„USAID-ის მკვლელობა არის ყველგან ავტოკრატების გამარჯვება“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, სამანტა პაუერის წერილს, რომელიც ამ თანამდებობას 2021-2025 წლებში იკავებდა.
„ჩვენ აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და ძვირადღირებული საგარეო პოლიტიკური შეცდომის მოწმენი ვართ. დონალდ ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან სამ კვირაზე ნაკლებ დროში, მან, ელონ მასკმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეაჩერეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარების პროგრამები მთელს მსოფლიოში. ამით მათ საფრთხე შეუქმნეს მილიონობით სიცოცხლეს, ათასობით ამერიკულ სამუშაო ადგილს და მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს ამერიკულ მცირე ბიზნესებსა და ფერმებში და ამავე დროს, სერიოზულად ძირი გამოუთხარეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და გლობალურ გავლენას – ეს ყველაფერი მაშინ, როცა ავტორიტარები და ექსტრემისტები თავიანთ წარმატებას ზეიმობენ.
მე შოკირებული ვარ ჩვენი საკუთარი მთავრობის მხრიდან გახარებული თავდასხმით USAID-ის პროგრამების და მათზე მომუშავე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, მაგრამ სააგენტოს ოთხწლიანი მართვის შემდეგ, არ მიკვირს, რომ ამ თავდასხმებს მოსკოვი და პეკინი მიესალმებიან. მათ ესმით, რისი დამალვა სურთ ამერიკელი ხალხისგან მათ, ვინც სააგენტოს დაშლას ცდილობს: USAID გახდა ამერიკის სუპერძალა მსოფლიოში, სადაც არსებობს საფრთხეები, რომლებიც საზღვრებს კვეთს და მზარდი სტრატეგიული კონკურენცია“, – წერს სამანტა პაუერი.
სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ USAID-ის მიერ გაწეული დახმარება, რომელიც მრავალი ფორმისაა და მისი ბიუჯეტი აშშ-ის მთლიანი წლიური ხარჯების ერთ პროცენტზე ნაკლებია, თავისთავად არ არის პანაცეა მსოფლიოს მსხვილი გამოწვევებისთვის. სამანტა პაუერის განცხადებით, როგორც ყველა სამთავრობო უწყება, ის შესაძლოა, ყოფილიყო უფრო ეფექტიანი, რის გაკეთებასაც, მისივე თქმით, ის თავისი უფლებამოსილების შესრულების დროს ცდილობდა. „მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, USAID-ის ინვესტიციები და მუშაობა წარმოადგენდა ძირითად (და ხშირად ერთადერთ) კონტაქტს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნავს სამანტა პაუერი.
USAID-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, სააგენტოს ზოგიერთი ინვესტიცია სიცოცხლის მყისიერ გადარჩენას ითვალისწინებდა – ეს იყო წამლები, რომლებიც მიეწოდა 500 ათასს ბავშვს აივ-ინფექციით ან აშშ-ში წარმოებული საკვები ნივთიერებებით მდიდარი პროდუქტები, რომლებმაც ბავშვებს შიმშილით სიკვდილისგან იხსნა. სამანტა პაუერის თქმით, USAID-ის მიერ 2023 ფისკალურ წელს დახარჯული 38 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 20 მილიარდი დაიხარჯა ჯანდაცვის პროგრამებზე, როგორებიცაა მალარიის, ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა, და ჰუმანიტარულ დახმარებაზე საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში და ომით მოცულ რეგიონებში. მისივე თქმით, USAID-ის სხვა ინვესტიციები ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა უფრო გრძელვადიანი შედეგი აქვს; ეს არის გოგონათა განათლება და ადგილობრივი ეკონომიკების ზრდის ხელშეწყობა.
„სააგენტოს მრავალი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია – მაგალითად, დახმარება თემების აღდგენაში ISIS-ის დამარცხების შემდეგ ან ღარიბი ქვეყნების უნარის გაუმჯობესება, აღკვეთონ სასიკვდილო ინფექციური დაავადებების გავრცელება – უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და ახლა USAID-ი აღარ აკონტროლებს ფრინველის გრიპს 49 ქვეყანაში, როგორც ამას სამი კვირის წინ აკეთებდა; მან შეწყვიტა მუშაობა რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებთან ცენტრალურ ამერიკაში, რათა აღკვეთოს კრიმინალური დაჯგუფების ძალადობა, რაც ხელს უწყობს მიგრაციას; ეს არ წმენდს ვიეტნამში აგენტ „ორანჟით“ მოწამლულ მინდვრებს; ის არ ებრძვის პოლიომიელიტს; ის არ თანამშრომლობს თემებთან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია, მაროკო და ყაზახეთი, რათა შეამციროს მოწყვლადობა რადიკალიზაციის მიმართ. ამ პროგრამების გაუქმების საფასურს – და ამგვარად ამ ზიანს – იგრძნობენ მომავალი თაობები.
რასაკვირველია, სააგენტოს, რომელიც ახლა აღვწერე, არაფერი აქვს საერთო „რადიკალურ მემარცხენეებთან“ და „კრიმინალურ“ ფანტომთან, რომელსაც ბატონი ტრამპი ებრძვის. კონგრესის ფართო ზედამხედველობის გარდა, USAID-ი ზედმიწევნით დოკუმენტურად აღრიცხავდა ონლაინ მის ყველა პროგრამას და ხარჯს. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ იმ კაცების ერთ-ერთი პირველი ქმედება, რომლებსაც განზრახული აქვთ სააგენტოს მოკვლა, USAID-ის ვებგვერდის გათიშვა იყო“, – წერს პაუერი.
გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ სააგენტომ გამოიმუშავა პოლიტიკური კაპიტალის უზარმაზარი მარაგი 100-ზე მეტ ქვეყანაში, რამაც გაზარდა იმის ალბათობა, რომ როდესაც შეერთებული შტატები სერიოზულ თხოვნებს წაუყენებს ამ ქვეყნების ლიდერებს – მაგალითად, გაგზავნონ სამშვიდობოები ომის ზონაში, დაეხმარონ ამერიკულ კომპანიას ახალ ბაზარზე შესვლაში, ან მოახდინონ კრიმინალის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში – ისინი ამას დათანხმდებიან.
„ეს ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ მიესალმებიან ავტოკრატები აშშ-ის მთავრობის შიგნიდან თავდასხმებს USAID-ის მუშაობაზე. USAID-ის ადმინისტრატორად ჩემი მუშაობისას, ჩვენ ვნახეთ ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან სააგენტოზე თავდასხმების მნიშვნელოვანი ზრდა. გასული წლის აპრილში, ჩინეთის მთავრობამ 20-გვერდიანი თავდასხმა გამოაქვეყნა USAID-ის მუშაობაზე, რა დროსაც წამოაყენა მთელი რიგი ცრუ განცხადებებისა იმის შესახებ, თუ როგორ „მოქმედებდა შეერთებული შტატები უგუნურად, ჩაიდინა მრავალი დარღვევა და დანაშაული“. ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო ექვს თვეში ჩვენ დავაფიქსირეთ 80-ზე მეტი უცხოური პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიმართული იყო USAID-ის მუშაობის წინააღმდეგ მსოფლიოს ყველა რეგიონში ადგილობრივ ენებზე”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ დაარსებიდან 60 წლის გამავლობაში USAID-ი კონგრესის ფართო ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობდა, ხოლო დონალდ ტრამპის წინა საპრეზიდენტო ვადის დროს სააგენტოს ბიუჯეტის შემცირების მცდელობები რესპუბლიკელებმა აღკვეთეს.
„ბაიდენის ადმინისტრაციაში ბევრ ჩვენგანს სჯეროდა, რომ ტრამპის გუნდის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს, რომლებმაც დაინახეს, თუ რამდენად გაბედული გახდა ჩინეთი თავისი გლობალური ინვესტიციების და გავლენის გაფართოებაში – და რომლებმაც ისწავლეს მძიმე გაკვეთილი პანდემიიდან, რომ საფრთხეებმა, რომლებიც საზღვრების კვეთენ, შეიძლება, გამოიწვიოს კოლოსალური ზიანი – აღიარებდნენ, რომ USAID გახდა ძირითადი მოთამაშე აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში“, – აღნიშნავს ის.
პაუერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობს, რომ სააგენტოს პროგრამების ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა ადმინისტრაციამ ხუთშაბათს აცნობა თანამშრომლებს, რომ გეგმავს შეინარჩუნოს მხოლოდ 290 თანამშრომელი 14 000-დან მთელს მსოფლიოში.
„USAID-ის ამერიკელი პერსონალი და მათი ოჯახები, რომლებიც მოულოდნელად უკან გაწვეულნი არიან, ბევრად უკეთესს იმსახურებენ. ბევრი მივლენილი იყო მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეგიონებში; 100-ზე მეტი თანამშრომელი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ბატონი რუბიო ამბობს, რომ მან გარკვეული პროგრამების გაგრძელების ნებართვა გასცა, მაგრამ მასობრივი გათავისუფლება ნიშნავს, რომ ეს პროგრამები პარალიზებულია. ბევრი მშიერი და ავადმყოფი ადამიანი, რომლებიც დამოკიდებულნი არიან USAID-ზე, სიკვდილის საფრთხის წინაშე არიან.
ეს სასტიკი და უზომოდ კონტრპროდუქტიული ქმედებები თუ არ შეიცვლება ადმინისტრაციის მიერ – ან კონგრესში რესპუბლიკელები არ შეუერთდებიან დემოკრატებს მათი გაუქმების მცდელობაში – მომავალ თაობებს გაუკვირდებათ, რომ ჩინეთის ქმედებებმა კი არ შეარყია აშშ-ის პოზიცია და გლობალური უსაფრთხოება და გზა გაუხსნა პეკინს, რომ გახდეს არჩევითი პარტნიორი მთელ მსოფლიოში, არამედ, სწორედ ამერიკის პრეზიდენტმა და მილიარდერმა, რომელსაც მან მისცა შესაძლებლობა, ჯერ ესროლა და შემდეგ დაემიზნა, გაანადგურეს ინსტიტუტი, რომელიც ნაკლებად ძვირად ღირებული მაგალითია იმისა, რაც ოდესღაც შეერთებულ შტატებს ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან განასხვავებდა“, – წერს სამანტა პაუერი.