საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული აშშ-ის ელჩი ჩარლზ კუშნერი უწყებაში არ გამოცხადდა, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დიპლომატის წინააღმდეგ ზომების მიღების ბრძანება გასცა.
ჟან-ნოელ ბარომ კუშნერი ფრანგი ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარების გამო დაიბარა, რომელიც აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა. დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთი მიიჩნევს, რომ ეს შიდა საქმეებში ჩარევაა.
„ელჩი ჩარლზ კუშნერი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ის არ გამოცხადდა“, – განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ.
დიპლომატიური წყაროს ცნობით, გამოუცხადებლობის გამო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა ამერიკელი დიპლომატის წინააღმდეგ „სანქციების“ დაწესება. მან შეზღუდა კუშნერის პირდაპირი წვდომა საფრანგეთის მთავრობის წევრებთან, თუმცა კუშნერს კვლავ შეეძლება საელჩოში საქმიანობის გაგრძელება და საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადება დიპლომატიური შეხვედრებისთვის, რომლებიც უთანხმოებების მოგვარებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, ჩარლზ კუშნერის ვაჟი, ჯარედ კუშნერი შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილზე, ივანკა ტრამპზეა დაქორწინებული.

