ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს – ლევან მგალობლიშვილი

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს, – წერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის გაერთიანების საქმეში წარმატებებს უსურვებს.

„მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამშობლოს სიყვარულით და წარმატებებს ვუსურვებ მას ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც დაგვაახლოებს სასურველ მიზანთან – ქვეყნის კვლავ გაერთიანებასა და გამთლიანებასთან“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ბოლო რვა წელიწადის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს

ბოლო რვა წელიწადის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის და მისი წარმატების გარანტის მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები. „მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, რაც მან დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი საქმიანობით სხვადასხვა სფეროში. ბოლო რვა წელიწადის განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. მას თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით. ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა. ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ შეიძლება, კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება, მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა. ვფიქრობ, ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს, განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები. მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. შეიძლება, პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი. ამ კუთხით რადიკალურად შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს მიხეილ ყაველაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები და ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ ყაველაშვილის არჩევაც პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს

„მიხეილ ყაველაშვილი ჩვენს გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და უბრალოებით. ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა - ხელოვნურად შექმნილი იმიჯი. ის არის ცნობილი სპორტსმენი, გამოცდილი პოლიტიკოსი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე წერს. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს. „ორი ათეული წლის განმავლობაში პრეზიდენტად მხოლოდ ის მიიჩნეოდა, ვინც ყველაზე მჭიდროდ იყო კავშირში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან და ცალ ფეხზე დგომით, მუდმივი მორჩილებით ცდილობდა „მეგობრობის"ექსპორტს. ეს იყო უმთავრესი პრიორიტეტი და არა - პატრიოტიზმი, პრინციპულობა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის განცდა. შედეგიც, შესაბამისად, სამწუხარო დადგა. ასეთი მიდგომა იყო შეცდომა და მისი გამეორება დღეს განსაკუთრებით სახიფათოა. ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება. ეს არჩევანიც არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს“, - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ირაკლი კობახიძე – ლეგიტიმაციას კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი, ასე მოხდა პარლამენტის, ასე ხდება მთავრობის და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში

სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები სწორედ მსგავსი წესით აირჩევიან. „დავუბრუნდები ექვსი წლის წინანდელ მოვლენებს, ასეთივე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს მათ სალომე ზურაბიშვილი. ახლა ექვსი წლის თავზე აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში და არც უნდა დათმოს, მეშვიდე წელიც უნდა გაატაროს პრეზიდენტის თანამდებობაზეც ამისკენ მოუწოდებს მას ნიკა გვარამია, მოუწოდებენ სხვა ლიდერები, რაც ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, კონკრეტულ ორგანოებს, კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი. ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ახალი წესით კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს, ეს არის ამერიკულის მსგავსი წესი და არა მარტო ამერიკულის, გერმანიაშიც მსგავსი წესით აირჩევა პრეზიდენტი. „გერმანიაშიც იქნება კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან, მიწების წარმომადგენლებისგან, ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ მინიჭებული ხალხისგან კონკრეტული მანდატი და ამ მანდატის საფუძველზე ირჩევენ პრეზიდენტს. აქაც იგივე ხდება – 2024 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხალხმა კოლეგიაშიც კონკრეტული მანდატები, კვოტები მიანიჭა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს და ანალოგიურად 2021 წელს, როცა ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქაც ხალხმა მიანიჭა კონკრეტულ პარტიებს მანდატი, რომ აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. ამის საფუძველზე ყალიბდება 300-კაციანი კოლეგია, ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან, ანუ სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან. საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის აგრესიული რეაქციიდან ყველაზე კარგად გამოჩნდა, რომ მიხეილ ყაველაშვილის მხარდაჭერა ჩვენი პოლიტიკური გუნდის სწორი არჩევანი იყო

ცალკეულად არცერთ ადამიანს არ შეუძლია , ერთი ხელის მოსმით გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა – ე.წ. პოლარიზაცია, მაგრამ ზეპარტიულ პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატზე ოპოზიციის აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური, რომ კანდიდატი სწორად არის შერჩეული. „რაც შეეხება ოპოზიციის და მათი მედიასაშუალებების, მათ შორის, სოცმედიაში გაშლილ კრიტიკას, კრიტიკაზე მეტად ეს არის სიძულვილის კამპანია, რაც მათთვის დამახასიათებელია და რასაც არავითარი ფასი არ აქვს. მათ შორის, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ამაზე ბევრად უფრო ბინძური კამპანია ჰქონდათ გაშლილი ამ ადამიანებს, ამ მედიასაშუალებებს თავის დროზე, ექვსი წლის წინ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა, როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა უღალატა ქვეყანას და დადგა არა სახელმწიფო სამსახურში, არამედ უცხო ძალის სამსახურში, მაშინვე, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადეს. თავის დროზე მოღალატედ შერაცხული სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს ლამის ეროვნულ გმირად, ამიტომ მათ არავითარ ნათქვამს ფასი არ აქვს. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ჩვეულებრივი სიძულვილის კამპანია, სიძულვილის დათესვის, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მორიგი მცდელობა. სინამდვილეში, მათი რეაქციიდან ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, როდესაც მხარი დავუჭირეთ მიხეილ ყაველაშვილს. მათი აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ სწორედ საუკეთესო კანდიდატი შეირჩა ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს

მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას, რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა. „თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს, იმ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. პრეზიდენტი თუიქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები