საპარლამენტო დელეგაციის წევრები სერბეთში შეხვედრებს მართავენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დეპუტატებთან ერთად, სერბ კოლეგას შეხვდა. სამხარაძემ ბელგრადში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაგეგმილ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა.
„ასევე შეხვედრები გვექნება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან. ხვალ დაგეგმილია თავდაცვისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრა. შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს.
საქართველოსა და სერბეთს გააჩნიათ საკმაოდ ბევრი საერთო მახასიათებელი. ორივე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. ჩვენ საბოლოო, საგარეო-პოლიტიკური ამოცანა არის ევროკავშირში წევრობა. ასევე, ორივე ქვეყანას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გამოწვევებია პოლარიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც უნდა გადაითარგმნოს უფრო მეტ დაახლოებაში.
გვსურს, რომ თბილისში გაიხსნას სერბეთის საელჩო. გვსურს, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში უკვე გადაიქცეს სრულფასოვან საელჩოდ. გვაქვს ეკონომიკურ საკითხებზე პერსპექტივები, რომ გავზარდოთ ვაჭრობა, ტურიზმი, ხალხთა შორის მიმოსვლა“, – განაცხადა სამხარაძემ.