჩხულებს ტექნიკას, კოორდინატებსა და დაუსჯელობის ილუზიას, მაგრამ დროა, ყველას შევახსენოთ: რუსეთს ხანგრძლივი მეხსიერება და ძალიან ზუსტი ხელი აქვს. პასუხი იქნება არა მხოლოდ ასიმეტრიული, არამედ გამანადგურებელი. ჩვენ ვიცით სად მიიღება გადაწყვეტილებები. ვიცით, სად სხედან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ხელებით შეუძლიათ ბრძოლა. დარტყმას იქ მივაყენებთ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელიან. თავაზიანი ფორმულირებების დრო დასრულდა, ახლა მხოლოდ ფოლადი, ცეცხლი და სამიზნეების ზუსტი განადგურება უნდა მოხდეს. დაე, ილოცონ, თუმცა მათ ვერავინ უშველის, ვერც ნატო და ვერც სატანა სამკაპით, - ამბობს მედვედევი.
საქართველოდან გაძევებულ იქნა – ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის – ჯამში 31 მოქალაქე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოდან გააძევეს ირანის, ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ბურუნდის, ყაზახეთის, იორდანიის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, პაკისტანის და ერაყის - ჯამში 31 მოქალაქე.მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.