საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის ხუთშაბათს, 15 მაისს სტამბოლში. ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
„ამ შაბათ-კვირას კიევში ჩვენ გავხდით ევროპული ერთიანობისა და ძალის დემონსტრაციის თვითმხილველი, 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ ერთიანი მოწოდებით, შეერთებული შტატების მხარდაჭერით. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოიყენა შესაძლებლობა და გამოთქვა სტამბოლში პირადად ჩასვლის ინიციატივა. ახლა ჩვენ მოვუწოდებთ ვლადიმერ პუტინს, ასევე დათანხმდეს ამას“, – განაცხადა მინისტრმა ლონდონში რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის წინასწარი პირობა უკრაინის საკითხზე ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
„ცხადია, რომ არ იქნება მოლაპარაკებები სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობაზე ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, რადგან შეუძლებელია მშვიდობიანი მოლაპარაკებები ბომბებისა და დრონების თავდასხმის ქვეშ“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
გასული კვირის ბოლოს კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 12 მაისიდან უნდა გამოცხადდეს „ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში“. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.