ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

საპარლამენტო კომიტეტებმა თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს

XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტებმა საორგანიზაციო სხდომები გამართეს, სადაც კომიტეტების დებულებები დაამტკიცეს. კომიტეტების სხდომებზე საკადრო საკითხებზეც იმსჯელეს და კომიტეტების თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები აირჩიეს. კერძოდ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დეპუტატებმა თენგიზ შარმანაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გიორგი ჩაკვეტაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კი ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კომიტეტმა ირაკლი ხელაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ შოთა ხაბარელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ ბოჟაძე, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ალუდა ღუდუშაური აირჩიეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი მარიამ ლაშხი იქნება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მხარი გივი ჭიჭინაძის კანდიდატურას დაუჭირა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ვლადიმერ კახაძე აირჩია.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი ეკა ჭიჭინაძე იქნება.

რაც შეეხება აგრარულ საკითხთა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით შერაზადიშვილი აირჩიეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება

ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდება. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი შეთანხმების დასამტკიცებლად 26 ნოემბერს შეიკრიბება. შეთანხმების ტექსტი დღეს დასრულდა. ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმიამ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არმიამ მიაღწია დასახულ მიზნებს, საზღვრის გასწვრივ „ჰესბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებას და ჩრდილოეთ ისრაელში შეტევის შესაძლებლობის აღმოფხვრას, ასევე „ჰესბოლას“ სარაკეტო არსენალის მკვეთრად შემცირებით. პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ლიბანში დაიბომბა 25 სამიზნე ობიექტი, რომელსაც „ჰესბოლას“ წევრები იყენებდნენ. ისრაელის არმიის სამიზნე გახდა ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიბანის ქალაქ ტვიროსში ისრაელის დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, ლიბანიდან „ჰესბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა გაუშვა, რაც არის ყველაზე დიდი თავდასხმა ომის დაწყების შემდეგ. სარაკეტო შეტევის შედეგად ისრაელში 11 ადამიანი დაშავდა.

გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი

გაერო-ს მონაცემებით, 2023 წელს დაახლოებით 85 ათასი ქალი და გოგონა გახდა ფემიციდის მსხვერპლი. მათგან დაახლოებით 51 000 (60 პროცენტი) პარტნიორებმა ან ოჯახის სხვა წევრებმა განზრახ მოკლეს. როგორც გაერო-ში აცხადებენ, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ოჯახური ძალადობის შედეგად, ყოველ 10 წუთში ერთი ქალი ან გოგონა იღუპება. გაერო-ს მონაცემების მიხედვით, ფემიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, 2023 წელს ევროპაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გავრცელებულ განცხადებაში გაერო გამკაცრებულ კანონმდებლობას და მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის უკეთ შეგროვებას ითხოვს. გაერო-ში ამბობენ, რომ მთავრობებმა მეტი ვალდებულება უნდა აიღონ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე საჭიროა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა და ქალთა მიმართ ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის კულტურის შექმნა.

რობ ბაუერი: ყველაფერი, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ბევრად უფრო დიდი საკითხია, ვიდრე უკრაინა – ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის

ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ბევრად უფრო დიდი საკითხია, ვიდრე უკრაინა და ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის, – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რობ ბაუერმა განაცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოში და ყირიმში შეჭრამ ვაკუმი შექმნა, რადგან დასავლეთმა რუსეთის ქმედებებს არ უპასუხა. „ჩვენ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ უკრაინაში ომი თუ ხვალ დასრულდება, ნებისმიერ ვითარებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნდება, რადგან ეს ბევრად უფრო დიდი გამოწვევის ნაწილია, ეს არის ძალაუფლების გადაბალანსება აშშ-სა და ჩინეთს შორის. ეს ხდება ახლა მსოფლიოში. უკრაინის ომი ერთი მაგალითია, როდესაც პუტინს ეგონა, რომ თავს გაართმევდა აღქმული ვაკუმის გამო, რაც მოხდა 2008 წელს საქართველოში, რაც მოხდა 2014 წელს ყირიმში. უპასუხობა დასავლეთის მხრიდან, სირია – რეალური უპასუხობა დასავლეთიდან, ასე რომ ეგონა, ამას თავს გაართმევდა. ეს იყო კიდევ ერთი მომხდარი ფაქტი. ის ფიქრობდა, რომ ამის გაკეთებას ხუთ დღეში შეძლებდა და ჩვენ არ ვუპასუხებდით. მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. პუტინმა წააგო სტრატეგიულად, რადგან ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას. სურდა რეჟიმის ცვლილება, მარიონეტული სახელმწიფო და შესაბამისად ბუფერული ზონა“, – განაცხადა ბაუერმა. ამასთან, რობ ბაუერის განცხადებით, „ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე უკრაინა“. „ეს ეხება წესებს და შეთანხმებებს რაც გვაქვს მსოფლიოში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ჩვენ უარვყავით ჩვენი დემოკრატიული სისტემის შენარჩუნების საჭიროება და ვიფიქრეთ, რომ ეს იმდენად კარგი სისტემაა, რომ არ სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ შეცდომა დავუშვით. შესაბამისად, ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ იმას, რომ არსებობს ალტერნატივები რიგი ქვეყნებისთვის მსოფლიოში. თუ ვეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს დიდებული სისტემა, გინდათ გასწავლოთ როგორ მუშაობს? ხალხი გიყურებს და გეუბნება, რას ნიშნავს მასწავლი როგორ მუშაობს? საკუთარ თავს შეხედე. აღარ მინდა შენი ფული, უნდა დამემტკიცებინა, როგორ დავხარჯე ყოველი ცენტი, ახლა მე ვიღებ ფულს რუსეთიდან და ჩინეთიდან უფრო მარტივად. ასევე, ჩვენ ახლა ვისმენთ პირველ საჩივრებს რიგი ქვეყნებიდან რუსებზე და ჩინელებზე, რაზეც უნდა ვიფიქროთ. ნატო-სთვის კარი ის არის, რომ არსებობს ლიდერი, ეს აშშ-ია, ევროპაში კი ბევრად რთული ვითარებაა, არ არსებობს ერთი ლიდერი, ამიტომ არის მუდმივი დისკუსია სად წავიდეთ. ეს ევროკავშირში ცხოვრებას ართულებს, რადგან ყოველთვის დისკუსიაა“, – განაცხადა რობ ბაუერმა.

სალომე ზურაბიშვილი – როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია, ძალიან მეცოდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, დღეს ყველაფერი ახალგაზრდების ხელშია. „პირველ რიგში, მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთმანეთის მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ახლა მთავარი მოვალეობაა, ყველა ერთად იდგეს. „ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო, და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით, რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით გადავდგამთ წინ ნაბიჯებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობის თვალსაზრისით ჩვენ გვექნება პროგრესი – გიორგი კახიანი

მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა. „ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული და იმაზე, ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის ნებაზე. მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას. ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით გადავდგამთ წინ ნაბიჯებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობის თვალსაზრისით ჩვენ გვექნება პროგრესი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

ბოლო სიახლეები