პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიაზე მყოფმა გენერლებმა დაადასტურეს, რომ 2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა.
წულუკიანის თქმით, იმდროინდელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ სამხედრო პირების მიერ შეთავაზებული და ცხინვალში ქართული ჯარის მსვლელობაზე პასუხისმგებელი არა თავდაცვის შეიარაღებული ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილიყო. ამის შესახებ თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის ეთერში, რეზო ჭიჭინაძის საავტორო გადაცემაში – “ისტორია დეტალებში” ისაუბრა.
“სამი გენერალი, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, საქმე ეხება ზაზა გოგავას, მამუკა ყურაშვილსა და მამია ბალახაძეს, ეს უკანასკნელი გახლდათ და მიიჩნევა, რომ არის ამ სამ გენერალს შორის ყველაზე მეტად გამოცდილი და კომპეტენტური (სახმელეთო ჯარების სარდალი გახლდათ მაშინ), ისიც და დანარჩენი ორი პირიც, კომისიის წინაშე ფაქტებით აცხადებდა, რომ თათბირზე, რომელიც შედგა ვანო მერაბიშვილის(ის ამ დროს, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო) და კეზერაშვილის (რომელიც ამ დროს, თავდაცვის მინისტრი იყო) ხელმძღვანელობით, სამხედრო პირების მიერ შეთავაზებული და მრავალი წლის განმავლობაში შემუშავებული, გადაკეთებული, ჩამოყალიბებული, გაუმჯობესებული გეგმა იქნა დაწუნებული. მასში იქნა ცვლილებები შეტანილი სწორედ ორი მინისტრის მიერ, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით და სწორედ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ გეგმა შეცვლილიყო და ძირითად მიმართულებაზე, როგორც სამხედროები უწოდებენ ამას, ცხინვალში ქართული ჯარის მსვლელობაზე, პასუხისმგებელი არა თავდაცვის შეიარაღებული ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტრო და კერძოდ, ვანო მერაბიშვილის მოადგილე, შალვა ჯანაშვილი ყოფილიყო. ეს სრულიად გაუგებარი, გაუგონარი რამ არის და ეს დაადასტურეს სამხედროებმაც”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა გადაცემაში სტუმრობისას.
ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 460-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი.