ვგმობ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილის თქმით, ოპონენტების ასეთი დევნა არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, არამედ შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.
„რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში. დღეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა, ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია! ოპონენტების ასეთი დევნა არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, არამედ შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს. სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტურ პარტიას“, „რესპუბლიკურ პარტიას“ ამჟამად თავიანთი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ აქვთ და ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.

