პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

სალომე ზურაბიშვილი – საქართველო ენდობა პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს, მე თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29 დეკემბერს და შემდგომშიც, ახალ არჩევნებამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსლეში წერს.

„საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს! 29-ში და შემდგომშიც – ახალ არჩევნებამდე“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გერმანიის საელჩო საქართველოს შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის მიერ საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტების შეჩერების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები. ამგვარად, ეს არის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას. სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანმშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს. სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახლეობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ანჩისხატის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, დღეს დილით ტაძრის შესასვლელი ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი

ანჩისხატის ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტთან დაკავშირებით ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში წერს. „ანჩისხატის ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ▪️ მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას! ▪️ სამწუხაროდ, დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მიგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის მხარე) ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი. ▪️ ღმერთმა ღირსეულად მოანანიებინოთ ამის ჩამდენთ უფლის ტაძრისა და საკუთარი თავის ასეთი შეურაცხყოფა. ▪️ გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა. ▪️ ანჩისხატის ტაძარი 1520 წელზე მეტია დგას საქართველოს დედაქალაქში როგორც ჩვენი ხალხისა და დედაეკლესიის გამძლეობის, ერთიანობისა და გამარჯვების მეტყველი სიმბოლო. უფლის მადლით ტაძარში ისევ გაგრძელდება ლოცვა საერთო მშვიდობისა და ღვთის წინაშე გამართლებისათვის. ▪️ ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და დედაეკლესია!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. „გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ. ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა. აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და ასევე მიიღებენ საახალწლო სახელფასო დანამატს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

პოლიტიკოსი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი...“,-წერს კატო შინდაგორიძე. ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ. 1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2023 წელს დატოვა.  

ალექსანდრე რაქვიაშვილი: არგუმენტი, “ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს” – ფაქტობრივი ტყუილია, ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან – “თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ,...

"არგუმენტი, რომ „ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს“ - ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან, შინაარსის: „თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ, სხვა შემთხვევაში, ფული დაგერიცხებათ, 26 დეკემბრის შემდეგ“. ასე რომ, ვინმეს, თუ არ უნდოდა ფულის მიღება, ეს მარტივად მიღწევადი იყო." - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "საბიუჯეტო დაფინანსება - არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული, ამიტომ თუ ამ ფულს იღებ, ბუნებრივია, მინიმუმ ამ ნაწილში არჩევნების შედეგს აღიარებ. თუკი მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებ, ხოლო არჩევნების შედეგს პრინციპულად არ აღიარებ, მაშინ არც ამ დაფინანსებას უნდა იღებდე. და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. 2020-ის არჩევნების შემდეგ დეტალურად გვაქვს ეს ყველასთან გარჩეული და მაშინ ნამდვილ ბოიკოტში მარტო ჩვენ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ვიყავით, რადგან მარტო ჩვენ ვთქვით მაშინ ამ დაფინანსებაზე უარი, ხოლო ნაცებმა, სტრატეგიამ, ევსაქებმა, ლელომ - „ფული გვჭირდებაო“. მაშინ არც გვარამია იყო ისტერიკაში და არ ლანძღავდა ნაცებს ამის გამო და არ გვაქებდა ჩვენ, რომ გირჩი თანმიმდევრულია. უბრალოდ, ახლა, ფულის პრობლემა, როგორც ჩანს, არ აქვს, და პრინციპულობანას თამაშობს. არგუმენტი, რომ „ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს“ - ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან, შინაარსის: „თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ, სხვა შემთხვევაში, ფული დაგერიცხებათ, 26 დეკემბრის შემდეგ“. ასე რომ, ვინმეს, თუ არ უნდოდა ფულის მიღება, ეს მარტივად მიღწევადი იყო. არგუმენტი, რომ „ეს ხალხის ფულია“ და „ქოცებმა საკუთარი ხმები გააყალბეს, თორემ ჩვენ ამაზე მეტიც უნდა აგვეღო, ამიტომ ეს ფული ნამდვილად გვეკუთვნის“, სასაცილოც კი არის, რადგან, თუ ეს ხმები ნამდვილად გეკუთვნით, ამ ხმებზე მიბმული ის საპარლამენტო მანდატებიც, ხომ მინიმუმ თქვენია, მათზე მიბმული ხელფასებით და ა.შ. ამ ყველაფერზე მაშინ რატომ ამბობთ უარს? (მეორე მხრივ, როგორც მახსოვს, გვარამიას პარტიის გარდა, არც არავის უთქვამს მანდატებზე უარი, ამიტომ აქ თანმიმდევრულები არიან). თუმცა მთავარი პრობლემა მაინც - პოლიტიკური პროცესის არარსებობაა. არავინ ზის ტელევიზიაში და ამ საკითხს არ არჩევს, არ მიდის დისკუსიები და ამომრჩეველი ხან ერთ სიურპრიზს იღებს, ხან მეორეს. არადა რა პრობლემა იყო, ერთი თვის მანძილზე ეს საკითხი გარჩეულიყო? გარჩეულიყო, დასაშვებია თუ არა ამ დაფინანსების აღება? დასაშვებია თუ არა საკრებულოებში ქოცებთან თანამშრომლობა და თუ კი, როგორ? საერთოდ, აქვს თუ არა მანდატებზე უარის თქმას რაიმე ღირებულება (იგივე გახარია, ხომ არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას და იქნებ მართალია და სხვები ცდებიან, ან პირიქით)? თუ ადრე „არლაპარაკი“ ქოცების ხელწერა იყო, დიდი ხანია ეს „ქარტიის ოპოზიციის“ სტილადაც იქცა, ამიტომ მათ პარტიულ მედიებში დისკუსია და პოლიტიკა კვდარია. ეს არის მთავარი პრობლემა და თუ ამას არ მოვაგვარებთ, და პოლიტიკოსები სულ არასასურველი კითხვებისგან გაქცევის რეჟიმში იქნებიან, არც არაფერი გვეშველება (მიუხედავად იმისა, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება".

ბოლო სიახლეები